კახა ძაგანია: ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე

კახა ძაგანია: ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტების ჯგუფს შეხვდა. დეპუტატმა სტუმრებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ის მიმართულებები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და მართლწესრიგის უზრუნველყოფის კუთხით ტარდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყანაში ადამიანი, მისი უფლებების და იმ ღირებულებების დაცვა წარმოადგენს.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საკანონმდებლო პროცესში მნიშვნელოვანია აკადემიური წრეებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელთა მოსაზრებების, შეხედულებების და წინადადებების გაცნობა და აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი კახა ძაგანია ამბობს ,ლიდერთან'' საუბარში, ბატონმა ალუდა ღუდუშაურმა სტუმრებს სხვადასხვა კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებები გააცნო, უფრო კონკრეტულად - ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის კუთხით:

- ბატონო კახა, ეს უთუოდ კარგი წამოწყებაა და ასევე გახლავთ მნიშვნელოვანი პრაქტიკა სტუდენტებისთვის, ეს იყო ერთჯერადი ღონისძიება თუ მომავალშიც იგეგმება მსგავსი გასვლები?

- რასაკვირველია, ეს არ არის ერთჯერადი, ჩვენ კიდევ უამრავი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. ამაზე უახლოეს ხანში ვისაუბროთ. რაც შეეხება კონკრეტულ შეხვედრას, იქ აღინიშნა, რომ დღეს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყანაში ადამიანი, მისი უფლებების და იმ ღირებულებების დაცვა წარმოადგენს, რაც ადამიანის ღირსებას უკავშირდება. როგორც იცით, საკანონმდებლო პროცესში მნიშვნელოვანია აკადემიური წრეების და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელთა მოსაზრებების, შეხედულებების და წინადადებების გაცნობა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე და ქვეყნის განვითარების მომავალი. ვისაუბრეთ უკვე განხორციელებულ რეფორმებსა და იმ მიმართულებებზე. დადგება დრო, როცა საკანონმდებლო საქმიანობას გადაიბარებს მომავალი თაობა და სწორედ ეს თაობა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გაწვრთნილი. 

- რას ამბობს ალუდა ღუდუშაური, კმაყოფილი დარჩა?

- დეპუტატმა შეხვედრის ბოლოს აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ეცოდინება აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, სტუდენტებს და ზოგადად საზოგადოებას, მით მეტი ჩართულობა იქნება და ურთიერთთანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. ჩვენ შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზეც შევთანხმდით, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებითაც, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებების წარდგენის მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ... ასე რომ, შემიძლია ვთქვა, შეხვედრა ნამდვილად პროდუქტიული იყო.