უხმლო ლაშქარი

უხმლო ლაშქარი

(9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას)

ვაიმე, ჩემო უხმლო ლაშქარო,
სად მიხვალ, საით მიეხეტები.
ანგელოზებო , ფრთები გაშალეთ, 
რომ დაიფაროთ უხმლო მხედრები.
ვის სთხოვ შველას და ვის ვთხოვ სამართალს, 
როცა მგლებივით ირგვლივ გაივლიან.
ჰაი, დედასა, ხმალი წაგართვეს, უხმლოსთან ბრძოლა კი ადვილია.
ო, უფარშუბნო ჩემო გმირებო,
ბედთან შებმულო შიშველ ბრჭყალებით. 
დალეწილებო, დაჩეხილებო, 
სად მიხვალთ, საით მიეჩქარებით.
უხმლო ლაშქრის მიკვირს 
ლაშქრული, 
უხმლო მხედრების გრგვინვას მხედრული,
არა ძაბუნი, არა ლაჩრული, 
არამედ ხაფი და გაბედული.
უხმლო ხმლიანსაც დასცემს, დაჯაბნის,
თუკი სამშობლოს იცავს ღირსებას.
გულო, ნაღვაწო, მკლავო, ნაჯაფო,
რა დიადია ეს განრისხება.
ვიგლოვოთ, მაგრამ ისე ვიგლოვოთ, 
არ ჰგავდეს იგი სულის დაცემას. 
დიახ, ეს იყო ჩვენი დიდგორი, 
არვის ეგონოს ეს დამარცხება.
მოვა, მოგვნახავს კვლავაც დიდება
და მოგვიშუშებს უმძაფრეს ტკივილს.
ქაშუეთს ზემოთ ტბა დგას ტიტების, 
მე ტბის ნაპირას ვზივარ და ვტირი: 
ჰაი დედასა უხმლო ლაშქარო.....

ვახტანგ ხარჩილავა 
1989 წელი, 10 აპრილი