რაულ ჩილაჩავა: მივმართავ ქართველ გამომცემლებს

დასაბეჭდად გამზადებული მაქვს სამი უდიდესი უკრაინელი პოეტის - ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას და ივან ფრანკოს ლექსთა საკუთარი თარგმანები წინათქმებითურთ. მე მათ სამი ათეული წელიწადი შევალიე და მინდა ამდენი ხნის გარჯის ნაყოფი ქართველ მკითხველსაც გავუზიარო. დროის და ფინანსთა ეკონომიის მიზნით შემიძლია შემოგთავაზოთ დაკაბადონებული კრებულები. ისინი ჩაფიქრებულია მცირე, ე.წ. ჯიბის ფორმატში. ვიცი, რომ ლექსებს დღეს ნაკლებად კითხულობენ, ამიტომ გამომცემლობები მათ გამოცემას თავს არიდებენ და მაინც - იქნებ არის თქვენს შორის ვინმე, ვინც ამ პრობლემის მიუხედავად ერთა შორის ლიტერატურულ ურთიერთობათა განმტკიცებისათვის შეგნებულად გარისკავს და
შემოთავაზებას მხარს დაუჭერს. ცხადია, რომ უკრაინაში ეს ნაბიჯი შეუმჩნეველი არ დარჩება. აქვე უნდა შევნიშნო, რომ უკრაინულად თარგმნილი და გამოცემულია "ვეფხისტყაოსანი", "დავითიანი", "სიბრძნე სიცრუისა", ბარათაშვილი მთლიანად, ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, გოგლას, სიმონ ჩიქოვანის, ანა კალანდაძის რჩეულები, ქართული პოეზიის ანთოლოგიები, არაერთი თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსები. ბალანსი აშკარად უკრაინელთა მხარეზეა. შევჩენკოს, ფრანკოსა და ლესია უკრაინკას კრებულთა ქართულად გამოცემა ამ ბალანსის გაწონასწორების ერთგვარი ცდაც იქნებოდა.
პატივისცემით,
რაულ ჩილაჩავა