გაპარტახებული უკრაინა, გაკეთებული რუსეთი!

გაპარტახებული უკრაინა, გაკეთებული რუსეთი!

გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორთან, თორნიკე ზედელაშვილთან, რომელიც ეხება ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას. ასევე ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრას თეთრ სახლში, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია, თორნიკე ზედელაშვილთან ჩვენ განვიხილავთ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ შეხვედრებს.

- ბატონო თორნიკე, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაზე საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორ შეაფასებთ ამ შეხვედრას?

- ეს იყო სიმბოლურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს დახვდა არა როგორც მოწინააღმდეგეს, არამედ როგორც „ძველ მეგობარს“. ეს იყო შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკურ სფეროში უწოდებენ „VIP მიღებას“ - წითელი ხალიჩა, ჯარის მისალმება, B-2 ტიპის ბომბდამშენები, რომლებიც ცის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და რაც მთავარია, პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რაც პუტინს დიდი ხანია არ ჰქონია დასავლეთში. ეს ყველაფერი შეიძლება შევაფასოთ როგორც რუსეთის გამარჯვება, პუტინმა შეძლო საკუთარი პოზიციების გაძლიერება გლობალურ ასპარეზზე, მიუხედავად იმისა, რომ ომი უკრაინაში კვლავ გრძელდება.

- რას იტყვით უკრაინის მდგომარეობაზე? თვითონაც ამბობთ, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება.

- უკრაინა დგას ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე. რუსეთის სამხედრო მანქანა კვლავ აგრძელებს შეტევებს, განსაკუთრებით დონბასისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. თუ ომი არ შეჩერდება, უკრაინის ეკონომიკა, დემოგრაფია და ტერიტორიული მთლიანობა კიდევ უფრო დაზიანდება. ამავდროულად, ევროკავშირი, რომელიც უკრაინის მთავარი მხარდამჭერია, თავადაც ზეწოლის ქვეშაა - მაგალითად, ენერგეტიკული კრიზისი, მიგრაცია და შიდა პოლიტიკური დაძაბულობა.

- როგორ შეაფასებთ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას, რა გამოიკვეთა ამ შეხვედრის დროს?

- ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა შეგვიძლია რამდენიმე სიტყვითაც შევაფასოთ - იგი ფორმალურად „მშვიდი“ იყო, მაგრამ რეალურად ტრამპმა ზელენსკი და ევროპის ლიდერები არაერთხელ დაამცირა. ჯერ იყო ხუმრობა ზელენსკის კოსტუმზე, შემდეგ დაგვიანება შეხვედრაზე, რაც დიპლომატიურ ენაზე უპატივცემულობას ნიშნავს. ტრამპმა ასევე არაერთხელ მიანიშნა, რომ ომზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს ეკისრება, თითქოს აშშ მხოლოდ „დამხმარეს“ როლშია. რეალურად ეს არის ტრამპის სტრატეგია - უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა დააკისროს მთლიანად ევროპას, იგი არც მალავს, რომ ეს ომი არის ევროპელი მაღალჩინოსნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კისერზე, მას არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული, რომ ის თუ იქნებოდა პრეზიდენტი, ომი არ დაიწყებოდა, ის ცდილობს, ამით შეამციროს ამერიკის ფინანსური და სამხედრო ჩართულობა.

- როგორ აფასებთ ტრამპის გრძელვადიან მიზნებს?

- ტრამპი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს კაცად, რომელიც არის გლობალური მშვიდობის ნომერ პირველი ადამიანი, მაგრამ მისი მიდგომა რეალურად უფრო გარიგებაზეა ორიენტირებული. ის ცდილობს, შეთანხმება შედგეს ისე, რომ აშშ ნაკლებად იყოს ჩართული, ხოლო ევროკავშირის ქვეყნები მეტად. მან პირველ საპრეზიდენტო ვადაშივე განაცხადა, რომ აშშ აღარ უნდა იყოს მსოფლიო პოლიციელის როლში, ანუ არ უნდა იყოს ის ქვეყანა, რომელსაც გლობალურად ექნება ყველა კონფლიქტზე პასუხისმგებლობა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მიდგომა სერიოზულ საფრთხეს უქმნის დასავლურ ერთობას და უკრაინის უსაფრთხოებას. მოგეხსენებათ, ნატო, რომელიც არის ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების ერთგვარი ქოლგა დიდი პროცენტით ფინანსდება აშშ-დან, ამასთან დაკავშირებით კი ტრამპის პოზიცია ცნობილია, მას უნდა გადასახადის შემცირება და ცდილობს, დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებს დააკისროს.

- როგორ აისახება ტრამპის დამოკიდებულება ევროპის ლიდერების მიმართ დასავლურ ერთობაზე?

- ტრამპის დამოკიდებულება, რომელიც ხშირად ირონიული, დამამცირებელი და არაპროგნოზირებადია, სერიოზულად აზიანებს დასავლურ ერთობას. როდესაც ლიდერი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, საჯაროდ ამცირებს ზელენსკის, ან აგვიანებს შეხვედრებზე ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ეს არა მხოლოდ დიპლომატიური უხერხულობაა, არამედ სიგნალია, რომ დასავლური კოალიცია არ არის ერთიანი. ეს პუტინისთვის არის შესაძლებლობა, ის, რა თქმა უნდა, ხედავს ბზარებს დასავლურ კედელში და ცდილობს, უფრო მეტი ნაპრალი გააჩინოს. ტრამპის სტილი, რომელიც ხშირად „შოუმენის“ ხასიათს ატარებს, რეალურად რისკებს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

- როგორ აფასებთ რუსეთის ძლიერ მხარეებს ამ კონფლიქტში და როგორ იყენებს პუტინი მათ გეოპოლიტიკური უპირატესობისთვის?

- რუსეთის მთავარი სიძლიერე არის მისი ენერგორესურსები და სამხედრო სტრატეგიული გამძლეობა. ჩვენ მოგვწონს ეს თუ არა, პუტინი ოსტატურად იყენებს გაზისა და ნავთობის ექსპორტს, როგორც პოლიტიკურ ბერკეტს, განსაკუთრებით ევროპის მიმართ. ამავდროულად, რუსეთი ახორციელებს საინფორმაციო ომს, კიბერშეტევებს და დიპლომატიურ მანევრებს, რაც მას საშუალებას აძლევს, გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე, არამედ დასავლურ დემოკრატიებზე. პუტინის სტრატეგია არ არის მხოლოდ სამხედრო, ის არის კომპლექსური, მრავალშრიანი და გრძელვადიანი.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ომი არ შეჩერდება?

- უკრაინისთვის ეს იქნება კატასტროფა, შეიძლება დაკარგოს კიდევ უფრო მეტი ტერიტორია, ხოლო ევროკავშირმა სტაბილურობა. ეკონომიკური ზარალი, მიგრაციული ტალღები, ენერგეტიკული დეფიციტი, ეს ყველაფერი ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით. ამავდროულად, რუსეთი, თავისი სტრატეგიული სიმტკიცით და ენერგორესურსებით კვლავ შეძლებს გავლენის შენარჩუნებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან მის გაზზე და ნავთობზე.

- და ბოლოს, როგორია თქვენი პროგნოზი?

- თუ ევროკავშირი არ გაერთიანდება და მკაფიოდ არ განსაზღვრავს თავის პოზიციას, მხოლოდ სანქციების დაწესებით რუსეთის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება. სანქციები რეალურად არ მუშაობს. საქართველოზე ზეწოლაც კი სასაცილო გახდა, რომელიც ასევე არანაირ შედეგს არ იძლევა. სერიუზოულად თუ არ მოეკიდება ევროკავშირი და არ განსაზღვრავს თავის პოზიციებს, არ ჩამოყალიბდება, საით მიდის ის და რა უნდა, ამ შემთხვევაში ტრამპი და პუტინი შეძლებენ უკრაინის საკითხის ისე გადაწყვეტას, რომ უკრაინის ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული. ეს იქნება არა მშვიდობა, არამედ გაყინული კონფლიქტი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისევ აფეთქდეს.