მემორანდუმი აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსთან

მემორანდუმი აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსთან

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, აფხაზეთის ა/რ-ს იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსთვის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ომში და ომის შემდგომ დაღუპულთა/გარდაცვლილთა ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემების მემორანდუმით დადგენილი წესით პერიოდულად გადაცემას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

აღნიშნული პირების პერსონალური მონაცემების სამინისტროსთვის გადაცემის მიზანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის №59-ძ/ს ბრძანებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.