ჭიჭიკო და გირჩიკო ბრიუსელიდან
იცით, ახლა რა დროა? ვინც ყველაზე ხშირად ირბენს ბრიუსელში, ვინც ყველაზე მეტს იტრიპაჩებს და იყბედებს, ბოლოს ის დაიბრალებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩემი მეცადინეობით, ოფლის ღვრითა და ევროპარლამენტში ჩემი გავლენით მოგვანიჭესო. ამას საქართველოს მოსახლეობა დაიჯერებს თუ არა, ეგ სხვა საკითხია, ამ ეტაპზე კი საამისოდ მზადება უკვე დაიწყო ,,სტრატეგია აღმაშენებლის'' თავმჯდომარემ ჭიჭე (გიორგი) ვაშაძემ. იგი ამ დღეებში დიდი დაპირებებით უკვე გაემგზავრა ბრიუსელში, ხელთ გირჩი (ზურაბ) ჯაფარიძეც გაიყოლა, ამ ვიზიტისთვის ,,ერთობლივი'' რომ ეწოდებინა და პირველი შემაშფოთებელი ინფორმაცია ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს მოგვაწოდა:
,,ღიად ვაცხადებ ბრიუსელიდან, რომ ,,ქართულ ოცნებას" არ უნდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი''!
ბატონმა ვაშაძემ ეს დასკვნა ბრიუსელში ჩასვლისთანავე დადო, ჯერ სასტუმროშიც კი არ იყო დაბინავებული, აღარაფერს ვამბობ ,,მაღალი დონის'' შეხვედრებზე. თურმე, სამწუხაროდ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას საქართველოს მმართველ ძალაში,12 პუნქტის გაცემის შემდგომ გავიდა თვეები, მაგრამ შედეგი კიდევ არ ჩანს!
ვაშაძე (როგორც ყოველთვის) ცრუობს, უკვე თვეებია, პარლამენტში ამ თემაზე მუშაობენ როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ,,ნაცმოძრაობისა'' და ,,სტრატეგია აღმაშენებლის'' გარდა. როგორც ამბობენ, უკვე გარკვეულია 11 პუნქტის ბედი. ეგ კი არა, ე.წ. ოპოზიციონერთა ერთი ნაწილი (ხათუნა სამნიძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე) პარლამენტში ხმის მიცემის დროს დაიმალა - ერთმა თქვა, არ მეცალაო, მეორემ - დარბაზში არ ვიყავიო, მესამემ - არ გამახსენდაო.
სხვათაშორის, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ელაპარაკება ვაშაძე ერთ-ერთი შენობის ფანჯარასთან ვიღაცას რუსულად, რომელიც არ ჩანს. ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, თითქოს კედელს ელაპარაკება, ან კიდევ საკუთარ თავთან აქვს თათბირი. ეს ვიდეო გახლავთ საუკეთესო ნიმუში იმისა, თუ როგორ დაბოდიალობენ ხან ბრიუსელის ქუჩებში, ხან ვაშინგტონის ,,ორღობეებში'', ხან კედლებს ელაპარაკებიან, ხან ხეებს, ხან საკუთარ თავებს და სამშობლოში დაბრუნებულები ცდილობენ, ასე დაგვაბოლონ:
,,ჩვენ გვინდა ბრიუსელი, ,,ქართულ ოცნებას" მოსკოვი! სწორედ ამიტომ, მორიგი შეხვედრა გავმართეთ ბრიუსელში ევროპული სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელთან, მიხაელ რუპთან, სადაც განვიხილეთ ევროინტეგრაციის საკითხები''.
ვაშაძის თქმით, ევროკავშირის ყველა უჯრედში უკმაყოფილონი არიან, ამიტომ საჭიროა მათი ხელგარჯილობა, მეცადინეობა, რათა დაარწმუნონ აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც ანგარიშებს ამზადებენ საქართველოზე და გულშემატკივრობენ ჩვენს ქვეყანას. ვაშაძე ასევე ამხელს მის მიერვე დასახულ ამოცანას - იმ ადამიანებთან, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოს, უნდა ჩაიტანონ სიმართლე, რომ ჩვენ გვეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
წარმოგიდგენიათ, როგორ ეხვეწებიან ვაშაძე და ჯაფარიძე ევროჩინოვნიკებს, ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა საშინაო დავალება შევასრულეთ, თქვენ იცით, უარი არ გვითხრათო? თქვენი არ ვიცი და მე პირიქით უფრო წარმომიდგენია, უკუღმა, როგორ ლანძღავენ საღალატოდ ჩასულები ჯერ ხელისუფლებას, შემდეგ კი საკუთარ ქვეყანას. განა ასე არ ლანძღავდნენ, როცა უვიზო რეჟიმზე გადავდიოდით? განა ასე არ ლანძღავდნენ, სანამ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელს მოვაწერდით? აგერ, ყასიდად აცხადებენ, კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნისო და თან იძახიან, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, ევროპული ინტეგრაციის გზას არ გადაუხვიოსო. შეხვედრა გვქონდა მიხაილ ზიბერტთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორთანო. მას უთქვამს, ევროპელ პარტნიორებს გული შესტკივათ, რადგან ძალიან დიდი ენერგია, დრო და ინვესტიციაა ჩადებული, საქართველო ევროპული კუნძული უნდა ყოფილიყო ევრაზიის გზაგასაყარზე, მაგრამ ამ ეტაპზე არ გამოვიდაო. თურმე ამას ღიად ამბობენ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საგონებელში არიან ჩავარდნილნი. აი, ამას გვიყვება ბრიუსელში ჩასული ჭიჭიკო ვაშაძე და გვპირდება, რომ რამეს იღონებს, რათა გარეთ არ დავრჩეთ.
ღიად ვაცხადებ ბრიუსელიდან, რომ ,,ქართულ ოცნებას" არ უნდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიო. გეგონება აქამდე ფარულად აცხადებდა, ან საერთოდ არ გამოუცხადებია და რამე ახალს ამბობს. თუკი ,,ქართულ ოცნებას'' უნდოდა ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმი, რატომ არ უნდა უნდოდეს კანდიდატის სტატუსი, ეს ხომ მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დიდი წარმატება იქნება? ვაშაძე მეხუთე კოლონის თვალსაჩინო წარმომადგენელია და მოქმედებს პატრონების მიერ გამოგზავნილი დირექტივით, რომელიც იოზეფ გებელსის დოქტრინის მიხედვით გახლავთ შედგენილი. ის სხვანაირად ვერ მოიქცევა - ხელისუფლებას უნდა დააბრალოს ის, რასაც აკეთებს თვითონ თავის ,,ამხანაგებთან'' ერთად.
ბატონი ჭიჭე სიამაყით აღვსილი აცხადებს, რომ იგი შეხვდა ლუქსემბურგის, ბელგიის, ჰოლანდიისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებს. სოციალურ ქსელებში მის მიერ გავრცელებულმა ფოტოებმაც გამოიწვია ირონია და ბევრმა იცინა კიდევაც, უბრალოდ არ შეიძლება, ვისაც კი დერეფანში დაინახავ, ყველას აოტორღიალო და სურათი გადაიღო, ყინულზე წაქცეული ჯორივით იკრიჭო და თან დაუსრულებლად აცხადო, რომ შენი არჩევანი ბრიუსელია, მათი მოსკოვი! შენი არჩევანი ევროპაა, მათი რუსეთი! შენი არჩევანი ევროპულ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობაა, მათი კი რუსეთის მონობა!
ვაშაძე ,,ოცნების'' მომხრეთა პოზიციას ძალზედ გაუღიზიანებია, ბრიუსელში ჩვენმა ვიზიტმა და შეხვედრებმა ,,ქოცნება'' ააფორიაქა და გამოფინეს თავიანთი 100-ლარიანი ექსპერტებიო. იგი ირაკლი კობახიძეს და იგივე ,,ოცნებას'' მოუწოდებს, კარგად დაათვალიერონ სურათები და დარწმუნდებიან, რომ ნამდვილად შეხვდა ოთხი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და ევროპარლამენტარებსაც. ბატონი ჭიჭიკო, როგორც ყოველთვის, აშკარად ,,მარიაჟობს'', ამას შევხვდი, იმას შევხვდი, იმან ეს მითხრა, ამან ეს მითხრა, დავბრუნდები და საქართველოში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებაო. შეიძლება აღარც გახსოვთ, ამ ზაფხულს ვაშინგტონში იყო ჩასული, კაფე-კაფე იარა, ერთი კვირა ჩაი და ყავა სვა, იქიდან ,,ქართულ ოცნებას'' ემუქრებოდა, თქვენი ბედი გადაწყვეტილია, ძალაუფლება ჩამოგართვეს, უბრალოდ დროის ამბავიაო. რას დადიან ეს უსაქმურები, რას დაბოდიალობენ, ან ფულს რაზე ხარჯავენ, ან ,,ტუფლებს'' რაზე ცვეთავენ, ან ევროპელ ჩინოვნიკ-პოლიტიკოსებს რაზე აწუხებენ? ჩამოვლენ, ტვინს გაბურღავენ, არჩევნებში მილიონებს გაფლანგავენ და მაინც 0001%-ს მიიღებენ. აი, ასეთი გახლავთ ხალხის დამოკიდებულება ყალთაბანდების მიმართ, პრემიერ-მინისტრებთან და ევროპარლამენტარებთან სურათების გადაღება მაგ საქმეს არ შველის, არა!
გელა ზედელაშვილი