ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდ ლარს შეადგენს

ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდ ლარს შეადგენს

ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდ ლარს შეადგენს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030" პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ერთ- ერთი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო მეტად თვით უზრუნველყოფილი გახდეს.

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე მუშაობა. მთავრობამ დაასრულა უკვე პირველად დოკუმენტზე სამუშაოები და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ თემატურ განხილვებს. დღეს წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ძირითად დეტალებს. ამ პრეზენტაციას ჩაატარებს ბატონი ლევან დავითაშვილი. მე მინდა მას და მის გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. მათ დეტალურად წარმოადგინეს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა. მე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. ამის გარდა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს. შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება უფრო მეტად ინკლუზიური. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება, ჩვენი მოქალაქეების მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას, გაძლიერებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ერთ- ერთი მთავარი ამოცანა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მეტად თვით უზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს. ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას, მეტ ინკლუზიურობას. მე მინდა ლევან დავითაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ის არის ძალიან კვალიფიციური, მაღალი პროფესიონალის მენეჯერი და მინდა მას და მის გუნდს წარმატება ვუსურვო",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა დაიწყება, რომლის ღირებულება 50 მილიონი ლარი იქნება.
„პროგრამის ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან 50 მილიონი ლარი იქნება. ეს მოგვცემს საშუალებას, მასში ჩაერთოს ჩვენი რამდენიმე ათასი თანამოქალაქე და ფერმერი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამას დაახლოებით 6 ათასამდე ბენეფიციარი ეყოლება და თითო სოფელზე საშუალო გადანაწილებით 2 ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მაინც გაჩნდება. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მოვახდენთ დაახლოებით 120 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მობილიზებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში. ეს იქნება ერთი წლის განმავლობაში უპრეცედენტო ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არა სახელმწიფოს მიერ შეძენილი ტექნიკის კუთხით, არამედ ინვესტიცია, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული ფერმერების, ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებაზე და ისინი შესაბამისად აირჩევენ იმ ტექნიკას, რომელიც მათთვის უფრო შესაბამისია და გამოიყენებენ მათთვის საჭირო მიმართულებით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სამინისტროა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან ერთად იმ ბენეფიციარებს შეხვდა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით ისარგებლეს.


მთავრობის მეთაური საწარმოების მუშაობის პროცესით დაინტერესდა. ბენეფიციარებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს საწარმოების განვითარების პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული პროდუქტების ექსპორტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.