მეუფე შიო: რწმენის გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერ ცოცხლობს სინამდვილეში
“რწმენის გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერ ცოცხლობს სინამდვილეში. ზოგი ვერც აცნობიერებს ამას, მაგრამ სინამდვილეში ყველას რაღაცის ან ვიღაცის სწამს. უბრალოდ, საქმე ისაა, ვისი რწმენაა უფრო მართებული და ღვთისთვის სათნო”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.
მეუფე შიომ მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს სახარება მოგვითხრობს, რომ უფლის მკვდრეთით აღდგომის პირველივე დღეს იგი ეცხადება თავის მოციქულებს, რომელთა შორის არ იმყოფებოდა თომა მოციქული. შემდეგ, როდესაც მოციქულებმა მოუთხრეს თომას ამ გამოცხადების შესახებ, თომა დამწუხრდა, რომ არ იმყოფებოდა მათთან ერთად და თქვა ასეთი სიტყვები, რომ „სანამ ჩემი ხელით არ შევეხები მის ნალურსმებს და ჭრილობებს, არ ვირწმუნებ მის მკვდრეთით აღდგომას“.
მას შემდეგ ხალხში გავრცელდა კიდეც ასეთი გამოთქმა, რომ „აი, ურწმუნო თომა“, – იტყვიან ხოლმე ადამიანზე, მაგრამ სინამდვილეში, ეს არცთუ სამართლიანია თომა მოციქულის მიმართებით, რადგან წმინდა წერილიდან ვიცით, რომ იგი იყო ძალიან მორწმუნე, ერთ-ერთი ყველაზე მოშურნე და ვაჟკაცური ადამიანი, ერთგული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
მაშ, რატომ უპასუხა ასე მოციქულებს? ეს სულაც არ არის გასაკვირი ჩვენთვის, იმიტომ რომ მოციქულებმა მას მოუთხრეს ისეთი გამოცდილების შესახებ, რომელიც მანამდე არც მათთვის და არც თომა მოციქულისთვის იყო ნაცნობი. ეს არის მკვდრეთით აღდგომილ იესო ქრისტესთან ურთიერთობა, მასთან შეხვედრა. უცხო, ახალი იყო ეს მათთვის და თომამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბავშვურად გამოხატა ეს. ვიმეორებ, ურწმუნო კი არ იყო, არამედ მან გამოხატა თავისი მოშურნეობა, თავისი გულისტკივილი, რომ ნაკლული აღმოჩნდა, ნუგეშს რომ მაკლდა და ასე თქვა: „მე თუ არ დავინახავ ჩემი თვალით, თუ არ შევეხები მას, არ ვირწმუნებო“.
მართლაც, ერთი კვირის შემდეგ, როდესაც კვლავ გამოეცხადა უფალი მოციქულებს, თომაც მათთან ერთად იმყოფებოდა და უფალი უკვე თომას მიმართავს: „მოდი, თომა!“ – გაიხსნის თავის შესამოსელს და ეტყვის: „მოდი და შემეხე. შეეხე ჩემს ჭრილობებს, ჩემს ნალურსმებს“. რა თქმა უნდა, თომას აღარ სჭირდება შეხება ქრისტეს სხეულისა, არამედ ის უმალვე აღიარებს მას ღმერთად და იტყვის: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“
აი, ასეთი სახარებაა დღეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ უფალმა იესო ქრისტემ განგებულებითად მოაწყოს, რომ ეს ასე მომხდარიყო, როგორც ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მასთან და მის წმინდა ეკლესიასთან, იმისთვის, რომ გაკვეთილი მიეცა მოციქულებისთვისაც, თომასთვისაც და ყოველი ჩვენგანისთვისაც, რადგან, როგორც იცით თქვენ, მოციქულები ემზადებოდნენ მთელ იმჟამინდელ სამყაროში საქადაგებლად, მათ უნდა „მოენადირებინათ“ ადამიანები ქრისტესთვის, მიეყვანათ ქრისტესთან, რათა მარადიულად უფალში ყოფილიყვნენ ისინი. ამ ადამიანთა შორის, რა თქმა უნდა, ყველა ისეთი იყო, ვისაც ქრისტე არ უნახავს. ამიტომ ამბობს უფალი ასეთ სიტყვებს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენც არ გვინახავს უფალი და ამიტომ ამბობს ამ სიტყვებს უფალი: „რაკი შენ მე მიხილე, ამიტომ მიწამე, და ნეტარ არიან, რომელთა არ ვუხილავარ და მაინც მიწამებენ“. ეს უკვე ჩვენ გვეხება, რომ ჩვენც არ გვინახავს უფალი, მრავალი ჩვენგანი არც იერუსალიმში არ არის ნამყოფი, მაგრამ ეს სულაც არ გვიშლის ხელს, რომ შინაგანი თვალითა და ჩვენი რწმენით შევხვდეთ, ვიხილოთ უფალი. რატომ? იმიტომ, რომ სულიერი ცხოვრებისთვის უმთავრესია ადამიანის გულის მდგომარეობა. გული – ეს არის ჩვენი უკვდავი სული, გულს ვუწოდებთ ჩვენ მას, ცენტრია ჩვენი სულისა. აი, მთავარია, ამ გულში რა ხდება. უფალს უნდა, რომ ჩვენი გულით მივიღოთ ის ყველაფერი, რაც იესო ქრისტემ იქადაგა და მოიტანა, თორემ გარეგნულად, რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანმა ისწავლოს შესანიშნავი ქცევა კარგი აღზრდის მეშვეობით. ეს ძალიან კარგია, ყველას მოსწონს ზრდილობიანი და დახვეწილი ადამიანი, არავის მოსწონს უტიფარი და გაუზრდელი ადამიანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უფალი გამოგვეცხადოს ჩვენ და სათნო ვეყოთ უფლისთვის.
შემდეგ აი, როგორც თომამ თქვა, რომ „თუ არ დავინახავ, არ ვირწმუნებო“, როგორც მოგახსენეთ, შინაგანად, სინამდვილეში, მას ჰქონდა დიდი მისწრაფება, ლტოლვა იმისკენ, რომ უფალს შეხვედროდა. დღეს მრავალი ადამიანი ასე ფიქრობს, ოღონდ აი, ამ ლტოლვის გარეშე – „სანამ არ ვნახავ, სანამ არ შევეხები, არ ვირწმუნებ“. და უფალმა ეს სიტყვები რომ თქვა, – „ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მრწმენეს“, – ამით უფალი გვეუბნება, რომ არსებობს უფრო მაღალი დონის შემეცნება, ვიდრე ჩვენი გრძნობითი ორგანოების მიერ მიღებული ცოდნა. გრძნობითი ორგანოები – ეს არის შეხება, ყნოსვა, მზერა, სმენა, დაგემოვნება.
მართლაც, თუ ადამიანი იმეცნებს, სწავლობს ამ სამყაროს მარტო აი, ამ გრძნობების მეშვეობით, ე.ი. წარმოიდგინეთ, როგორი ღარიბია ადამიანის ცოდნა. ეს ნიშნავს, რომ უარყოფილი და უკუგდებულია მთელი სფერო სულიერი მოღვაწეობისა, გონითი, მჭვრეტელობითი მოღვაწეობისა, ღვთისმეტყველება, ის სფერო, სადაც ადამიანი აზროვნებს, ხელოვნების სფერო, რომელიც არ იზომება, არც იწონება, არც შემოიფარგლება მხოლოდ აი, ამ გრძნობითი ორგანოების ცოდნით. ეს ცოდნაც, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ არ არის საკმარისი. თუ ამაზე დაიყვანება მთელი ცოდნა ადამიანისა, რომ „თუ არ შევხედავ, არ ვირწმუნებ“, მაშინ, აი, როგორც ერთ-ერთმა საეკლესიო მოღვაწემ ბრძანა, ეს იგივეა, რომ ფერწერული ტილოს მშვენიერება შევაფასოთ ქიმიური ანალიზის მეშვეობით. აი, ასეთი გაუბრალოებაა.
ამიტომ ამბობს უფალი, რომ რწმენა – ეს არის უმაღლესი, უფრო მაღალი შემეცნების გზა, ცოდნის გზა, სადაც ადამიანს ეხსნება ეს სულიერი რეალობა, ეცხადება უფალი, სადაც ადამიანი ხედავს და გრძნობს უხილავს, სულიწმიდას.
აი, ასეთი საოცარი სახარება გახლავთ დღეს. და აი, ამ რწმენის გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერ ცოცხლობს სინამდვილეში. ზოგი ვერც აცნობიერებს ამას, მაგრამ სინამდვილეში ყველას რაღაცის ან ვიღაცის სწამს. უბრალოდ, საქმე ისაა, ვისი რწმენაა უფრო მართებული და ღვთისთვის სათნო. დღევანდელი სახარებიდან ჩანს ისიც, რომ უფალი იესო ქრისტე ზრუნავს არა მარტო თომასთვის ამ შემთხვევაში, არამედ ყველა ჩვენგანისთვის.
აი, როგორც უფალი გამოეცხადა თომას, რომელსაც სწყუროდა უფლის ხილვა, ასევე მზად არის უფალი, უკლებლივ ყველა ადამიანს მისცეს რწმენა და გამოეცხადოს, ვინც მოინდომებს მთელი გულით მასთან სიახლოვეს, მის შემეცნებას. რატომ? იმიტომ, რომ უფალს უყვარს ყველა ადამიანი და თუ შეიძლება ჩვენც ასეთი ადამიანური ენით გადმოვცეთ, – უფალს ენატრება ჩვენთან ყოფნა, ჩვენთან ურთიერთობა, იმდენად ვუყვარვართ ჩვენ. ჩვენ ეს ხშირად გვავიწყდება. მას ვენატრებით, მას უნდა ჩვენთან ყოფნა, ჩვენთან ურთიერთობა, მას უნდა, რომ ჩვენ გამოვსწორდეთ, ჩვენი ცხოვრება გამოსწორდეს, მას უნდა, რომ ჩვენც ვიყოთ მასავით მოსიყვარულენი, მოწყალენი, კეთილნი, ლმობიერნი და სულგრძელად ელოდება ამ ჩვენს გამოსწორებას, რომ ჩვენ შევწყვეტთ ცოდვილ ცხოვრებას. აი, როგორც დედა ენდობა შვილს, მიუხედავად იმისა, როგორი დაცემულიც უნდა იყოს შვილი, მაინც იმედს არ კარგავს დედობრივი სიყვარული, ელოდება და მაინც უყვარს. აი, ასე არის ღმერთიც. რა თქმა უნდა, როგორც ყოველი დედა და ყოველი მშობელი, იგი მოითხოვს საპასუხო სიყვარულს. ასე რომ, ჩვენ როცა მივმართავთ ღმერთს ხშირად, მასაც უხარია. იგი ხარობს ჩვენი ლოცვით, თუ ეს ლოცვა არის დაფუძნებული სარწმუნოებასა და ჩვენს საპასუხო სიყვარულზე“,- განაცხადა მეუფე შიომ.