თსსუ-ში საერთაშორისო ორდღიანი კონფერენცია „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“ გაიხსნა

თსსუ-ში საერთაშორისო ორდღიანი კონფერენცია „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“ გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“. 14 ნოემბერს, ფორუმმა ერთ სივრცეში გააერთიანა ქართველი და უცხოელი ექსპერტები, პროფესორები და ექიმები მსოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან და აკადემიური ცენტრებიდან. საერთაშორისო ფორუმის გახსნას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზანია გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის სფეროში თანამედროვე მიდგომების, ინოვაციური პრაქტიკული მიდგომებისა და სამეცნიერო მიღწევების გაცვლა, მათ შორის ისეთი მიმართულებების, რომლებიც პაციენტთა სიცოცხლის გადარჩენის პროცესში ყოველდღიურად გადამწყვეტ როლს ასრულებს.

კონფერენცია გახსნეს საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა: თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა და თსსუ-ის კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ. როგორც საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, გადაუდებელი მედიცინა დგას იმ წერტილში, სადაც თითოეულ წამს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. ამისთვის კი აუცილებელია საერთაშორსო ცოდნის გაზიარება. 

„პირველად ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა კრიტიკული მედიცინის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი-პროფესორი, ჟან-ლუი ვინსენტი.

მიზნად გვაქვს მასთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებში განხორციელდება ახალგაზრდა ექიმების გაცვლა, სადოქტორო პროგრამების მხარდაჭერა და ახალი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა“, - განაცხადა პროფესორმა, ლევან რატიანმა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა თსსუ-ის რექტორი პროფესორი ირაკლი ნატროშვილი. მან  ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გადაუდებელი მედიცინის განვითარებასა და მის სისტემურ მნიშვნელობაზე. 

„ინტენსიური თერაპია არის დარგი, სადაც მედიცინის ყველა მიმართულების წარმომადგენელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამგვარ კონფერენციებს, რომლებიც ხელს უწყობს როგორც დარგის, ისე მთლიანად მედიცინის განვითარებას. სწორედ ასეთი ფორუმები აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს,“ - აღნიშნა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

„მინდა განსაკუთრებულად გამოვყო კონფერენციის ფორმატი-ეს მართლაც უმაღლესი დონის ღონისძიებაა, გამორჩეული ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოებიდან.

ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, როგორც ქართველი ექიმებისთვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის, რადგან პრაქტიკული გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, პროცესში აკადემიური ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და მაღალ შეფასებას იმსახურებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კონფერენცია ორდღიანია და მოიცავს სამ თემატურ სესიას, პრაქტიკულ მასტერკლასებს და პანელურ დისკუსიებს. შეხვედრაზე განიხილავენ კრიტიკული მედიცინის მიმართულებებს: სეფსისი, რესპირაციული უკმარისობის მართვა, თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიები და ინოვაციური თერაპიული მიდგომები.

დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფერენციის პრეზიდენტის, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორის, ბარონი ჟან-ლუი ვინსენტის გამოსვლას. პროფესორმა წარმოადგინა ორი მნიშვნელოვანი მოხსენება: „როგორ ვმართოთ მწვავე რესპირაციული სინდრომი მომავალში?“ და „როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი სეფსისის მართვას?“. 

ამავე დღეს, თსსუ-მ ვიზიტორი პროფესორის სტატუსი მიანიჭა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს, პროფესორ ჟან-ლუის ვინსენტს და  ეპსომისა და სენტ-ჰელიერის საუნივერსიტეტო კლინიკების (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) კლინიკურ დირექტორს, პროფესორ მარკ სატონ-სმიტს. 

საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება. ღონისძიების მეორე ნაწილი 15 ნოემბერს, 10:00 საათიდან გაიხსნება და  დღის ბოლოს პანელური დისკუსიით დაიხურება.