პლუტონელები

დახედეთ სურათს, როგორ ფიქრობთ, ესენი დედამიწელები არიან? სულ ვამბობდი, რომელიღაცა პლანეტიდან ჩამოიყვანეს და საცდელად დაყარეს, ან კიდევ წაყვანა დაავიწყდათ-მეთქი.
ვეღარ დაგიმალავთ, ამ დღეებში გაჩნდა შანსი გამოკვლევისა. საიდან და როგორ? როგორ და... ხშირად შემთხვევითობა განსაზღვრავს ჭეშმარიტებას - ამსიგრძე ფეხსაცმელები, კეზერაშვილის ,,პადელნიკ'' ლევან ხაბეიშვილს და ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს რომ აცვიათ, განა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გონივრული ეჭვები გაგვიჩნდეს? სანამ ამათ მშობლიურ პლანეტაზე მოგახსენებდეთ ჩემს მოსაზრებას, მანამდე იმას გეტყვით, რა უნდოდა, რისთვის წაეთრა ხაბეიშვილი ბრიუსელში კუბილიუსთან. რა უნდოდა და ,,ცინცხალი'' ამბები ჩაუტანა - გენერალური, უკომპრომისო ბრძოლა უნდა გავაჩაღოთ რუსული ოცნების წინააღმდეგ, რომელიც ჭაობში, რუსეთში მიგვათრევსო, ჩვენი სახლი ევროპაშიაო.
დიახ, რა თქმა უნდაო, - მიუგო თავის ქიცინით კუბილიუსმა და განაგრძო, კიდევ რას ვაპირებთ, უკომპრომისო ბრძოლის შემდეგ დამხობაზე გადავდივართ თუ არაო?
მაშ, მაშ, აბა, როგორ, დავამხობთ, მიწასთან გავასწორებთო, - გაიბრიქა ლევანა.
ბიჭო, ჩემნაირი ,,ტუფლები'' გაცვიაო? - კუბილიუსმა.
მარტო ,,ტუფლები'' არა, შარვალ-კოსტუმიც, ოღონდ სხვანაირი ფერისააო, - ლევანამ.
ჰმ... მამწონს, მე რო მბაძავო, - კუბილიუსმა.
კეზერამ დამავალა, მაგას მიბაძე, მაგარი კაციაო, - ლევანამ.
ჰო, მაგრამ მარტო მობაძვა არ კმარაო, - კუბილიუსმა.
ისიც იქნება, მალე გადმორიცხავსო, - ლევანამ.
ჰოოო, მაშინ ჰოოოვო, - კუბილიუსმა.
კიდე უნდა დავფქვა, სამშობლოდან ბევრი სამწუხარო ამბავი ჩამოვიტანეო, - ლევანამ.
დაფქვი, ჩემი რა მიდისო? - კუბილიუსმა.
ჩვენ უკვე რუსეთის გუბერნია ვართ, სული გვეხუთება, ვიხრჩობით, სააკაშვილს ისევ აწვალებენ, ნიკა გვარამიას ისევ დასცინიან, ოპოზიციას არაფრად გვაგდებენ, თბილისის ქუჩებში სისხლის მდინარეები მოჩუხჩუხებს, პოლიტიკურად გვდევნიან, ღამე არ გვაძინებენ, წამოგვყრიან ხოლმე და ჭორვილაში მიწას გვათხრევინებენო, - ლევანამ.
რა მიწასო? - კუბილიუსმა.
რა მიწას და საკუთარ პოლიტიკურ სამარესო, - ლევანამ.
მაიცა, ჭორვილაში რათა, თბილისში მიწა არ არიო? - კუბილიუსმა.
არი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ჭორვილაში უსწორდება, ეგეთი ხოში აქვსო, - ლევანამ.
გასაგებია, ყველაფერს მივხედავთ, ერთი კაი რეზოლუცია ჩვენზე იყოსო, - კუბილიუსმა.
თქვენი მუხლების ჭირიმე, ოღონდ რეზოლუცია მიიღეთ, შიგ სააკაშვილი ჩაწერეთ და ისიც მალე გადმოირიცხებაო. ჰო, ბიძინა ივანიშვილი რო უნდა დასანქცირდეს, ეგ არ დაგავიწყდეთო, - ლევანამ.
ჩვენს ლპანეტა პლუტონსა ვფიცავ, არაფერი არ დაგვავიწყდებაო, - წამოსცდა კუბილიუსს.
მეგობრებო, ხშირად ჩვენ რომ ხუმრობა გვგონია და ვიცინით, ევროპარლამენტში სერიოზულად განიხილავენ ხოლმე. 14 ოქტომბერს მართლაც დაწერეს და 600-კაციან ასამბლეაში 56 ხმით მიიღეს რაღაც რეზოლუციის მსგავსი განცხადება, სადაც მოხსენებულია მიხეილ სააკაშვილი.
პრინციპში, მხოლოდ მოხსენიებული კი არ არის, 56 ევროდეპუტატი კატეგორიულად ითხოვს სააკაშვილის დაბრუნებას უკრაინაში. ერთმა ქალმა, გვარი ვერ გავარკვიე (ან კი რა მნიშვნელობა აქვს?) ტრიბუნაზე კიკინები გაიშალა და მუსკულები ათამაშა, გინდათ თუ არა, გაათავისუფლეთო. არ გაინტერესებთ, რეზოლუციაში მთავარ არგუმენტად რა ჩაწერეს? ეგ ადამიანი ვლადიმერ პუტინის ოპონენტია და სწორედ ახლაა საჭიროო.
რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა, რომ კვდება და ამ ამბავს ეგრევე გამოეხმაურა: ,,ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა, სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს''.
ხოხ, ისტორიულიო... სადაც თვითონ არის ნახსენები, ყველაფერი ზოგადსაკაცობრიო და ისტორიულია!
აი, ასე გასრულდა უცხოპლანეტელ ლევანას ვიზიტი ასევე უცხოპლანეტელ კუბილიუსთან. ახლა მაგას რომ ჰკითხოთ, ეს იყო ძალზედ ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი ვიზიტი ევროპარლამენტის ისტორიაში - ბოლო-ბოლო, რეზოლუციაში სააკაშვილი ჩააწერინა. ეს სააკაშვილს (ვითომ!) არ ახარებს, მაგრამ მაინც.
რაც შეეხება ხაბეიშვილისა და 56 ევროპარლამენტარის წარმომავლობას, ეგენი სავარაუდოდ, არიან პლუტონიდან. მართალია, მას პლანეტის სტატუსი გაუუქმეს, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა. რატომ პლუტონიდან? რავი, მეცნიერების მტკიცებით, ეგეთი ,,ტუფლები'' მხოლოდ იქ აცვიათ.
გელა ზედელაშვილი