Jacobin: შეწყვიტეთ ქართველების შანტაჟი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

Jacobin: შეწყვიტეთ ქართველების შანტაჟი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

ონლაინ ჟურნალი Jacobin-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის. მასში საუბარია გამჭვირვალობის კანონზე და საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მის ინიცირებას მოჰყვა.

„დღეს საქართველოში 25 ათასზე მეტი „ენჯეოა“ რეგისტრირებული. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, 90% დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდეს ნაწილს ადგილობრივი დაფინანსება საერთოდ არ აქვს. ალბათ თვითონ იმ იდეას, რომ ადგილობრივებს ფული სთხოვონ, აბსურდულად ჩათვლიან და თუკი ამას ეცდებიან, ქართველების მხარდაჭერას ვერც მიიღებენ.

უცხოური დახმარების სააგენტოები და მათი ადგილობრივი კონტრაქტორი „ენჯეოები“ დიდი ხანია გახდნენ საჯარო პოლიტიკისა და სერვისების უდიდესი ნაწილის კოლონიზატორები, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა, სასამართლო რეფორმა, ინფრასტრუქტურა და ა.შ.“, - აღნიშნავს გამოცემა.

ამასთან, ავტორი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ სულაც არ სურს უცხოური დაფინანსების სრულიად გაქრობა საქართველოს პოლიტიკური ეკონომიკიდან და განათლების სფეროში მომუშავე „ენჯეოების“ მაგალითზე განმარტავს, თუ როგორ მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში.

მაგალითად, USAID-ი, ევროპული კომისია ან მსოფლიო ბანკი ქმნიან განათლების სისტემის მოდელს, რომლის ამოქმედებაც საქართველოში სურთ. ამისთვის, ისინი უკავშირდებიან ქართულ „ენჯეოებს“, რომლებიც ამ სისტემას წარუდგენენ მთავრობის წევრებს, სკოლებს, მასწავლებლებს და ასწავლიან ამ სისტემით მუშაობისთვის საჭირო უნარებს. ავტორი აღნიშნავს, რომ ამ დროს არავინ არაფერს ეკითხება მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს და ზოგადად ელექტორატს.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ გრანტებს ამ სამუშაოს შესასრულებლად, შეიძლება იყვნენ ადგილობრივები, მაგრამ მათ აქვთ მნიშვნელოვანი ძალაუფლება საქართველოს მოსახლეობაზე. ეს ძალა მოდის დასავლურ საელჩოებსა და რესურსებზე მათი წვდომიდან და ლეგიტიმურობიდან გამომდინარე და არა მათი საბაზო მხარდაჭერიდან. ფუნქციონალურ დემოკრატიაში ხალხი ირჩევს კანონმდებლებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება მათ და წარმოადგენს მათ ინტერესებს. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არავის აურჩევია, იღებენ მანდატს საერთაშორისო ორგანოებისგან, რომლებიც ადგენენ და იხდიან თანხებს საქართველოში გარკვეული პოლიტიკის გატარებაში.

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ გააჩნიათ სტიმული განიხილონ მათ მიერ განხორციელებული პროექტების გავლენა, რადგან ისინი არ არიან ანგარიშვალდებულნი იმ მოქალაქეების წინაშე, რომელთა ცხოვრებაშიც ისინი ასრულებენ ასეთ ინტრუზიულ როლს. ამ მიდგომამ დაარღვია საქართველოს მოქალაქეების ქმედითუნარიანობა და ქვეყნის სუვერენიტეტი და დემოკრატია“, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ არ ეხება ამ მასობრივ პრობლემას, რომელიც საქართველოს პოლიტიკური ეკონომიკის გულშია. „სინამდვილეში, ამ კანონს არც უნდა ამ პრობლემის მოგვარება. საქართველოს მთავრობას არ აინტერესებს საქართველოს სუვერენიტეტი - არც უცხოელ დონორებსა და სააგენტოებს და არც საქართველოს „ენჯეოების“ ელიტას“.

ავტორი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად ბედნიერია უცხოური დაფინანსების უწყვეტი ნაკადით და იმით, თუ როგორ ამუშავებენ დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკასა და (ერთგვარ) მომსახურებას.

„საქართველოს პოლიტიკა შეიძლება ცნობილია თავისი პოლარიზებულობით, მაგრამ „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა საოცრად ერთსულოვანია თავიანთ იდეოლოგიაში: მათ ყველას სჯერათ ტექნოკრატიული, ნეოლიბერალური, დეპოლიტიზებული მმართველობის, რომელშიც პოლიტიკა შემუშავებულია (უცხოელი) ექსპერტების მიერ, სავარაუდო ობიექტურ მონაცემებსა და ტექნოლოგიაზე დაყრდნობით. რაც უფრო მეტი საჯარო სერვისი შეიძლება მიეცეს ბაზარს, მით უკეთესი“.

ავტორის აზრით, ამის მაჩვენებელია „თავისუფლების აქტი“ - ეს მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც კრძალავს გადასახადების განაკვეთების ზრდას და პროგრესულ დაბეგვრას და ზღუდავს სახელმწიფო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-მდე. ის სააკაშვილის მიერ იყო მიღებული, არ გაუქმებულა „ქართული ოცნების“ მმართველობის თორმეტი წლის განმავლობაში და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (ყველაზე ურყევი იმ პარტიული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ხელმძღვანელობენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს) მის შესანარჩუნებლად აწარმოებს კამპანიას. ეს პოლიტიკური ბანაკები იბრძვიან იმისთვის თუ ვინ მართავს ქვეყანას, მაგრამ შემდეგ ისინი ყველა ერთნაირად მართავენ მას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ასეთი მიდგომა „ქართული ოცნების“ ლიდერებსაც აწყობთ, რომელთაგანაც ბევრი დასავლეთში სწავლობდა, დასავლეთის მიერ გაცემული სტიპენდიებით, კარიერა კი დაიწყეს გაეროს ოფისებში, საერთაშორისო სააგენტოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

„ასეთ ეკოსისტემაში, იშვიათია იპოვო ვინმე, ვისაც გულწრფელად აინტერესებს ხალხი და მათი კეთილდღეობა. ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალებისთვის, „ენჯეოებში“ მუშაობა მაღალი შემოსავლის მიღების, საზღვარგარეთ მოგზაურობის, საელჩოებში გამართულ მიღებებზე დასწრებისა და ელიტაში შესვლის სწრაფი გზაა“.

ავტორი სვამს კითხვას: „თუ „ქართული ოცნება“ არის ტექნოკრატიული, დეპოლიტიზებული, დონორების მიერ მართული სუროგატული - მმართველობისა და დიდი, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო სექტორის შენარჩუნების მომხრე, რატომ რისკავს სახლში პროტესტს და ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ზეწოლას, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მისაღებად?“ და მას ასეთ პასუხს სცემს:

„იმიტომ, რომ ამ დიდი პრობლემის თავში არსებობს გაცილებით ლიმიტირებული პრობლემა, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორია - „ენჯეოების“ პატარა, მაგრამ მძლავრი ნაწილი, რომელთა წლიური ბიუჯეტიც უცხოელი დონორების დახმარებით მილიონობით დოლარს აღწევს და რომელთა ნაწილიც ახლოსაა სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, საკუთარ რესურსებს პარტიულ პოლიტიკაში ჩასართველად ღიად იყენებს.

დაახლოებით 5 წელია, ისინი უარყოფენ მთავრობის ლეგიტიმურობას და მის გადაყენებას ითხოვენ - არა მხოლოდ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ღია მხარდაჭერით, რაც უკვე კვეთს „ენჯეოებისთვის“ დაწესებულ წითელ ხაზებს. ეს ორგანიზაციები ასევე აგიტაციას უწევენ ხელისუფლების რევოლუციურ ცვლილებას, რაც დემოკრატიული, კონსტიტუციური პროცესების საზღვრებს სცდება.

მათ „ტექნიკური“ მთავრობის შემადგენლობაში ხელისუფლებაში მოსვლაც კი მოითხოვეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ინიციატივაში არავინ (მათ შორის არც ქართული ელექტორატი) არ გაჰყვა, ისინი გადაერთნენ ქუჩის პროტესტებზე, პარლამენტისა და სამთავრობო შენობების შტურმზე. ისინი ასევე ლობირებენ იმას, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესონ და მოგზაურობა აუკრძალონ.

„დახურულ კარს მიღმა, დასავლელი დიპლომატები აღიარებენ, რომ მათ მიერ დაფინანსებული პარტიული „ენჯეოების“ დაფინანსება ბევრ ხაზს კვეთს და ეს საკითხი რამენაირად უნდა მოგვარდეს. მაგრამ როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ზეწოლას გრძნობენ, ფიცხდებიან“, - აღნიშნავს ავტორი.

ამასთან, მას მიაჩნია, რომ გამჭვირვალობის კანონი „ცუდი ინსტრუმენტია“, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას „უარეს მდგომარეობაში“ დატოვებს, რადგან უცხოური დაფინანსების მიმღებ ყველა „ენჯეოს“ ეჭვის ქვეშ დააყენებს.

„არასამთავრობოები, რომლების პარტიულ პოლიტიკაში არ ერევიან და პატივს სცემენ მოქალაქეების ინტერესებს, მოჰყვებიან პოლიტიკაში, რომლის სამიზნეც სულაც არ იყვნენ. ამასთან, კანონი არ დაავალდებულებს ფინანსურ გამჭვირვალობას კორპორაციულ სექტორს. ეს კანონი არ აღადგენს საქართველოს სუვერენიტეტს და ალბათ არც შეამცირებს პარტიული ენჯეოების ქმედებებს. ეს უბრალოდ ცუდი ინსტრუმენტია“, - მიიჩნევს ავტორი.

მისივე აზრით, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის გააფთრებული, ყალბი პატრიოტული პრეტენზიები აჩვენებს, თუ რა ცოტას შესთავაზებს ორივე მხარე რიგით ქართველებს ნამდვილი დემოკრატიული გაძლიერების ან მათი ცხოვრების გაუმჯობესების იმედის თვალსაზრისით.

„აქტივისტებმა საქართველოში იციან, რას ელიან მათგან და რა ტიპის საქციელი გამოიწვევს მათ დასჯასა და დაჯილდოებას. ქართული „ენჯეოებისთვის“ Facebook-ზე მთავრობის მიმართ კრიტიკული მიდგომა მეტი გრანტის მომტანია, ვიდრე ადამიანების დახმარება. სულ რამდენიმე წლის წინ, დასავლელი დონორები „ქართულ ოცნებას“ ფასეულ მოკავშირედ თვლიდნენ და ქართველ აქტივისტებს მათი კრიტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. ახლა კი სურთ, რომ აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ. დონორები აქტივისტების სოციალური ქსელების ანგარიშებსაც კი უწევენ მონიტორინგს - არასწორი რაღაცის გამოქვეყნებას შესაძლოა შესაბამისი შედეგებიც მოჰყვეს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი დიდ დროს უთმობს ამ პროცესებში ტერმინის „რუსული კანონის“ გამოყენების მიზეზებს.

„ტერმინის „რუსული კანონი“ გამოყენება კიდევ ერთი ცინიკური მანიპულაციაა, რომელსაც თავისუფლად იყენებენ ქართველი აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და დასავლელი თანამდებობის პირები. გვეუბნებიან, რომ კანონპროექტი კოპირებულია კრემლის კანონმდებლობიდან (ფაქტ ჩეკი - ეს ასე არ არის) და რომ ის საქართველოს რუსეთად აქცევს და გადაახვევინებს ევროინტეგრაციის გზიდან. მაგრამ ეს კანონი ქართული პოლიტიკის უნიკალური და სპეციფიკური რეალობის სიმპტომია.

2024 წლის საქართველო საერთოდ არ ჰგავს 2012 წლის რუსეთს (სწორედ ამ დროს მიიღეს იქ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ) - არც პოლიტიკურად, არც საერთაშორისო ალიანსების, არც დემოკრატიის, არც კანონის უზენაესობისა და არც იმ როლის მხრივ, რომელსაც ქვეყანაში „ენჯეოები“ ასრულებენ. რუსეთის „უცხოელი აგენტის“ კანონის მიზნები არაფრით ჰგავდა საქართველოს კანონპროექტის მიზნებს.

უფრო აბსურდულია ბრალდებები, თითქოს „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მარიონეტები არიან, კრემლს ისინი ჯიბეში ჰყავს და კანონი დააინიცირეს იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინმა დაავალა. ამავე ლოგიკით, გამოდის, რომ პუტინმა დაავალა „ქართულ ოცნებას“ 10 წლის განმავლობაში ემუშავათ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ჩაეწერათ ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციაში, მიიღონ სხვა კანდიდატებზე მაღალი შეფასება რეფორმების გატარების მხრივ და მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

მაგრამ გამუდმებით „რუსული კანონის“ კივილი ეხმაურება ქართული საზოგადოების შიშებსა და და უკმაყოფილებას, ისევე, როგორც საქართველოს დასავლელი პარტნიორების გეოპოლიტიკურ იდეებს.

თუმცა, ყველაზე ცინიკური და სახიფათო თამაში, ამ კანონის საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესთან მიბმაა. შორს მყოფ დასავლელ დამკვირვებლებს თვალზე ცრემლები ადგებათ, როდესაც საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უდგანან გვერდში ქართველები საკუთარ „ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას“, რეალობაში კი დემონსტრანტები ქუჩაში „ენჯეოების“ დასაცავად არ დგანან. სინამდვილეში მათ ეს ორგანიზაციები არც აინტერესებთ. ამას გამოკითხვებიც ადასტურებს, რომლებიც მოწმობს, რომ წლების განმავლობაში ქართველების ნდობა „ენჯეოების“ მიმართ დაბალია. რეალობაში ხალხი ქუჩაშია იმიტომ, რომ მათ უთხრეს, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია საქართველოს მომავლისთვის ევროკავშირში.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ყველაზე ღია ნერვია ქართულ პოლიტიკასა და კულტურაში. პოსტ-საბჭოური სიღარიბის 3 დეკადის შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების იდეა ბევრი ქართველისთვის ესქატოლოგიური გახდა: ის ხანგრძლივი უსამართლო ტანჯვისა და მსხვერპლის შემდეგ ხსნას წარმოადგენს.

ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა ქართველებისთვის რაღაც ეგზისტენციალურს წარმოადგენს. ამან საშუალება მისცა ოპოზიციას, მათთან დაკავშირებულ პარტიულ „ენჯეოებსა“ და დასავლელ დონორებს გარდაექმნათ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართველების ნათელი მომავლისთვის სასოწარკვეთილ, ეპიკურ ბრძოლად.

რაც ყველაზე ცუდი და უპასუხისმგებლობა, მათ ევროკავშირის თანამდებობის პირები შეუერთდნენ, რომლებიც იმეორებენ, რომ ეს კანონი არ შეესაბამება „ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებს“. „ნორმები და ფასეულობები“ რა თქმა უნდა უფრო ბუნდოვანი ცნებაა, ვიდრე ევროკავშირის რეალური კანონები, რომლებიც „ენჯეოების“ დაფინანსების რეგულირებას სულაც არ კრძალავს. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის „ღირებულებებსა და მოლოდინებს“, რამაც მიზნობრივი პუნქტები ბუნდოვან ტერიტორიაზე გადაიტანა. სავარაუდო ობიექტური და მერიტოკრატიული ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი თვითნებური და დამღლელი გახდა.

ის რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები საქართველოს გაწევრიანების პროცესის ჩაშლით ემუქრებიან, უაზრო შანტაჟს ჰგავს. ფუნდამენტურად, ნებისმიერი მთავრობის მზარდი ეჭვი უცხოელი დონორების მიერ ჰიპერპარტიული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზე მხოლოდ გაძლიერდება იმით, რომ მუქარის ესკალაციით აიძულო ეს მთავრობა ასეთი დაფინანსების გაგრძელება დაუშვას. ეს არის თამაში, რომელიც შეიძლება ძალიან ბნელად იქცეს. ამ ვითარებაში, როდესაც ფრონტები გამაგრებულია და ხალხის ეგზისტენციალური შიშებით მანიპულირებენ, გულწრფელი დებატები ათწლეულების წინანდელ პრობლემებზე, რამაც გამოიწვია ეს კანონპროექტი, აღარ არის შესაძლებელი“, - წერია სტატიაში.