იოსებ ჭუმბურიძე: რასაც არ ვფიქრობ, იმას თეა წულუკიანი კი არა, მამაზეციერიც ვერ დამაწერინებს
იოსებ ჭუმბურიძე (პროფესორი):
რასაც არ ვფიქრობ, იმას თეა წულუკიანი კი არა, მამაზეციერიც ვერ დამაწერინებს.
***
ჰოდა, რასაც ვფიქრობ, ახლაც იმას დავწერ.
ირაკლი კაკაბაძის გუშინდელი გამოსვლის პასუხად.
ხომ ვუთხარი, შენი ეპატაჟური საქციელით გრიგოლია გაახარე და აუცილებლად მიგიწვევს-მეთქი.
სასწრაფოდ, გუშინვე მიიწვია.
სხვათა შორის, მაინცდამაინც ვერ ასიამოვნა, - თემურ ალასანიაც შემოელანძღა და, რაც მთავარია, ეს უთხრა, - კერძო ფულის აღება საშინელებააო.
ეს ინგა გრიგოლიას უთხრა, - კეზერას კერძო(და ვისგან მოპარულ?!) ფულზე დახარბებულს!
ამაზე უარესი რა უნდა ეთქვა?!
***
მაგრამ ახლა თეა წულუკიანზე ვწერ.
ახსოვს გაჭირვებული ქართველი მწერლებიო? - ეს ირაკლიმ იკითხა.
არადა, ძალიან კარგად იცის, თუ როგორ ახსოვს.
ჩემო ირაკლი, იცი, იმ ლამაზი საღამოდან, ასე რომ აგვირიე და მაინც ვერ აგვირიე, თეა წულუკიანი პირდაპირ თემურ ჩალაბაშვილთან რომ წავიდა?! დიახ, ირაკლი, სიკვდილთან მებრძოლ პოეტს პრიზი და სოლიდური ფულადი ჯილდო მინისტრმა საკუთარი ხელით მიართვა.
ბევრი გვყოლია ასეთი მინისტრი?!
საერთოდ, გვყოლია?!
***
ღმერთმა დამიფაროს პირმოთნეობისა და ქვეშევრდომული აზროვნებისგან.
იმდენად კი მიცნობ, რომ ასეთი რამ არ დამაბრალო.
თეა წულუკიანის ყველა გადაწყვეტილებას არც მე ვეთანხმები.
ერთხელ ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა:
ის: თქვენნაირი რთული ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია.
მე: გმადლობთ.
ის: ცუდი გაგებით არ მითქვამს.
***
როცა ვერ ვეთანხმები, მაშინაც კი ამას ვფიქრობ:
ახლა ასეა საჭირო!
რამდენჯერ ჩაგეკითხა გუშინ ინგა დავით დოიაშვილზე?
და რა ოსტატურად გაექეცი პასუხს?!
რა უნდა გეთქვა?
რას ნიშნავს მის წინააღმდეგ ბრძოლა - ახალი ვადით დანიშვნას?!
ლანგრით მიართვეს უნიკალური შენობა, ახლად გარემონტებულ-გაზიმზიმებული.
დადგას სპექტაკლები. თუ უნდა, კვლავაც სოფო ნიჟარაძე ათამაშოს. გარწმუნებ, თეა, მიშასავით, რეპეტიციაზე არასოდეს შეუვარდება.
ვინ შეუზღუდა თავისუფლება?!
დადგას და, თუ უნდა, ზღვაც გადაცუროს!
***
და კიდევ ერთი ფაქტორი, რაც შენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია:
თეა წულუკიანი ძლიერი პიროვნება და მინისტრია, მაგრამ, უპირველესად, ის ქალია, მეუღლე და დედაა.
არაჩვეულებრივი მერიკოს დედა, იმ მერიკოსი, მამას რომ ეუბნება: „იცი, რა ვქნათ? მოვიყვანოთ ბევრი თოვლი. გზები ჩავკეტოთ და თეა სამსახურში ვეღარ წავა."
ასე ენატრება დედა, რომელიც „ოცდაოთხი საათი სამსახურშია."
იაპონური პოეზია ხომ არ გაგახსენდა, ირაკლი, თამაზ ჩხენკელის დიდებული თარგმანებით: „ო, ალუბლებო, ყვავილებით მიწა დათოვეთ, დაფარეთ ჩემგან წასასვლელი ყველა ბილიკი"...
***
ნეტა როდის ძინავს?! - ვკითხე ამას წინათ მის თანაშემწეს, არაჩვეულებრივ ქალბატონს - ნონა მეტრეველს.
საერთოდ არ ძინავს! - ასე მიპასუხა.
***
ჩვენ კი რით ვუხდით სამაგიეროს?!
მადლობის ნაცვლად, რას ვეუბნებით?!