ეკა სეფაშვილი: საქართველოს ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია და ჩვენ, ნებისმიერ სხვა ერზე უკეთ ვიცით, რა ტკივილს განიცდის უკრაინელი ხალხი, ამიტომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მათ
ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამჟამად საქართველო ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ და მათი ჯარები საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში და საქართველოს მთავარი მაგისტრალიდან სულ რაღაც 200 მეტრში არიან განლაგებული. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, რუსეთის ფედერაციის ხელში მძევლები არიან და ეს სიტუაცია ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე ქვეყნების ევროინტეგრაციის/ევროპულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების (COSAP)კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, 2008 წელს, რუსეთის შემოჭრისას, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევდა, 2022 წლის შემდეგ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი, საქართველოსთვის, არაფერი შეცვლილა - სეფაშვილის თქმით, ქვეყნის ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია და ქართველებმა ნებისმიერ სხვა ერზე კარგად იციან, თუ რა ტკივილს განიცდის უკრაინელი ხალხი.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ სანქციები ვერ დააწესა, ვინაიდან, ეს საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის სტაბილურობას, საზოგადოების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და ასევე მოიქცა არაერთი სხვა ქვეყანა.
„2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ურჩევდა საქართველოს, შეენარჩუნებინა სიმშვიდე და არ გაეძლიერებინა დაძაბულობა რუსეთთან. რა შეიცვალა 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან ომი დაიწყო? ჩვენთვის არაფერი შეცვლილა - ვგულისხმობ, რომ საქართველოს ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია და ჩვენ, ნებისმიერ სხვა ერზე უკეთ ვიცით, რა ტკივილს განიცდის უკრაინელი ხალხი, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს, იქნებოდა ეს რაიმე განცხადება საერთაშორისო ფორუმებსა და რეზოლუციებში, იქნებოდა ეს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში სარჩელი თუ უკრაინელი ლტოლვილების დახმარება.
ამგვარად, 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს მოსთხოვეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესება და სხვა მსგავსი დესტრუქციული სახის ქმედებები, ჩვენ ვერ შევძელით ამ ქმედებების შესრულება, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ერის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის ყველა წევრი და სხვა ქვეყნებიც აგრძელებდნენ სხვადასხვა სახის ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან, მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, შეეწყვიტათ ასეთი სახის ეკონომიკური თანამშრომლობა. მაგრამ მათი ეს ნაბიჯი მათი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებში იყო. ასევე მოიქცა ჩვენი მთავრობაც, რათა გადაერჩინა ჩვენი სტაბილურობა, უსაფრთხოება და ჩვენი ერის კეთილდღეობა და ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენი ხალხის სიცოცხლეც კი.“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დიალოგის განახლება კარგი იდეა იქნებოდა, ვინაიდან, საქართველოს მნიშნველოვანი როლი ეკისრება არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის, არამედ, სხვა რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დიალოგის ფორმატში დაბრუნება კარგი იდეაა და საჭიროა დემოკრატიული განვითარებისთვის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მშენებლობისა და გაძლიერებისთვის არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ უფრო ფართო ევროპულ რეგიონში, მათ შორის - ბალკანეთის ქვეყნებში. აღსანიშნავია, როკ ამ თვალსაზრისით, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური ეკონომიკური როლი აქვს ამ რეგიონის და სხვა რეგიონების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ვგულისხმობ იმას, რომ ევროპის რეგიონი ცდილობს დივერსიფიკაცია მოახდინოს თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ამ მხრივ საქართველო უკვე წარმოადგენს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველმყოფ მთავარ აქტორს. როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც ელექტროენერგიას ევროპას გადასცემს. ეს ერთ-ერთი კარგი მაგალითია. მეორე კარგი მაგალითია ის, რომ საქართველო წარმოადგენს სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს ევროპის რეგიონს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების, არამედ ბალკანეთის ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვისაც. ეს კავშირი არ არის მხოლოდ ტვირთის ტრანზიტისთვის, არამედ, ეს უზრუნველყოფს მთელი რეგიონის დაკავშირებას ციფრული კაბელებით, სამრეწველო კავშირებით, მეცნიერების განვითარების კავშირებით და ა.შ., რადგან ასეთი კავშირის გარეშე დღევანდელი ქვეყნებისთვის შეუძლებელია განვითარება, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც მიმდინარეობს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და უკვე მზადდება მეხუთე ინდუსტრიული რევოლუცია. ასეთი კავშირი არის გზა, რომელიც ეხმარება ჩვენს ქვეყნებს გადარჩნენ სამყაროში, სადაც გლობალიზაციაა და არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ გაზარდონ ჩვენი მოსახლეობის და ერების კეთილდღეობა. ამ მხრივ, საქართველო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს. პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების თანხვედრა საუკეთესო გამოსავალია იმ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევებისთვის, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ.
ამრიგად, დიალოგი, გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, რომელიც ემსახურება ჩვენი ერების ინტერესებს, საუკეთესო გზაა იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ.
ასე რომ, მინდა ჩემი გამოსვლა ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულო და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს ბალკანეთის ქვეყნებიდან, ასეთი მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო და საინტერესო ფორუმის ორგანიზებისთვის და იმისთვის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველო წარმოდგენილი ყოფილიყო, გაგვეზიარებინა ჩვენი პოზიციები, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი სამომავლო პერსპექტივები და ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას ევროპის რეგიონის ერებთან ერთად.“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.





