კახა კალაძე: უნდა გვახსოვდეს და კარგად გავითავისოთ, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს

კახა კალაძე: უნდა გვახსოვდეს და კარგად გავითავისოთ, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სამგორის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას. კალაძის თქმით, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაცულია და ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრება გამოხატოს. ამასთან დედაქალაქის მერი საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, პირველ ადგილზე დააყენონ ქვეყნის ინტერესები და ახსოვდეთ, რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ აღებული საზოგადოების წინაშე. 

„გუშინ კახა სამხარაძეს თავის პირად გვერდზე სტატუსი ჰქონდა გამოქვეყნებული. ამასთან დაკავშირებით განმარტებები უკვე გავაკეთე. ვიმეორებ, ეს მისი პირადი სივრცეა, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება რაღაც არ მომეწონა, ვიღაცას მოეწონა, ვიღაც შეიძლება უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაც ნაკლებად, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს, პირად სივრცეში, ხელშეუხებელია. თუმცა, ზოგადად ჩემი თხოვნა იქნება, პირველ რიგში, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი და უზენაესი ქვეყნის ინტერესებია და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებით ვიმოქმედოთ. ამიტომ ყველამ გავითვალისწინოთ ეს. მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს დამრიგებლის როლში გამოვდივარ, კიდევ ვიმეორებთ, ყველას გაქვთ თქვენს პირად სივრცეში თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება, ამას ვერავინ შეეხება, თუმცა ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად გავითავისოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.