კახა კალაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩებს შეხვდა

კახა კალაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩებს შეხვდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, აშოტ სმბატიანთან და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩ აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ ნუაიმისთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის რიგი მიმართულებები განიხილეს და გამოხატეს მზადყოფნა, რომ ურთიერთობები უფრო განვითარდეს.

სომხეთის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. თბილისის მერმა სომხეთის ელჩს მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა.  

არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ტურიზმის, ბიზნესისა და ვაჭრობის მიმართულებით. დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმსა და პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობაზე, რაც მისი თქმით, ხელს უწყობს ტურიზმის ორმხრივად განვითარებას.

შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რაც მხარეთა შეფასებით, ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უდიდეს პოტენციალს ქმნის.