ეკა სეფაშვილი: ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გამჭვირვალობის სტრატეგია შეიმუშავა და განახორციელა - დარწმუნებული ვარ, ეს მათთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად დარჩება
„ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამინისტროა. გასულ წლებში საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 10%-მდე მოდიოდა კაპიტალურ ხარჯებზე, რაც საჭირო იყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.
ეკა სეფაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გამჭვირვალობის სტრატეგია შეიმუშავა და დარწმუნებულია, რომ ის უწყებისთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად დარჩება.
„ბატონ რეზო, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ასეთი დაწვრილებითი ინფორმაციის მოწოდებისთვის. ცოტა რთული მოსასმენი იყო ამდენი ინფორმაცია ერთბაშად, მაგრამ ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო მსმენელისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, დეპუტატებისთვის, განსაკუთრებით, დელეგატებისთვის, რომლებსაც ადგილზე ხალხთან აქვთ ურთიერთობა და რომლებსაც ამ პრობლემებთან უწევთ გამკლავება.
ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამინისტროა. გასულ წლებში საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 10%-მდე მოდიოდა კაპიტალურ ხარჯებზე, რაც საჭირო იყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ეს ქმნის ძალიან მყარ საფუძველს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა განვითარდეს იმ ტემპებითა და ხარისხით, რასაც ვისურვებდით. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს, თუმცა მონდომება საქმეს არ უნდა დავაკლოთ და გაუმჯობესებაზეც ვიფიქროთ.
ინფრასტრუქტურული პროექტები იმით ხასიათდება, რომ რამდენიც არ უნდა გავაკეთოთ, ავაშენოთ, გავარემონტოთ, ყოველთვის იქნება ისეთი შენობა, გზა ან დაწესებულება, რომელიც კიდევ და კიდევ საჭიროებს რემონტს. ეს არის მუდმივი პროცესი და ასეც უნდა იყოს. რამდენიმე წლის წინ გარემონტებული ხელმეორედ უნდა გავარემონტოთ, ხელი შევუწყოთ ახალი სტანდარტების დანერგვას, რომ ინფრასტრუქტურა წესიერად და კარგად მოემსახუროს იმ ფუნქციას, რაც მისთვის არის გათვალისწინებული.
მისასალმებელია, რომ ამდენი კითხვა დაისვა. ვიცით განვითარებული მოვლენების შესახებაც - არის სხვადასხვა კითხვის ნიშნები სამინისტროს მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევას თვალი ღირსეულად გავუსწოროთ და კი არ დავემალოთ ამ პრობლემებს, არამედ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ამ პრობლემებზე საუბარი, საჯაროდ, გახსნილად, ღიად ვისაუბროთ და მათი გადაჭრის გზები დავსახოთ. ვფიქრობ, ეს არის ის სწორი პოლიტიკა, რაც ამ მიმართულებით შეგვიძლია განვახორციელოთ.
რამდენიმე წლის წინ ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში ვმუშაობდი მინისტრის მოადგილედ და ძალიან კარგად ვიცი იმ პრობლემების შესახებ, რაც სამინისტროს წინაშე დგას. ხშირ შემთხვევაში გარედან ისე ჩანს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას არაფერი არ უნდა და ისმის კითხვები - რატომ არ აგვარებს სამინისტრო, რატომ იწელება დროში ასეთი პროექტებიო? ვიცი, რომ ეს ძალიან შრომატევადი, რესურსტევადი საქმეა და შეიძლება სურვილი ძალიან დიდი გვქონდეს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე გავაკეთოთ, მაგრამ საჭიროა დრო და ყველა პროცედურის დაცვა.
მოვუწოდებდი თქვენს სამინისტროს, რომ გააძლიეროს კონტროლი ხარისხის გაზრდის მიმართულებით. ვიცი, რომ სამინისტროში ამ მიმართულებით მექანიზმები დანერგილია და მოგიწოდებთ, რომ მეტი ძალისხმევა გამოიჩინოთ ამ მექანიზმების სრულყოფისათვის. ასევე, გავითვალისწინოთ ევროკავშირისა და სხვა მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, რომელიც ხარისხის კონტროლისა და გამჭვირვალობის მიმართულებით არსებობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გამჭვირვალობის სტრატეგია შეიმუშავა და განახორციელა. დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტროს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას აქვს იმის რესურსი და ძალა, რომ გამჭვირვალობა და ხარისხი სამინისტროს საქმიანობაში მთავარ პრიორიტეტებად დააყენოს.
სამინისტროს აღსასრულებელ ამოცანებში გასაკეთებელი საქმეების უამრავი ნუსხა არსებობს. დარწმუნებული ვარ, სამინისტრო ყველა ღონეს იხმარს, რომ ეს პროექტები შეასრულოს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს შეეფერება.
ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს ხალხის ჩართულობა. პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის საკითხში ხალხის ჩართულობა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კარგი იქნება, რომ სამინისტრომ გადადგას. როცა ხალხს აქვს მეტი ინფორმაცია, მეტადაც შეუძლია ჩაერთოს ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასა და მოვლა-პატრონობაში.
წარმატებას ვუსურვებ თქვენს სამინისტროს, ჩვენს ქვეყანას და იმედი მაქვს, რომ თქვენი სამინისტროს წარმატება გარდაიქმნება და გადაითარგმნება საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერებულ ეკონომიკურ ზრდაში“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.






