თორნიკე ზედელაშვილი: ქვეყნის შთანთქმის იდეის წამოყენება არა მხოლოდ დაუშვებელია, არამედ აბსურდულიც

თორნიკე ზედელაშვილი: ქვეყნის შთანთქმის იდეის წამოყენება არა მხოლოდ დაუშვებელია, არამედ აბსურდულიც

თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი):

მაია სანდუს განცხადება მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანების შესახებ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს ის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასამყარებლად ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხის დაყენებას. მოლდოვა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს საკუთარი კონსტიტუცია, საერთაშორისო აღიარება და ჰყავს მრავალეთნიკური მოსახლეობა. ამ რეალობის იგნორირება და ქვეყნის შთანთქმის იდეის წამოყენება არა მხოლოდ დაუშვებელია, არამედ აბსურდულიც.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ამტკიცებს, რომ გაერთიანება თითქოს დემოკრატიის დაცვის გზაა, მაგრამ დემოკრატია არ არის დამოკიდებული ქვეყნის ზომაზე ან მის სხვა სახელმწიფოსთან შერწყმაზე. დემოკრატია შენდება ძლიერი ინსტიტუტებით, კანონის უზენაესობით და საზოგადოების ჩართულობით. პატარა სახელმწიფოები, როგორიცაა სინგაპური ან ლუქსემბურგი, ამის ნათელი მაგალითია. 

გარდა ამისა, მოლდოვის მოსახლეობა მრავალფეროვანია (რუსულენოვანი, უკრაინელი და სხვა თემები ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ), შესაბამისად, მათი ინტერესების უგულებელყოფა და ერთმხრივი გაერთიანების პროექტის წამოწყება მხოლოდ დაპირისპირებას და შიდა კრიზისს გამოიწვევს. თავად სანდუ აღიარებს, რომ ამ იდეას მოსახლეობაში შეზღუდული მხარდაჭერა აქვს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის რეალურ მიუღებლობას.

საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისითაც, ასეთი ნაბიჯი ითხოვს არა მხოლოდ შიდა რეფერენდუმს, არამედ საერთაშორისო შეთანხმებებს, რაც ევროკავშირისა და ნატოს კონტექსტში კიდევ უფრო რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელიც. ამ ფონზე სანდუს ორმაგი მოქალაქეობა - როგორც მოლდოვის, ისე რუმინეთის - აშკარად აჩენს კითხვებს მისი პირადი ინტერესების შესახებ.

მოლდოვის მომავალი უნდა აშენდეს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ქვეყნის პრობლემების პასუხი ვერ იქნება საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. სანდუს განცხადება არის პოლიტიკური მანევრი, რომელიც რეალობას არ ემყარება და ქვეყნის ინტერესებს საფრთხეს უქმნის.