მიხეილ სააკაშვილის მორიგი აფერა, კოდური სახელწოდებით - ,,ჭუჭუ''

მიხეილ სააკაშვილის მორიგი აფერა, კოდური სახელწოდებით - ,,ჭუჭუ''

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს რომ ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს, ამის თაობაზე უკვე იცით, ხომ? რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, თქვენ რა გამოგეპარებათ? მით უფრო, როცა ასეთ „სკანდალნი“ ამბავს ძალზედ ცნობილი „ადუკანტი“ ვალერი გელბახიანი გვატყობინებს. ისაო, ამას წინებზე გამოვიდა და... მიხეილ სააკაშვილისგან მხოლოდ ხერხემალი და ჭუჭუღაა დარჩენილიო. ვალერას ეხერხება რეალობაში მეტაფორული ხერხების გამოყენება, თქვენ გგონიათ, მიხეილისგან მართლა მხოლოდ ჭუჭუღაა დარჩენილი? არა, ამხელა ჩოილარისგან, წესით, კუდუსუნიც უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ესეც რომ ახსენოს, სიტუაცია „გალაითდება“, შავნოდარას სტილში აღარ გამოჩნდება.
„ადუკანტმა“ გელბახიანმა დიდი გულმოდგინებით ისიც განაცხადა, ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკიდან გაცლა იმიტომ გადაწყვიტა, საკუთარი სიცოცხლე რომ შეინარჩუნოსო. ყველა საკითხი მოიხსნაო, ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგასო, რა დროს პოლიტიკააო? მანამ, სანამ გელბახიანი ამას იტყოდა, მიხეილის ვაჟი (ედუარდი) გამოიყვანეს „ჭუტლექსვიზიით“ და ალაპარაკეს, როგორ ავადაა მამიკო, როგორ აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, როგორ აღარ უყურებს ქართულ არხებს, როგორ აქვს გადართული ტელევიზორი უკრაინულ არხებზე და ასე შემდეგ. საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი უმალვე მიხვდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მორიგი აფიორა დაიწყო. არ დაგავიწყდეთ, მანამდე ადვოკატად ყოფილი „ქოცი“ დაიყენა - შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატად თეთრ წყაროში გაამწესეს, მაგრამ ვერ ივარგა, წააგო, ჩაფლავდა. მიუხედავად ამისა, შემდგომშიც „ქართული ოცნების“ მომხრედ რჩებოდა, თითქოს „ნაცებს“ ებრძოდა, ახლა კი უცებ სააკაშვილის დამცველად მოგვევლინა. აი, ამიტომ არასოდეს არ უნდა თქვა - არასოდეს, არც თავი უნდა დადო ვინმეზე, მე ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ შალვა ხაჭაპურიძის „განაცებას“ ვერ წარმოვიდგენდი. რაღა შალვა, ვალერი გელბახიანიც ეგრე არ არი? წინა ხელისუფლების დროს, 2007 წლის შემდეგ დასაჭერად დასდევდნენ, ხან სად იყო გაქცეული, ხან სად იმალებოდა, ხან ვისთან აფარებდა თავს, მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დაბრუნდა, მოიკეთა, მელოტ თავზე ხელი გადაისვა და... ჰეეე, დაუწყო იმავე ივანიშვილს გინება. ხაჭაპურიძეს ჯერ ბიძინასთვის არ შეუგინებია, უბრალოდ მიხოს გამოშვებასა ლამობს, მაგრამ ამ ეტაპზე არ გამოსდის, ექსპერტების დასკვნას ვერ აკოწიწებს, „ემპათიის“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ვერ უწერს, გამოცდილება და პროფესიონალიზმი არ ჰყოფნის, ერთ ხანობას მოაჭორეს, მალე ამერიკელი ექსპერტები ჩამოვლენ და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლიანო, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც ამათი აფიორის ერთი ნაწილია, ჩამომსვლელები აქამდე ჩამოვიდოდნენ. თუმცა, შემდეგ დღეებში გაირკვა, რამდენიმე ტიპი მართლაც ჩამოვიდა, ჯანდაცვის სამინისტრომ საბუთები მოსთხოვა, ბოლო 5 წლის განმავლობაში სად მუშაობდით, ცნობები წარმოადგინეთო. ჯიშკარიანმა ქოშები უკუღმა ყარა, ეგ ხომ კომუნისტური მეთოდიაო? ცნობას სამუშაო ადგილიდან ვინღა ითხოვსო? ესე იგი, აშშ-დან სანტექნიკოსები რომ ჩამოვიდნენ და გვითხრან, ექსპერტები გახლავართო, უნდა დავუჯეროთ, ხომ? მაგალითად, მეფუტკრეებმა რომ დაწერონ, მიხა გაუშვით სამკურნალოდო, უნდა გავუშვათ, ხომ? ისე, კარგადაა გამოსაძიებელი ამ ე.წ. ექსპერტების ავანი და ჩავანი, შეიძლება საერთოდაც არაფერი აკავშირებთ მედიცინასთან. როგორც ინკოგნიტო წყარო მარწმუნებს, ხაჭაპურიძე გაჭედილია, ხელმოსაჭიდი არ აქვს, რომ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადოს და სამკურნალოდ ბადენ-ბადენში გააგზავნოს. ვნახოთ, რა იქნება, დაველოდოთ.
ახლა კი იმაზე, რატომაც წამოვიწყე ამ თემაზე წერა... მაშინ, როცა სააკაშვილის ადვოკატები და „ემპათიის“ ე.წ. ექსპერტები ათასნაირ სისულელეებს ლაპარაკობენ, თვით სააკაშვილი თავის მხედართმთავრულ  ნიჭს ანვითარებს და უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას აანალიზებს: 
„დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ. ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ“. 
ესე იგიო... 1800 რუსული ტანკი გავანადგურეთო (კიდევ კარგი, 18000 არ თქვა), საიდან ითვლის, რანაირად ითვლის, გაუგებარია. მისი დავთრების მიხედვით, უკრაინელებმა კი გაუნადგურეს რუსებს ტანკები, მაგრამ რუსებმა, ფაქტობრივად, ვერაფერი ქნეს, ერთი ტანკიც ვერ გამოიყვანეს მწყობრიდან. არა, ჩვენ კი ვხედავთ, ვინ არის განადგურებული, გადაბუგული და აღგვილი მიწის პირისაგან, მაგრამ ეს არ ითვლება, ჩვენ უნდა დავუჯეროთ აღქმას, და არა რეალობას. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი ოლექს არესტოვიჩი ამბობს, რუსეთს თურმე ბომბები უთავდება და მალე ომს კრახით დაასრულებს. ამ დროს ქართველების სიძე, რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი აცხადებს, რუსეთი უკრაინის მიმართულებით დღეში 1000 ბომბს ისვრის, თანაც 1964 წელს გამოშვებულსო. წარმოგიდგენიათ? თუკი ამ ეტაპზე პუტინი 1964 წლის მარაგს იშორებს, შემდეგი წლების მარაგებზე როდისღა გადავა? ან კი გუმანით მაინც ხვდებით, ეს მარაგები რამდენი იქნება?
აქ დიდი „მხედართმთავარი“ მიხეილ სააკაშვილი თავისებურად ანგარიშობს, თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, 240-300 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი დამარცხდესო. თან დასძენს,  ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობსო. 
„მხედართმთავარი“ განაგრძობს: „ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს. არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს, მე ეგ სიგიჟე მგონია - ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ, მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების. მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს, ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე“. 
იცის კაცმა საკუთარი გამოცდილებით, რამდენი დრო სჭირდება რუსეთის განადგურებას. ნაპოლეონ ბონაპარტი 6 თვე (1812 წელს) ებრძოდა რუსეთს და შინ ტალახში ამოგანგლული დაბრუნდა, ადოლფ ჰიტლერის ჯარებმა 5 წელიწადი ირბინეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ცეცხლით და მახვილით, მაგრამ ბოლოს იგივე ადოლფი იძულებული გახდა, გამოქვაბულში ჩასულიყო და... როგორც სოსო გოგაშვილის მეუღლე იტყოდა, პისტოლეტისთვის პირში ტყვია მიეცა. ერთადერთი, ვინც რუსებს ომი 1 დღეში მოუგო, ეს გახლდათ ჩვენი „მხედართმთავარი“ მიხა - დილით დაიწყო და საღამოს 5 საათზე დაამთავრა. არ გჯერათ? თუ არ გჯერათ, მაშინ ნახეთ 2008 წლის 12 აგვისტოს ჩანაწერები, იქ მკაფიოდ ჩანს, როგორ ზეიმობენ ქართველები რუსთაველზე დიად გამარჯვებას. ამაზე მოგვიანებით ჰოლივუდში ფილმიც კი გადაიღეს, კობა ნაყოფიას 20 მილიონი დოლარი გადაახდევინეს, შემდეგ პრეზენტაციაც გამართეს და იგივე კობა ნაყოფია გვერდით შერონ სტოუნს მოუსვეს. რაღა დაგიმალოთ და... ეს გახლდათ კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ არ წყვეტს ფული ყველაფერს - როდესაც ის ხარ, ვინც ხარ, რატომ უნდა შემოუჯდე გვერდით ისეთ კინოვარსკვლავს, როგორიც შერონ სტოუნია, ვერ უნდა მიხვდე, რომ კომიკური სურათი დაიხატება? თუ ვერ მიხვდები, დუპლეტი ხარ! 
სხვათა შორის, გარკვეულ წრეებში ამბობენ, რაც ენდი გარსიამ მიხა სააკაშვილი განასახიერა („აგვისტოს 5 დღე“), მას მერე ერთი ხეირიანი როლი აღარ ღირსებია, ჰოლივუდში სახელი გაიტეხა, მისი ავტორიტეტი საერთოდ გაპარტახდა. ენდი გარსიას შევეშვათ, მაგას იმდენი აქვს ნაშოვნი, არ დაიკარგება, თავის ცხოვრებას მიხედავს, ჩვენ კი ისევ ჩვენი ნამხედართმთავრალის „მსჯელობანს“ დავუბრუნდეთ, რომელიც „კლეტკაში“ ზის, 17 დაავადება (აქამდე 14 იყო, ამ დღეებში 3 დაემატა) აწუხებს და მაინც საკუთარ სამშობლოზე ფიქრობს. როგორც ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, თურმე ადამიანის ტვინის ხვეულებში არის ერთი ჭანჭიკი სახელწოდებით „მამულიშვილობა“, თუ ეს ჭანჭიკი კარგადაა მოჭერილი, 17 კი არა, 50 დაავადებაც რომ გაწუხებდეს, სამშობლოზე მაინც იფიქრებ. თუმცა აქ ერთიც უნდა ვაღიაროთ, ბატონ მიხას ჭანჭიკი ძალზედ უცნაურად აქვს მოჭერილი, თავის სამშობლოდ ხან საქართველო მიაჩნია, ხან კიდე უკრაინა, იყო დრო, ჰოლანდია და აშშ-იც მიაჩნდა, მაგრამ ახლა უკრაინაზე „მუშაობს“. 
ნახეთ, ტიპი ზუსტად ანგარიშობს, რუსების დასამარცხებლად მაქსიმუმ 300 დღეა საჭიროო. 1 წელიწადიც არ გამოდის. თან გადმოცემის სტილიც როგორი აქვს? ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლესო - გეგონება, საქართველოში კი არ იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, იქ არი, ხერსონში და ფრონტის ხაზზე უმთავრეს შეტევას ხელმძღვანელობს. აი, ეს არი აღქმა - შეიძლება იყო კამჩატკაზე, მაგრამ ამავე დროს საბრძოლო მოქმედებებს უხელმძღვანელო ხერსონში, თუნდაც კიევში, თუნდაც ქაბულში, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, კარგად გქონდეს განვითარებული აღქმის უნარი!
რა არის საჭირო სრული გამარჯვებისთვის? რას გვეუბნება ამის თაობაზე დიდი „მხედართმთავარი“? სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება: 
„სერიოზული დისონანსი შეიტანა „ჰაიმარსებმა“ ბრძოლის ველზე - ყოველდღე საშუალოდ 5 საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს „ჰაიმარსი“. დახმარების ახალ პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად“.
აჰა, აკი, გეუბნებოდით? ტიპი საქართველოშია, ერთ-ერთი კლინიკის საწოლს ვერ ააგლიჯეს და ამავე დროს ამერიკელებმა მნიშვნელოვანი რაკეტები გადასცეს რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად. ესეც წევს და ანადგურებს, მეტი რა საქმე აქვს? აცალეთ, 10 თვე სჭირდება რუსეთის სრული განადგურებისთვის. 
დაბოლოს,
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წამოწოლილი მხედართმთავარი „სავანტყოფოდან“ ყოველთვის ოპტიმისტურ პროგნოზებს გვიგზავნის და თავადაც თავდაუზოგავად იბრძვის, პერიოდულად მაინც გაახსენდება ხოლმე, რომ „კლეტკაშია“ და ასეთ განცხადებებს აქვეყნებს:
„ჩემი გული უკრაინაშია. გასაოცარია უკრაინელი ხალხის ერთიანობა, ჯარისკაცების გმირობა და პრეზიდენტის ლიდერობა. მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ვემახსოვრები“.
ნახეთ, თავიდან წაიპატრიოტა, უკრაინელთა გმირობანიც მოიწონა, მაგრამ ბოლოს მაინც კოჭი სათავისოდ გააგორა - დარწმუნებული ვარ, უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ, ვემახსოვრები და ალბათ წამიყვანენო. 
წაყვანისა რა მოგახსენოთ... ამას ურჩევნია, ისევ მხედართმთავრობას მიაწვეს და აშშ-დან გამოგზავნილი იარაღი ჩაიბაროს.
ისე, ცხონებული ნაპოლეონიც ზუსტად ეგეთ დღეში იყო, როცა წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, ერთ ხანობას მიღების დღეებიც კი დააწესა და თათბირებსაც ატარებდა საკუთარ თავთან. როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა დიდი მხედართმთავრების ცხოვრება, უფრო მეტად კი ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ. 

P.S. ამ დღეებში აშშ-დან ვიღაც ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც თურმე გაოგნებულნი დარჩენილან, ეგეთი აშლილობა აქამომდე არსად გვინახავსო. ვნახოთ, რას დაწერენ. 

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი''