ლევან რატიანი: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდს ნებისმიერი ბრძოლის მოგება შეუძლია

ლევან რატიანი: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდს ნებისმიერი ბრძოლის მოგება შეუძლია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ მისი ექიმების გუნდს ნებისმიერი ბრძოლის მოგება შეუძლია.

მისი თქმით, კლინიკაში დასაქმებულ პერსონალს ძალიან დიდი პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვს და მეორე ასეთი პრეცედენტი არ არსებობს.

„პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მე მყავს გუნდი, რომელსაც ნებისმიერ ბრძოლაში მოგება შეუძლია. ეს არის პირველი სახელმწიფო კლინიკა, სადაც მედიცინისა და მეცნიერების სიმბიოზია. აქ არის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესურა, რომელსაც ძალიან დიდი პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მეორე ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ასეთი გუნდით კიდევ უფრო გავაძლიერებთ კლინიკას და მეტ გამოწვევას დავძლევთ.

კლინიკაში ვინც მუშაობს, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი მთავარი პრიორიტეტია პაციენტი. პაციენტი უნდა იყოს მოვლილი, დიაგნოსტირებული, ნამკურნალევი და კმაყოფილი. არასდროს არავის ვპატიობ, როდესაც პაციენტებთან ურთიერთობაში რაიმე შეცდომას უშვებენ“- ამბობს ლევან რატიანი.