კახა ძაგანია: ვადამდელი არჩევნები 12 პუნქტის შესრულებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს

კახა ძაგანია: ვადამდელი არჩევნები 12 პუნქტის შესრულებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო მკვეთრი გახდება, – ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, კახა ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ძაგანიას თქმით, ვადამდელი არჩევნები ქვეყნისთვის საზიანო იქნება.
„მნიშვნელოვანი საკითხია ის 12 პუნქტი, რომლის შესრულებაც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან ქარცეცხლია. ყველა ვხედავთ, რუსეთი რას აკეთებს უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომია გაჩაღებული. ვხედავთ, თურქეთი როგორ გაძლიერდა და რამხელა გავლენები აქვს. საქართველო მშვიდობის ოაზისად დარჩა. ჩვენთვის მთავარი ამის შენარჩუნებაა. ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეხედულებით, საქართველო ამ მშვიდობას პარტნიორებისა და მეგობრების გარეშე ვერ შეინარჩუნებს. პარტნიორის 4 ვარიანტია, ესენია: ბრიუსელი, ვაშინგტონი, ანკარა, მოსკოვი. ჩვენი აზრით, საქართველოსათვის პარტნიორობისა და მეგობრობისთვის ბრიუსელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალტერნატივაა. საქართველომ და ქართველმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული. აუცილებელია, ქართველი პოლიტიკოსები დასხდნენ და დეპოლარიზაციის მოთხოვნა შეასრულონ. რა მაქვს მხედველობაში: „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა და ამბობს, ვადამდელი არჩევნები ჩავატაროთო. კითხვა მიჩნდება: ვადამდელი არჩევნები დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობს თუ პირიქით, ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება? დღეს რომ ქვეყანამ ვადამდელ არჩევნებზე მუშაობა დაიწყოს, ის მინიმუმ 1 წელიწადში, ანუ 2023 წელს ჩატარდება. კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია, რომ მომდევნო არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს. ანუ დღეს თუ მთლიანმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვადამდელი არჩევნების საკითხის ლობირება დაიწყო, ბიუჯეტიდან მილიონები უნდა გამოიყოს, რომელიც ვიღაცას უნდა მოაკლდეს და ამ პარლამენტის პოლიტიკური ცხოვრების ვადა მაინც 1 წელი იქნება. ხედავთ, რამდენი მინუსი აქვს ვადამდელ არჩევნებს: პირველი ის, რომ ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები უნდა დაიხარჯოს; მეორე- ვადამდელი არჩევნები რომ ჩატარდეს, ყველაზე დიდი ხანი, არჩეული პარლამენტის არსებობა 1-წლიანი იქნება. 1 წლის გამო ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები უნდა დავხარჯოთ. ვადამდელი არჩევნები იმ 12 პუნქტის შესრულებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს, პირიქით, პოლარიზაცია უფრო მკვეთრი გახდება. ქართველი პოლიტიკოსების ამბავი რომ ვიცით, არჩევნების წინ ატყდება გინება, ჩხუბი, აღვირახსნილი უკანონო საქმიანობა. ეს იმ 12 პუნქტის შესრულებას არ წაადგება. ვადამდელი არჩევნები ქვეყნისთვის საზიანოდ მოტანილი, ყურით მოთრეული თემაა“, – განაცხადა ძაგანიამ.

ცნობისთვის, ვადამდელი არჩევნების შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
„შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა მელიამ