ლამის სახლში შემოიჭრას ჯღანი - ,,ნაციონალების'' მმართველობის გადმონაშთი წერეთლის გამზირზე!

ლამის სახლში შემოიჭრას ჯღანი - ,,ნაციონალების'' მმართველობის გადმონაშთი წერეთლის გამზირზე!

(აშკარა დაუჯერებელი)

რასაც ფოტოზე ხედავთ და რასაც ახლა წაიკითხავთ, აშკარად დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ეს ხდება 2009 წლიდან დღემდე წერეთლის გამზირზე, შუაგულ თბილისში და დასასრული კიდევ არ უჩანს. ეს გახლავთ წერეთლის 55/1, კომუნისტების მიერ აშენებული კორპუსი და ზედ მიდგმული ფანჩატური, რომელიც, თავადვე ხედავთ, მთლიანად ფარავს პირველი სართულის ფანჯრებს. ალბათ ფიქრობთ, ასეთი რაღაცის ჩადგმის (ამას შენობას ვერ ვუწოდებთ) უფლებას შესაბამისი ორგანოები არავის მისცემდნენ, უთუოდ ვინმე თავზე ხელაღებული იქნება ამის ავტორიო. არაფერიც, ცდებით, გეშლებათ, 2009 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „წერეთელი 55“-ის თავმჯდომარემ, ქეთევან ბალალაშვილმა თბილისის მერიაში წარადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2009 წლის 27 ოქტომბრისა და 10 ნოემბრის კრების ოქმები, რომელთა საფუძველზეც არქიტექტურის სამსახურმა ამავე წლის დეკემბერში გასცა ნებართვა (ბრძანება #01/1792), ამხანაგობის კუთვნილ მიწაზე ჩადგმულიყო ფანჩატური (მშენებლობის სანებართვო მოწმობის ნომერი გახლავთ #ნ/1828-1). ამ დოკუმენტაციით მოქალაქე მიხეილ კანდელაკს მიეცა უფლება, გაეკეთებინა ის, რასაც ახლა თქვენ ხედავთ ფოტოზე. ეს ტერიტორია და ფანჩატური შემდეგ დარეგისტრირდა ამ უკანონობის ჩამდენზე, ხოლო მოგვიანებით გადაიყიდა ნანა ჩხაიძესა და გოჩა ცუკილაშვილიზე. კი, ბატონო, აღნიშნული ფანჩატური უკვე გადაიყიდა ორჯერ და ბოლო ორ ადამიანს შეუძლია თქვას, ჩვენ პატიოსანი მყიდველები გახლავართო, მაგრამ 2010 წლის აპრილში, როცა ამ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა თბილისის მერიაში იჩივლეს და იგივე მერიაში მიხვდნენ, ეს რა სისულელე ჩავიდინეთო, ახალი განკარგულება გამოსცეს (19 აპრილის განკარგულება #1325) და ადმინისტრაციული აქტები გააუქმეს. განკარგულების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია გარემოება, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის, ქეთევან ბალალაშვილის მიერ დარღვეულია კანონმდებლობა, თურმე მშენებლობის ნებართვის აღებისას არ არსებობდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ერთხმად მიღებული თანხმობა ფანჩატურის აშანების თაობაზე. ეს განკარგულება ახლა ,,მეფანჩატურეებმა’’ გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მაგრამ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც უკვე 2011 წელს, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია. ასე და ამგვარად, მეგობრებო, ყველა ინსტანციამ დაადგინა, რომ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, წერეთლის გამზირზე, ეს სიმახინჯე აშენებულია ყოველგვარი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, დაჯარიმებულები არიან კონკრეტული პირები და მათვე დავალებული აქვთ უნებართვოდ განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის დემონტაჟი. თუმცა, არც ამას დაიჯერებთ, ყველა ინსტანციაგავლილი საქმე, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მერიის 2009 წლის გადაწყვეტილება, ანუ ნებართვა უკანონო იყო, ისევ აღმოჩნდა სააპელაციო სასამართლოში, ოღონდ ახლა უკვე სხვა ვერსიით - ,,მშენებლებმა’’ ახლა დემონტაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სიტუაცია ჩააბეტონეს - გადის თვეები, წლები და საბოლოო ვერდიქტი არავის გამოაქვს. სასამართლოში ,,გაჭედილი’’ საქმე გადაულახავ ზღუდედ იქცა მერიის შესაბამისი სამსახურის წინაშე, უკვე 17 წელიწადია, ვერ ახერხებს თბილისის ცენტრალურ უბანში, დიდუბის პანთეონი მოპირდაპირედ უკანონობის არმოფხვრას.

სხვათა შორის, ამ საბირჟაო და სალოთაო (სამწუხაროდ, ეს ადგილი ასე წაიბილწა) ფანჩატურით პოლიციაც უნდა დაინტერესდეს. მით უფრო ახლა, როცა ლუდისა და არაყის სმის სეზონი მოდის. არც ზამთარში აკლებენ, მაგრამ ახლა ბევრს ტვინიც უცხელდება და არის ხოლმე გამიშვი-დამიჭი-გამატარე. ყოველ შემთხვევაში, ამ კორპუსში მაცხოვრებლებს უკვე ეშინიათ ზაფხულისა და ფანჯრების გაღებისა, რადგან 24 საათის განმავლობაში უნდა ისმინონ: ,,ჩემი დედა’’, ,,შენი დედა’’, ,,იმნაირი ვიყო’’, ,,ამნაირი ვიყო’’. ხომ ხვდებით, მე კი მაინც ზრდილობიანად დაგიხატეთ სიტუაცია, მაგრამ სინამდვილეში რა ამბავი იქნები, მაგასაც იოლად წარმოიდგენთ.  

ალბათ თქვენც გაიფიქრეთ, რომ არა ვინმე დიდი მფარველი, ჯერ 2009 წელს ვინ გასცემდა ასეთ სიმახინჯეზე ნებართვას და შემდეგ ვინ არ დაანგრევდა ულაპარაკოდ? ამაზე კორპუსის მაცხოვრებლებიც ეჭვობენ, ზოგიერთი მიანიშნებს კიდევაც, რომ ,,ნაცების’’ ხელი ურევია, მაგრამ იცით, მაინც ძნელი დასაჯერებელია, ასეთ მარტივ და არაფრის მაქნის კონსტრუქციაზე თვალი ვის უნდა ეჭიროს? ვის რაში სჭირდება? ეს ხომ მხოლოდ სირცხვილი და თავის მოჭრაა? ისე, ,,ნაცი’’ და სირცხვილი? ესეც საფიქრებელია.

პატივცემულო მოსამართლევ, ძვირფასო მერიავ (სანამ საქმე სასამართლოშია, თქვენ რა უნდა ქნათ, მაგრამ მაინც), პოლიციავ, შესაბამისო ორგანოებო, დახედეთ ფოტოს, უბრალოდ სირცხვილია, თანაც ისეთი სირცხვილი, არანაირი სასამართლო და განაჩენი რომ არ სჭირდება, დაუწერელი კანონიც კი აცხადებს, დაუყოვნებლივ დაანგრიეთო.

გელა ზედელაშვილი