კრამიტებჩამტვრეული
იცით, ამ ქვეყნის ნაწილობრივი უბედურება რა არის? ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის თავისი ადგილი, ზომა, წონა და დანიშნულება. ზოგი ისეა ცხოვრებისეული გრაფიკიდან ამოვარდნილი, დღეს საღამოსვე შეუძლია სახელმწიფო საქმეების გადაბარება, მოგვარება, პრობლემების დალაგება და მთავრობის მეთაურად მუშაობა. პრინციპში, ბევრს უმაღლესი თანამდებობაც არ სჭირდება, თუ სახელმწიფოს ,,ღუმელთან'' მივუშვებთ, საქართველოს, სულ მცირე, ორიოდ თვეში საზოგადოებრივ საწყისებზე ააყვავებს. არა, ხელფასი რა საკადრისია, როცა სამშობლო განსაცდელშია? ასეთ ბრიყვთა შორიან ისეთი აპრაკუნე ჭიმჭიმელებიც, დედამიწის ზურგზე ყველას რომ ეტოლებიან, ყველას რომ ებრიქებიან და ყოველ საღამოს ტელევიზორში ისე მსჯელობენ, გეგონება მსოფლიო კეთილდღეობა მხოლოდ მათ ხასიათზეა დამოკიდებული. რამდენიმე დღის წინ გრიგოლ გეგელიას ვუსმენდი (ვუსმენდი რა, შემთხვევით ყური მოვკარი), რატომღაც პოლიტიკოსს, რატომღაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრსა და რატომღაც კარგად მოსაუბრეს. შეხედავ ამ ტიპს, თავისი გონებრივი თუ ფიზიკური მონაცემებით არც პოლიტიკოსია, არც დეპუტატია, არც ნორმალურად მეტყველია (პირში მუდამ ცხელი კარტოფილი უდევს და ძნელად მიხვდებით, რაზე ქოთქოთებს). საინტერესოა, რა მოეწონა მამუკა ხაზარაძეს მასში, რომ ეს 0000%-იანი ,,მასტი'' თავის ,,ლელოში'' წაეყვანა და ,,კაცად'' ექცია? როგორც ჩანს, ხაზარაძის გემოვნებაში ნამდვილად ჯდება გაუგებარი გეგელია, რადგან თვითონაც გაუგებარი წარმოშობის ბანკირი და პოლიტიკოსია, მით უფრო პიროვნება. აბა, მითხარით, რანაირად უნდა ჰქონდეს მამუკა ხაზარაძეს დახვეწილი გემოვნება, საიდან და როგორ?!
ისევ გეგელიას დავუბრუნდეთ, ხაზარაძეს თავისი უბედურებანი ეყოფა... მოკლედ, გამოიყვანეს ეს ,,დიიიიდი'' პოლიტიკოსი ვახუშტი სანაიას გადაცემაში (კეზერაშვილის ,,ფორმულაში'') და ალაპარაკეს, დღეს მთავარია, ამ ქვეყანაში დებიძინიზაცია მოვახდინოთო. ესე იგი, გრიგოლს ჩაუფიქრებია, გრიგოლიჩი ჩამოშალოს და ქვეყნიდან გააძევოს. მეტიც, მას თავის ,,უმფროს'' ხაზარაძესთან ერთად შეუმუშავებია საქართველოს დერუსიფიკაციის პროგრამა. მათი აზრით, დღეს ჩვენს ქვეყანაში, ანუ მათ სამშობლოში მიდის რუსიფიკაცია, გასულია ასი ათასობით ქართველი და შემოსულია ათჯერ მეტი რუსი. გრიგოლის მტკიცებით, აი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც პატრიოტებმა უნდა დაუპირისპირონ ბრძოლა უკლებლივ ყველა ფრონტზე. თურმე დღეს მთავარია დებიძინიზაცია, საჭიროა შხამად ქცეული ოლიგარქის გაგდება.
ვიმეორებ: ხაზარაძისა და გეგელიას მტკიცებით, დღეს საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის, ევროპისთვის, რეგიონისთვის, მთელი სამყაროსთვის მთავარია დებიძინიზაცია, ანუ შხამად ქცეული ოლიგარქის გაგდება.
უკაცრავად, საიდან გაგდება?
საიდან და ჯერ პოლიტიკიდან, ცხოვრებიდან, შემდეგ კი ქვეყნიდან, თავისსავე სამშობლოდან, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ამდენი ენერგია დახარჯა, აღარაფერს ვამბობ ფინანსებზე, ქველმოქმედებაზე.
მოუსმენ ამ უდღეურებს სადმე, ან ტელევიზორში, ან რადიოში, ან თავყრილობაზე და უნებლიედ მოკვდები სიცილით. არა, ამათი მომსმენი ვინ არი... უბრალოდ თუ მოჰკრავ ყურსა და თვალსა. გთხოვთ, გემუდარებით, ხალხი არა ხართ? გრიგოლ გეგელიას მიერ ერთი გაკეთებული საქმე მანახეთ, დამისახელეთ... ერთი დარგული ხე მაჩვენეთ, ერთი გადარჩენილი ადამიანის გვარი მითხარით... კაი, ამდენი არ მინდა, ერთი აგური მაჩვენეთ მეორე აგურზე დადებული, თუნდაც ქვა ქვაზე დადებული, ან გადატრიალებული. ვერა, ვერ მაჩვენებთ, სამაგიეროდ, ამ ჩუტრუკს (ვირის შვილს) პრეტენზია აქვს, ბიძინა ივანიშვილი უნდა გააგდოს საქართველოდან.
აუცილებელი გადახვევა
ჩვენში ზოგიერთი ადამიანის ბიოგრაფია და ცხოვრების სტილი ერთმანეთს არ ემთხვევა. სწორედ ასეთთა რიცხვს განეკუთვნება გრიგოლ გეგელია, რომლის თავი ძალიან ჰგავს მუხის ფუღუროს - იქ ხან ჩიტები ჟღურტულებენ, ხან კიდევ კოდალები აკაკუნებენ. არადა, მის ვიკიპედიურ მონაცემებს რომ გადახედოთ, პირს დააღებთ, განათლება აქვს მიღებული, მიდი - მოვდივარ... ტიპს გამოვლილი აქვს ლონდონის კოლეჯი, ბრისტოლის უნივერსიტეტი, ფლორენციის ევროპული ინსტიტუტი, სადაც დოქტორიც კი გახდა. რაც მთავარია, გრიგოლს კარგად აქვს გაზუთხული მაკიაველი და მაკიაველიზმი, ამ კუთხით დაწერა სამაგისტრო ნაშრომი ლონდონში სწავლისას.
ამას ევროპაში სწავლა-განათლებისა რა ეტყობაო? - იკითხავთ თქვენ და მართლებიც იქნებით, არაფერი ეტყობა. ხშირად ისეც ხდება ხოლმე, ადამიანი ერთი, თითქოს უმნიშვნელო დეტალით იშიფრება... აი, მაგალითად, დავით უსუფაშვილიც ხომ ევროპიულად არის განსწავლული? კაცი კომუნისტურ პარტიაში შევიდა 1989 წლის 10 აპრილს, 9 აპრილის ტრაგედიიდან მეორე დღეს. ჰოდა, ამ გრიგოლიც ბიოგრაფიაც რაღაც უცნაურად იწყება - დაიბადა 1991 წლის 8 თებერვალს საქართველოს სსრკ-შიო. არადა, გრიგოლი რომ დაიბადა, საბჭოთა კავშირი თვენახევრის დაშლილი იყო (1991 წლის 26 დეკემბერი). შეიძლება განათლება ევროპაში მიიღო, შეიძლება ინდოეთის ოკეანეც გადაცურო, ხმელთაშუა ზღვაშიც ვეშაპივით გაიშლიგინო, მაგრამ შენს თავში ტაშს ისევ კომუნისტები უკრავდნენ. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მექმნება, როცა ამ პატარა ცახესის ლაპარაკს ვისმენ.
წარმოგიდგენიათ? ამან, ამ ნაცარქექიამ უნდა გააგდოს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი სამშობლოდან?
განა რამე? განა გეგელიებისა და ხაზარაძეების ჩანაფიქრი ,,განხორციელებადია''? სულაც არა, მე ადრეც ვთქვი და ვიმეორებ: ვინც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა და მისი გაძევება მოინდომა, მაგათგან ზოგი ფსიქიატრიულშია წასაყვანი, ზოგი ციხეში ზის, ზოგი კიდევ საკუთარ თავსაც ვეღარ სცნობს, აღარაფერს ვამბობ ოჯახის წევრებზე. გეგელია სადღაც შუაშია, ხან ხონშია გადასაყვანი, ხან გაჩიანში, ხან სახლში დასაბმელი. ეს საცოდავი იმ გლეხსა ჰგავს, ეკლესიას რომ მიადგა და დაიწყო - აბა, ღმერთი სად არი, რატომ არაფერი დამმართა, რატომ არაფერს მიშვრებაო? ამ დროს მღვდელმა გამოყო თავი და დაუძახა, უფალმა მეტი რაღა უნდა გიყოს, რაც შეიძლებოდა, უკვე უქნიაო. ესეც ეგრეა, რაც საჭირო იყო, ამისთვის უფალს უკვე უქნია (დიდი ამან არ იცის, პატარა ამან არ იცის და ვის უნდა დაეტოლოს, არც ის იცის), მეტი რაღა უნდა უყოს?
რაც მთავარია... კრამიტები აქვს ჩამტვრეული!
გელა ზედელაშვილი