ავსარდალა

ავსარდალა

(პოლიტიკური ნოველა)

ცხენის ჭიხვინმა აჰყარა სრულიად საპრეზიდენტო სასახლე, ფეხზე დააყენა მოსამსახურე პერსონალი - მდივანნი, მდივან-მემანქანენი, მდივან-რეფერანტნი, მეჯინიბენნი, მზარეულნი, დამლაგებელნი, მეჭურჭლეთუხუცესნი, პურის მცხობელნი, გულთა მპყრობელნი, ნაზირნი, ვეზირნი, სხვადასხვა ჯურის მრჩეველნი ეზოში გამოფენილიყვნენ და თავების დაკვრით ესალმებოდნენ დედა დედოფალ სალომეს. მეჯინიბემ ხელი უტაცა ოჟებზე, აღვირი გამოუწია და ყალყზე შემდგარი არაბული ულაყი ადგილზე გააქვავა. სალომემ მარჯვენა ფეხით რკალი მოხაზა,  ცალი ხელით უნაგირს დაეყრდნო, უცებ კამარა შეჰკრა და ასფალტზე უვნებლად დახტუნდა. სასახლის ეზო ხშირმა ტაშმა გადააყრუა. დედოფალმა თავი ჩაღუნა, მუხლი ოდნავ მოიდრიკა და თავმოყრილ საზოგადოებას მოახსენა:

- მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის მაიმუნი შავი ყორანი!

- ვინ გაგიბედათ, უკან ვინ მოგჩხავით, დედავ ბატონო? - ჩაეკითხა შუა ხანს გადაცილებული ვეზირი და სალომეს ორიოდ ნაბიჯზე მიუახლოვდა.

- ეგ ნიკოლოზ ბარათაშვილმა აღმოსთქვა, იმას მისდევდა შავი ყორანი! - გამოაცხადა სალომემ და საზოგადოებას თვალი სიამაყით აღვსილმა მოავლო.

- ბატონი ნიკოლოზი თქვენი დიდი ბაბუა იქნებოდა უთუოდ! - შემოჰკრა ტაში საქვეყნოდ ცნობილმა ექსპერტმა.

- არა, მთლად ასეც არ იყო, მაგრამ არც აღარაფერი უკლდა, ,,მაშვინ'' სხვანაირი დრო და ჟამი იდგა, ჩემო გამორჩეულო ექსპერტო, - მიუგო სალომემ და პოლიტიკურ მრჩეველს მიმართა, - რამე ხომ არ მომხდარა, ბატონო ქიბროწ, ქვეყანაში ხომ მშვიდობა სუფევს?

- დიახ, თითქოს მშვიდობა სუფევს, დედავ ბატონო, მაგრამ ეგეთ მშვიდობას რა თავში ვიხლით?! - წამოდგა ორიოდ ნაბიჯით წინ ბატონი ქიბროწი.

- რა იყო, რა ხდება, ისევ გვეწვია რამე უბედურება? - შეცბუნდა სალომე და მეჯინიბეს თვალით ანიშნა, ცხენი წაიყვანეო.

- ამ დილას აზერბაიჯანის ხონთქარი ეწვია ჩვენს ბედკრულ სამშობლოს!

- და მე არაფერი შემატყობინეს ამის თაობაზედ?! - შეცბუნდა სალომე და შეშფოთებისგან ღაწვები შეეფაკლა.

- დიახაც, დედა დედოფალო, პროტოკოლის თანახმად, ხონთქარს ხონთქარი უნდა ხვდებოდეს აეროდრომზე, მაგრამ ეს საქმე ისე მოაკვარახჭინეს, ისე გაასაიდუმლოვეს, ერთი უბრალო ქაღალდიც კი არ გამოგვიგზავნეს!

- ალიევ ხანი თანამდებობით ჩემი ტოლი და სწორია, წესით კი უნდა მოვეკითხე!

- არ მოგიკითხათ, დაგიკიდათ! - უფრო გაახელა პრეზიდენტი ქიბროწმა.

- ეგ ნამდვილად იმ კახელის მოფიქრებული ფანდი იქნება, მას უნდა, წყობილებიდან გამომიყვანოს და რაც კი საქართველოში ღობეებია, სულ გადამაჭყლეტინოს. ეტყობა, მაგან არ იცის, რომ მეც ჯიუტ კახელთა ნაშიერი ვარ!

- დიახაც, ჩვენო მბრძანებელო, თუ ახლა გაუჩუმდით, მომავალში უარესს გაკადრებენ! - დასჭყივლა ფსიქოლოგიურმა მრჩეველმა დიპლიპიტომ.

- მაგას თავი ერეკლე მეორე ხომ არ ჰგონია?! - წამოიჭალყვა მეჭურჭლეთუხუცესი ჭუჭულიკა.

- მა რაააა, ამას წინებზე დაუკვეხნია, მეორე არა, მაგრამ ერეკლე მესამე ნამდვილად გახლავართო! - წამოიბრიქა ნაზირი ტოკლიკა.

- ბატონო ქიბროწ, სადაც წვრილია, იქ გაწყდეს, სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან უნდა გათხარო, ამ წუთასვე მოიმარჯვეთ ბატის ფრთა და მუყაოს გრაგნილზე დასწერეთ: დედა დედოფალი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხონთქარის, ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს გურჯისტანში, - განაცხადა დედოფალმა მტკიცე ტონით.

- აი, აეგრე, ჩვენო მბრძანებელო, აეგრე! - შესძახა ქიბროწმა და ბატის ფრთა მოიმარჯვა.

- ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, საზოგადოებას აცნობო, რომ დედოფალი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის სტუმრობის შესახებ და ამიტომაც ვერ შედგა შეხვედრა. დედოფალი სალომე კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს. ჰა, როგორია?! - იკითხა სალომემ და შეკრებილ საზოგადოებას გამომცდელი გამომეტყველებით გადახედა.

- გენიალურია! - დასცხო ტაში ჭუჭულიკამ.

- ბოლო წინადადება ხომ არ გავაუქმოთ? - იკითხა ტოკლიკამ.

- ვითომ რათაო?! - გაღიზიანდა სალომე.

- გამოდის, თქვენ ხელახლა იწვევთ ხონთქარ ალიევს, რაკი თქვენი ჩამოსვლა დამიმალეს, რაკი მცხეთაში არ დამპატიჟეს, შუა გზიდან მობრუნდით, ან ამ კვირის ბოლოს ჩამოდით, ახლა მე უნდა გიმასპინძლოთო, - წარმოთქვა დამაჯერებელი ტონით ტოკლიკამ.

- რაღა დაგიმალოთ, ჩემო მშობელო ხალხო და... ეს კაცი პუტინის მონა მგონია! - გაიშვირა თითი სალომემ ტოკლიკასკენ.

- ჰი, ჰი, ჰი, მონაა, მა რა არი?! - ჩაიქირქილა ქიბროწამ და მზერა ერთ-ერთი ღრუბლის ქულაზე შეაჩერა.

- მე ვარ პუტინის მონა? - ჩაილაპარაკა ტოკლიკამ და თავი ჩაღუნა.

- დიახ, ჯერ ბიძინა ივანიშვილის მონა და შემდეგ შესაბამისად პუტინისაც, მე ვის როდის ვუმსპინძლებ, უკეთესად ვიცი და აზერბაიჯანის ხონთქარს რეებს მივწერ, ეგ კიდე ჩემი კონსტიტუციაში ჩაწერილი პრეროგატივაა, გასაგებია?! - მიუგო სალომემ.

- დიახ, გასაგებია, მაპატიეთ, ჩვენო მბრძანებელო, მე კარგების თქმა მინდოდა და ცუდები გამოვიდა, - მოიხარა წელში ტოკლიკა.

- გაპატიო კი არა, გასცი, გამეცალე, თვალით აღარ დამენახო, სადმე რომც გადამეყარო, გზის მეორე მხარეს გადადი და დაიმალე, - არ დათმო დედოფალმა.

ტოკლიკა მოხსნეს, ტოკლიკა გააგდეს, დაითხოვეს, გადააყენეს - აჩურჩულდნენ სასახლის ეზოში შეკრებილნი. სალომემ ბრძანა, ეგ უსტარი მედიასაშუალებებს გაუგზავნეთ, რათა მთელმა მსოფლიომ შეიტყოს, რანაირი რუსული მთავრობა ჰყავს გურჯისტანსო. ჰო, რუსული, აბა, როგორიო? აჩურჩულდნენ ისევ ეზოში შეკრებილნი.

სალომე სასახლეში შევიდა, ირგვლივ არც მიუხედ-მოუხედავს, პირდაპირ ,,სპალნაში'' შევიდა და ეგრევე ძვირადღირებულ ,,კრაოტზე'' დაემხო. ახლა დიდი სიამოვნებით დალევდა, დარდსა და სიბრაზეს ასე გაიქარვებდა, მაგრამ ,,მაშვინ'' მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა გადაედო თავის სეხნია სამადაშვილთან და იმასთან კიდე... რა ჰქვია? ვეღარ გაიხსენა, ფიზიონომიაზე რომ შეხედოს, გაახსენდება, შავია და სულ ლაპარაკობს... კი არ ლაპარაკობს, ყბედობს, ამასწინებზე ხარაგაულში სცემეს. განა ამას ეპიტნავება ამდენი სტუმრიანობა და გაცილებები? იქ, ზემოთ უთხრეს, დაასრულეთო და ესეც ცდილობს, რა ქნას, ბოლო-ბოლო, რაღაცა ხომ უნდა გააკეთოს? ჰო, პოლარიზაცია უნდა დაასრულოს... ეგე, თვითონ ხომ დაასრულა სამადაშვილთან პოლარიზაცია? ხომ შეურიგდა? შეიყუჟებიან ხოლმე სამზარეულოში და ყლურწავენ შოტლანდიურ ვისკსა, რაღა დროს დაპირისპირებაა, როცა გარეთ 21-ე საუკუნეა? ეწყინა, კახელებისგან ყველაფერს ელოდა, მაგრამ ეგეთ რამეს მაინც არა, ამსიგრძე კაცი ჩამოვიდა, გაისარჯა, ოფლი დაღვარა, მსოფლიო მნიშვნელობის გზავნილები ჩამოიტანა და ეს კიდე ტყეში დააჭენებდა. არა, ჭენაობაც საჭიროა, მთავარსარდალი რის მთავარსარდალია, ყოველ დილით საკუთარ მამულს თუ არ გაჰხედა, დაზვერა, რაღაც ტერიტორიას არ შემოურბინა და ცვრიან ბალახსაც ფეხი არ დაადგა?

დედა დედოფალი კაკუნმა გამოიყვანა ავი ზმანებიდან, იგი უკვე მზად იყო, შური ეძიებინა, მაგრამ როგორ, რანაირად? ჯერ იყო და ელჩების დანიშვნები დაიწყეს დაუკითხავად, შეუთანხმებლად, ახლა კიდე ესა. მოახლემ ოდნავ გამოღებული კარის ღრიჭოში შემოყო თავი, სალომეს აცნობა, დავითი გახლავთ მოსული, უსუფაშვილიო. შემოუშვითო, ანიშნა თითით სალომემ და მაგიდას მიუჯდა. დავითი შემოუშვეს.

- მოგესალმებით, საქართველოს დიდო სარდალო! - მიესალმა იგი დედა დედოფალს.

სარდალი წამოდგა, დავითს ხელი გაუწოდა, მაგიდასთან მიიწვია. მერე მაგიდის ქვემოდან წითელ ღილაკს თითი მიაჭირა, მდივანთუხუცესი გამოიძახა, ჩაი და ვისკი მოგვიტანე, მე და დავითმა უნდა ვყლურწოთო. ჰო, კიდევ ისა, ქვემოთ მარანში კახეთიდან ჩამოტანილი თოთლოპინა კარალიოკები ალაგია, ეგეც ამოგვიტანე, სტუმარს მშობლიური ხილი ესიამოვნებაო. დავითი ეგრევე გადავიდა საქმეზე:

- დიდო სარდალო, ხედავთ, რა გიყვეს?!

- ჰო, ვხედავ, - ჩაჰკიდა თავი სალომემ.

- ესენი უნდა მოვიშოროთ!

- როგორ?

- როგორ და... მამუკა ხაზარაძე უნდა განადიდოთ!

- რანაირად?

- ილია ჭავჭავაძედ უნდა შერაცხოთ... წვერს მოუშვებს და ჯოხსაც დაიჭერს, კიდევ რა არის საჭირო? ბანკირი ქე არის და!

- სხვათაშორის, მაგაზე მეც მიფიქრია, - გამოცოცხლდა სალომე.

- აი, ტყუილად არ მოვსულვარ! - აღტყინდა ისედაც აღტყინებული დავითი და თოთლოპინა კარალიოკი გაწუწნა.

- როცა ამათ გავყრით, თინას დავნიშნავ თავდაცვის მინისტრად, - თქვა მკაცრი ტონით სალომემ და ვისკი გადაყლურწა.

- ეგ აუცილებელია, რათა ბოლომდე მიიყვანოს ჩვენი ჯარების რეფორმა.

სალომესა და დავითს შორის გულთბილი ჭუკჭუკი კარგახანს გაგრძელდა - მათ ალალი გულებით დასახეს სამომავლო გეგმები და დათქვეს მომავალი შეხვედრის დღე. დავითი სალომეს დაპირდა, შემდეგ შეხვედრაზე თინიკოსთან ერთად მოვალო. ამან უთხრა, პრობლემა არ არიო და ეს ყველაფერი ,,ბლოკნოტში'' ჩაინიშნა, თან იქვე მიაწერა: ,,სადაც უნდა გათხარო, ყველგან უნდა გათხარო, ამას არ გაპატიებთ''!

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა გელა ზედელაშვილმა