თამაზ ჭეიშვილი: დიდი ხნის წინ დაკარგული წიგნი ვიპოვე!
ეს წიგნი - ,,ხუთი ოლიმპიელი'' ჩემი ავტორობით გამოსცა გამომცემლობა ,,ნაკადულმა''.
ქეთევან ლოსაბერიძე, მიხეილ ქორქია, ლევან თედიაშვილი, ვიქტორ სანეევი, ზურაბ საკანდელიძე მაშინ ცოცხლები იყვნენ, ყველა მათგანს შევხვდი, გავესაუბრე და ისეთი ამბები მიამბეს იმ შორეულ 1984 წელს საკუთარი ცხოვრებიდან, ალბათ ახლობლებმაც არ იციან.
მაშინ ,,ხუთი ოლიმპიელი'' 20 000 ტირაჟით დაიბეჭდა და სწრაფად გაიყიდა(15 კაპიკი ღირდა).
იმ დროს საბჭოთა წყობილება გახლდათ და ქართველებისთვის ,,ოდნავ იყო გაღებული ,,ნაკრებების კარი. უპირატესობას რუს სპორტსმენებს ანიჭებდნენ. ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყო არარუსი ეროვნების სპორტსმენი, რომ საბჭოეთის ნაკრებში მიეწვიათ.
1984 წლის შემდეგ, წარმოიდგინეთ, რა დრო გავიდა. სამწუხაროდ ეს წიგნი იმთავითვე დავკარგე! ერთი ეკზემპლარიც არ დამრჩა. მე და ლენამ ბევრი ვეძებეთ, მაგრამ უშედეგოთ.
და აი, ერთი კვირის წინ, ლენა ძველ ხელნაწერებს და გაყვითლებულ ქაღალდებს ახარისხებდა, როცა ამ წიგნს წააწყდა. ისე გამიხარდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი საყვარელი ადამიანი დამიბრუნდა.
როცა ამის შესახებ გაიგო გამომცემლობა,,ივერიონის'' მთავარმა რედაქტორმა ზაურ ნაჭყებიამ, შემომთავაზა, მოდი, გამოვცეთ, ამ წიგნს ახლა უფრო მეტი მნიშნელობა აქვს, როცა წიგნის ხუთივე სასახელო გმირი ცოცხალი აღარ არისო.
წიგნი უკვე სტამბაშია და ალბათ მალე გამოსცემს ბატონი ზაური!