სოსო ცინცაძე: მაინტერესებს, საიდან მოგროვდა ამდენი დეგენერატი?!

სოსო ცინცაძე: მაინტერესებს, საიდან მოგროვდა ამდენი დეგენერატი?!

გვესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:

- ბატონო სოსო, ვისი ომი მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე?
- რეალურად, ფართო გაგებით, ეს გახლავთ არა რუსეთ-უკრაინის, არამედ რუსეთის ომი ცივილიზებულ დასავლეთთან. ომში, პრაქტიკულად, 131 ქვეყანა - მთელი დასავლეთი, ევროკავშირია ჩართული. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთი ნახევარ ევროპას ებრძვის. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, ყირიმის ომის დროს, 1855 წელს რუსეთი ნახევარ ევროპას მარტო ებრძოდა. მაშინ, ინგლისის პრემიერ-მინისტრი ჰენრი პალმერსტონი იყო, რომელმაც საჯაროდ განაცხადა: ეს არის ცივილიზაციის ომი ბარბაროსების წინააღმდეგო. ნიკოლოზ I-მა მაშინ აღმოაჩინა, რომ სრულებით მარტო იყო. ავსტრია, რომელიც რუსეთმა უნგრეთის აჯანყების ჩაქრობით გადაარჩინა, უმადური აღმოჩნდა. მას მადლობაც კი არ უთქვამს. ასევე, გადაარჩინა პრუსია, თუმცა მადლობელი არც ის დარჩა. ამჯერად, ვითარებას დრამატულს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ხდის. სწორედ, სანქციები ასრულებს გადამწყვეტ როლს და არა უკრაინელი ხალხის გმირობა. ეს რესურსების ომია. კი, უკრაინელები გმირულად იბრძვიან, მაგრამ ისტორიაში ასეთი შემთხვევები ბევრია. ავიღოთ, იგივე, პოლონეთის აჯანყება, სადაც ეს ქვეყანა თავისთან შედარებით ათჯერ უფრო ძლიერ სახელმწიფოებს ებრძოდა. ასევე, ფინეთიც, რომელიც საბჭოთა კავშირს ებრძოდა. ეს, დავითისა და გოლიათის ბრძოლებივით იყო. 
- ბატონო სოსო, პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მაგრამ ეს უსაფუძვლოდ ხომ არ მომხდარა? 
- დიახ, ისმის კითხვა: რატომ, რისთვის დაიწყო მან ომი? რა იყო 15 დეკემბრის ულტიმატუმის მთავარი საკითხები? - ბუქარესტის სამიტის შედეგების უარყოფა, უკრაინისა  და საქართველოს ნატოში არმიღება და ა.შ.. პრაქტიკულად, პუტინს აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნების ნატოდან გასვლა სურს. დღეს, შედეგად რა მიიღო? - ივლისის ბოლოს მადრიდში ნატოს სამიტი უნდა ჩატარდეს და პრაქტიკულად, თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს გააკეთებენ. რა გამოდის? - დაწყებული ბალტიის ზღვიდან შავი ზღვის ჩათვლით, ფინეთიდან დაწყებული თურქეთით დამთავრებული, რუსეთის საზღვრებთან მთლიანად ნატოს ქვეყნები იქნებიან. პუტინს სურდა საქართველო და უკრაინა ნატოში არ გაწევრიანებულიყვნენ და აი, შედეგად რა მიიღო.
- საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწვერიანების პერსპექტივა ჰქონდა? 
- არც საქართველოს და არც უკრაინის ნატოში მიღებას არავინ აპირებდა და არც აპირებს. გარდა იმისა, რაზეც ახლა ვისაუბრე, რუსეთმა შედეგად მიიღო სანქციები, რეპუტაციული დანაკარგები. ახლა, არც მე-19 და არც მე-20 საუკუნის შუა პერიოდია, როცა კაცობრიობა რაღაცებს ეგუებოდა. დღეს, უკრაინაში, უკვე, ბაიდენიც გეგმავს ვიზიტს. ახლახან, იქ, ოთხი ქვეყნის პრეზიდენტი ჩავიდა. საუბრობენ, რომ რუსეთი ჰააგის სასამართლოს ვერ ასცდება.
რუსეთში რთული სიტუაციაა. მას, უკვე, დამატებით, 2 მილიონი უმუშევარი ჰყავს, ეკონომიკა 11%-ით შემცირდა, დაყადაღებულია თანხები. სანქციების მთელი ეშხი ზაფხულსა და შემოდგომაზე გამოჩნდება. კი ბატონო, პუტინს შეუძლია 9 მაისამდე ხარკოვი აიღოს და ეს მოვლენა რუს მოსახლეობას ისე მიჰყიდოს, როგორც გამარჯვება. საქმე ისაა, რომ რაც უფრო მეტად ბომბავს რუსეთი სხვადასხვა ქალაქებს, მით მეტ იარაღს აწვდიან უკრაინას 131 ქვეყნიდან. ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალა არათანაბარია. რუსეთში 130 მილიონი მოსახლეა, უკრაინაში - 44. მნიშვნელოვანია, კიდევ რამდენ დღეს გაძლებს მარიუპოლი. მდგომარეობა რთულია. მთავარი მაინც ისაა, რომ დასავლეთმა ისეთი სანქციები დააწესა, რაც რეიგანის მერე აღარ ყოფილა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა - დღეს,  ცივილიზებული მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგაა. 
- როგორ ფიქრობთ, როდის ან რა შედეგით დასრულდება ეს ომი?
- ამის პროგნოზი ძნელია, რადგან რუსეთი მაინც რუსეთია. იგი წიაღისეულით უმდიდრესია, ხელწამოსაკრავი ქვეყანა ნამდვილად არ გახლავთ. დღეს, ერთიანი საბითუმო პროდუქტის 70% იმ ქვეყნებზე მოდის, რომელიც უკრაინას ეხმარებიან. მაგრამ ქვეყნები რომლებიც უკრაიანს ეხმარებიან, მოსახლეობის მხოლოდ 36%-ს შეადგენს. ინდოეთი და ჩინეთი, სადაც სამ მილიარდამდე მოსახლეობაა თან, ნეტრალურები არიან და თან, რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებენ. ახლო მომავალში რა იქნება, ძნელი სათქმელია. ერთი კია, ამერიკა ჩინეთს დაემუქრა: ორ სკამზე ვეღარ იჯდები, ან ღიად რუსეთის მხარე დაიკავე ან ჩვენი, თორემ, სანქციებს დაგიწესებთო. ეს ჩინეთს არ აწყობს, რადგან იგი თავის პროდუქციას ევროპაში და ამერიკაში ყიდის. რუსეთში რა უნდა გაყიდოს? - ამიტომ, ჩინეთიც იძულებული იქნება კონკრეტული პოზიცია დაიკავოს. მთავარი, მაინც, ენერგომატარებლებზე ემბარგო გახლავთ, ვინაიდან დასავლეთი ერთი ხელით პუტინს ებრძვის - სანქციებს უწესებს, ხოლო მეორე ხელით მას თვეში ერთ მილიარდ დოლარს აძლევს გაზის, ნავთობის და ქვანახშირის საფასურად. ნავთობის ემბარგო უფრო ადვილია. იმიტომ, რომ ამერიკას ნავთობის სტრატეგიული მარაგები აქვს, რასაც მსოფლიოში გაიტანს, რათა ფასები დაეცეს. ამიტომაც თქვა ღარიბაშვილმა: ფასების დაცემას ველოდებითო. ძირითადად, პრობლემა გაზის მიწოდების კუთხით არსებობს.  
რუსეთი შანტაჟზე გადავიდა - ტაქტიკურ ატომურ ბომბს გამოვიყენებო. ეს გახლავთ ძალიან პატარა ბომბი, რომელიც მხოლოდ ბრძოლის ველის ტერიტორიაზე მოქმედებს. მაგრამ ახლა, ბრძოლები, ძირითადად, ქალაქებში ხდება და არა მინდორზე. დასავლეთი ამ შანტაჯს გაუძლებს? მაკრონს 24 აპრილს მეორე ტური აქვს, ბაიდენს - ნოემბერში შუალედური არჩევნები. ასევე, ევროპის ექვს ქვეყანაში წელს არჩევნებია. მოსახლეობას თუ გაუჭირდა, იტყვის: გაზის ფული აღარ მაქვსო და მთავრობას გადააყენებს. პუტინს ეს პრობლემა არ აქვს - ომის დაწყების მერე, მისი რეიტინგი 20%-ით გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში, უკვე, სიღარიბის პირველი შედეგები სახეზეა. მოსახლეობა მაინც მხარს უჭერს. მთავარია, პოლიტიკური ნება როგორი იქნება. თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ჯერ კიდევ შარშან, ფინეთის და შვედეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგნი იყვნენ, დღეს, ამ ომის მერე, პირიქით, ამ ორგანიზაციაში შესვლას ითხოვენ. მათ, შეეშინდათ. აქამდე, ეგონათ, რუსეთი თავს არავის დაესხმებოდა. რაც შეეხება ომს, მაქსიმუმი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება. თუ კიევმა რუსეთის შეტევას ლუგანსკსა და დონეცსკზე გაუძლო, მაშინ რეალობა მკვეთრად შეიცვლება. მთავარია მოტივაცია - რუს ჯარისკაცებს ომი არ უნდათ, უკრაინელები თავიანთი მიწისთვის იბრძვიან. ეს, ასე. ნაპოლეონი, რომელმაც რუსეთს მოუგო და ეგვიპტემდე ჩავიდა, სამაგიეროდ, ესპანელმა მწყემსებმა დაამარცხეს. იმიტომ, რომ ისინი თავიანთი მიწისთვის ომობდნენ და მოტივაცია ჰქონდათ.
- ბატონო სოსო, თქვენ ახსენეთ, უკრაინას 131 ქვეყანა ეხმარებაო. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია?
- როცა ხალხი ამ ტერმინს ახსენებს, ამაში, ფართომასშტაბიან ბირთვულ ომს გულისხმობს, სადაც ვერავინ გადარჩება. პუტინისთვის დამარცხება სიკვდილის ტოლფასია. საქმე იცით რაშია? - მან არ იცის რეალობა, საკუთარმა გარემოცვამ მოატყუა: უკრაინაში შევალთ, იქ დროშებით დაგვხვდებიან და ომს ერთ კვირაში მოვიგებთო. პუტინი გაცოფებულია. ის, თვით, სამღვდელოებამაც კი მოატყუა - რუსეთის პატრიარქი პირადად უცხადებდა: მთელი უკრაინის მოსახლეობა ჩვენს მხარეზეა, მათ შორის, მოსკოვის საპატრიარქოცო. გენერლები ეუბნებოდნენ: მთელი უკრაინა დროშებით დაგვხვდებაო. როგორც ამბობენ, იგივე, მედვედჩუკს პუტინმა 10 მილიარდი გადასცა, სიტუაციის მოსამზადებლად, უკრაინაში რუსების შესასვლელად. მან კი პარტია „ცხოვრებისთვის“ დააარსა. ასე იყო ნიკოლოზ I-ის დროსაც ყირიმის ომში -  როდესაც იგი დამარცხდა, ამის დაჯერება არ უნდოდა და ანგარიში მოითხოვა. მოუტანეს, წაიკითხა და გაცოფდა არსებული კორუფციით - პეტერბურგიდან რაც ყირიმში იგზავნებოდა, ყველაფერი გზაში იჭმეოდა. ახლაც ასე მოხდა - პუტინმა უკრაინაში სიტუაციის მოსამზადებლად მილიარდები დახარჯა, ყველაფერი ერთ კვირაში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ... რუსეთში კორუფციის აღმოფხვრა შეუძლებელია. პუტინი სტალინი არ არის, რომ ასკეტი იყოს და ერთი დახეული შინელით და დაკერებული ფეხსაცმელით იაროს, მას კარგი ცხოვრება უყვარს. ამ ომის შემდეგ, უკვე, ევროპა ისეთი აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო, ეს ფაქტია. ასევე, რუსეთიც. დღეს, ყველა მთავრობა ცდილობს მომავალი განჭვრიტოს, რათა სამომავლო რეალიებთან შეგუების სამზადისი დაიწყოს. 
- როგორ ფიქრობთ, ომის თავიდან აცილება რამდენად შესაძლებელი იყო? 
- მოდით, განვიხილოთ, რა უძღოდა წინ ამ ომს. აქ, ბევრი ნიუანსია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პუტინმა, თავის დროზე, ფსონი იანუკოვიჩზე დადო. ეს სტრატეგიული შეცდომა იყო იმიტომ, რომ იანუკოვიჩი იდეურადაც კი არ იყო რუსეთის მომხრე, არამედ მედროვე გახლდათ. იგი, ორჯერ იჯდა ციხეში გაუპატიურებაზე. შემდეგ, მოოქროვილი უნიტაზები მოუნდა. წარმოგიდგენიათ, ამერიკელი მილიარდერები მოოქროვილ უნიტაზებს რომ ხმარობდნენ?! ეს პროვინციალიზმია. მერე იყო მაიდანი, შემდეგ ყირიმი, რაც პუტინს ადვილად შერჩა და ბოლოს, დონბასი. უკრაინა დონბასის გარეშე არაფერს წარმოადგენს. იგი, სამრეწველო გულია. ბოლოს მოვიდა ზელენსკი, რომელიც ვერ შეაფასეს, თქვეს: მსახიობიაო. უცებ, დაივიწყეს, რომ ერთმა მსახიობმა - რეიგანმა საბჭოთა კავშირს დედა უტირა. პუტინი ზელენსკის აშაყირებდა. მერე, აღმოჩნდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელებს მოეწონათ. რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო ომი არ დაეწყო, მაგრამ ვერ გათვალა. პუტინი არის ბრწყინვალე ტაქტიკოსი, მაგრამ სტრატეგია არ აქვს. იგი საკითხს, ერთ-ორ თვეში ბრწყინვალედ გადაწყვეტს, მაგრამ რა მოჰყვება ყოველივეს ხანგრძლივ პერსპექტივაში, ამას ვერ თვლის. მას ეგონა: როგორც უსისხლოდ ჩამოაჭრა ყირიმი უკრაინას, ასევე აიღებდა უკრაიანს. დიახ, ეგონა, რომ იქ, არავინ იომებდა. ზოგადად, ნავთობზე და გაზზე ფასების ზრდამ, რუსეთი ზღაპრულად გაამდიდრა. ვიმეორებ, პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, თორემ, ომის აცილება მარტივად შეიძლებოდა. 
გარდა ამისა, რუსეთს თვითმფრინავების პრობლემაც აქვს. მას 500 თვითმფრინავი ლიზინგით აქვს ნაქირავები. ეს ამერიკული და ევროპული თვითმფრინავებია. რუსეთი ამბობს: ამ საქონელს პატრონებს აღარ დავუბრუნებ, რადგან სათადარიგო ნაწილებს არ გვაძლევენო. ნაწილები შეუძლია ჩინეთმაც მისცეს, მაგრამ ხარისხი არ უვარგა. ერთი ამერიკელი მილიონერი წერდა: ჩინური სათადარიგო ნაწილებით აწყობილ თვითმფრინავში აღარ ჩავჯდები, ორი თავი სად მაქვსო. ასევე, ურალის ყველაზე დიდმა ქარხანამ ტანკების გამოშვება შეწყვიტა. რუსეთი ხომ ტანკებს უშვებდა. მას 30 ათასი ტანკი ჰყავს. ტანკი იყო რუსული, მაგრამ ლულა - ფრანგულია. ახლა, საფრანგეთი აღარ აძლევს, ემბარგოა დაწესებული. ამიტომ, რუსეთი ტანკებსაც ვეღარ უშვებს. ამ ყველაფერს ამერიკელებისგან, ვეროპელებისგან ყიდულობდა, ახლა - ჩინელებისგან უნდა იყიდოს, რაც ვიმეორებ, უხარისხოა. ვნახოთ, ამ ყველაფერს რუსეთი როგორ გაუძლებს. მას ჯერ ფული აქვს. ოქროს მარაგი, დაახლოებით, 30 მილიარდი დაყადაღებულია, რასაც უცხოეთში ინახავდა. ამის, ჩინეთსაც ეშინია. ჩინეთს უცხოეთში 3 ტრილიონი დოლარი აქვს შენახული, ამიტომ ვერ ბედავს რუსეთს ღიად დაეხმაროს. რასაკვირველია, სანქციებით მხოლოდ რუსეთს არ გაუჭირდება, არამედ ყველას - სანქცია ორლესული მახვილია, დამწესებლებზეც იმოქმედებს, თუმცა, მათზე მაინც ნაკლებად. ევროპელები გაზსაც იშოვიან და ნავთობსაც, მაგრამ უფრო ძვირი დაუჯდებათ. თუმცა, ამ ფულს გადაიხდიან. ამერიკული ფიქალი ძვირია, მაგრამ ევროპელები მზად არიან გადაიხადონ. ევროკავშირი უმდიდრესი გაერთიანებაა. დასავლეთმა თავი როგორ უნდა გამოყოს თუ მთელი მსოფლიო - 131 მოწინავე ქვეყანა რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს. ამიტომ, ჩიხური სიტუაციაა, დათმობაზე არავინ წავა. აქ, უკვე, კომპრომისი, შერიგება, დაზავება შეუძლებელია. პუტინმა ყირიმი დაიბრუნა და უცებ, უკრაინასთან რომ დამარცხდეს, ვერ გადაიტანს. მეორე მხრივ, დასავლეთი რუსეთმა რომ დაამარცხოს, რომელსაც ღიად მკვლელს, ყასაბს ეძახის, თავი მოეჭრება. ასე, რომ სიტუაცია სერიოზულია.
- ქართული ოპოზიცია გვაიმედებს: რუსეთი უკვე დამარცხებულიაო. იმპერია რომც დაინგრეს, განა ამით საქართველოს ეშველება?
- რუსეთის ქაოტურ დაშლას, თავად, დასავლეთი არ დაუშვებს. რუსეთს, დღეს, ამერიკაზე ბევრი ბომბი აქვს. საინტერესოა, თუ რუსეთი დაიშლება, ვის ხელში ჩავარდება ეს ბომბები - ტერორისტების? ვთქვათ, რუსეთი დაიშალა, ბომბები თავისუფალია, რა ხდება მერე? - ტერორისტებს, რადიკალებს, ისლამისტებს, შეიხებს ფულის მეტი რა აქვთ, იყიდიან და ატომური იარაღი პისტოლეტივით გახდება. ამიტომ, დასავლეთი ამას არ დაუშვებს. რატომ არ დაუტოვეს უკრაინას ბირთვული იარაღი? იმიტომ, რომ, უკრაინა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე დასუსტებული იყო და ეშინოდათ: იარაღი არ მოპარონო. მაინტერესებს, სად მოგროვდა ამდენი დეგენერატი, რომელიც ამტკიცებს: რუსეთს ორი კვირა დარჩაო. ბაიდენი ამბობს: ომი ხანგრძლივი იქნება, შეიძლება წლები გაგრძელდესო. ამ დროს გამოდის თვითმარქვია, მიაშასდროინდელი, ვითომ, დიპლომატი, ორი თვე უცხოეთში რომ იყო და ამბობს: რუსეთს ორი კვირა დარჩა, პუტინს თავად რუსები მოკლავენო. გაოცებას ვერ ვმალავ. რა თქმა უნდა, ეს სრული სისულელეა. ამხელა სახელმწიფოს, უცებ, დამარცხება არ ხდება. თანაც ვიმეორებ, რუსეთის დაშლა თავად დასავლეთს არ აწყობს. ასე, ბირთვული იარაღი უპატრონოდ დარჩება. მერე, რა მოხდება? - რუსი გენერლები თავისი ნებით შეძლებენ თითო ბირთვული ქობინა ახლო აღმოსავლეთში მილიარდერ ისლამისტს მიჰყიდონ?! ეს ისლამისტი, მერე, ამ იარაღს ხომ ამერიკის წინააღმდეგ გამოიყენებს? ამიტომ, საქმე ასე მარტივად არ არის. ასე, რომ რუსეთის დაშლა, დანაწილება, ზღაპარია. გახსოვთ, მამა ბუში კიევში რომ ჩავიდა და უკრაინის პარლამენტს ეხვეწებოდა: საბჭოთა კავშირი არ დაშალოთო, რადგან მათ ბირთვული იარაღი ჰქონდათ. ბოლოს, 1994 წელს ხელშეკრულება დადეს და ბირთვული იარაღი რუსეთს გადასცეს. ყველამ კარგად დაიმახსოვროს: რუსეთი ასე უბრალოდ, არ დაიშლება. 

თამარ შველიძე
,,საერთო გაზეთი''