იოსებ ჭუმბურიძე: ესეც საგლოვია, რაც მწერალთა სახლში ხდება, ვადაგასული დირექტორი თავს შეუცვლელ მოღვაწედ აცხადებს

იოსებ ჭუმბურიძე: ესეც საგლოვია, რაც მწერალთა სახლში ხდება, ვადაგასული დირექტორი თავს შეუცვლელ მოღვაწედ აცხადებს

იოსებ ჭუმბურიძე (პროფესორი):

კი, რა დროს ნატაშაა?!
მაგრამ ესეც საგლოვია.
ისიც, რაც (ჯერჯერობით, ე. წ.) მწერალთა სახლში ხდება.
ვადაგასული დირექტორი თავს შეუცვლელ მოღვაწედ აცხადებს და მინისტრს მიმართავს, დაინტერესებული ვარ მოღვაწეობის გაგრძელებითო(?!)...
იმ მინისტრს, რომელიც მესამე წელიწადია, მაოცებს, ამის თავხედობას რომ ითმენს.
თანაც, ვინ?!
თეა წულუკიანი?!
კი, მოთმინებაც გასაკვირი იცის.
***
ეს კი, იპოლიტეს პერსონაჟივით(ადვილად რომ მიხვდეთ - „თუთაშხიადან"), კიდევ ერთხელ ხელის აქნევით მოუწოდებს თავის უბადრუკ მრევლს, - არიქა, მიშველეთ, მხსნიანო.
და პირველი ვინ გამოეხმაურება და მხარდაჭერას ვინ გამოუცხადებს?!
არც მეტი, არც ნაკლები - გიგი უგულავა. 
ეს უკვე დიაგნოზია!
განაჩენიც!
გული გულს იცნობს, თავხედი -  თავხედს. 
***
მაინც რა ხდება(ჯერჯერობით, ე. წ. )მწერალთა სახლში?
შედით მის ბაღში(თუ შეგიშვებენ) და ნახეთ, რა ხდება იქ, სადაც, კლასიკოსთა რიდით, „სუროში შაშვი გალობდა, რაღა თქმა უნდა, ფრთხილად"...
ხოლო შენობაში და, განსაკუთრებით, ბოლო სართულებზე რა ხდება, ეს მხოლოდ უფალმა იცის და მხოლოდ აუდიტის სამსახური თუ დაადგენს.
სხვათა შორის, უფლის იმდენად არ ეშინიათ(?!), რამდენადაც ხსენებული სამსახურის.
სხვათა შორის, ჩემიც ამიტომ შეეშინდათ, მათ ბინძურ „საკუჭნაოში" რომ არ შემეხედა. თორემ მართლა ოდეერიც რომ ვყოფილიყავ(ახლაც არ ვიცი, რატომ და რანაირად), რას დავაშავებდი ერთი ვინმე ოდეერი ხუთკაციან ჟიურიში, მით უფრო, თუ  კოდალაშვილს ჩემი შებმა წინასწარ ჰქონდა განზრახული?!
***
ანზორ ერქომაიშვილი გვემუდარებოდა, მოღვაწე არ მიწოდოთ, უხერხულიაო და, თურმე, ეს შეუცვლელი მოღვაწე ყოფილა?! 
რეპრესირებულთა მუზეუმი შევქმენიო.
კი, ამერიკული გრანტით, მაგრამ...
შენახული მაქვს მათი პროექტი - როგორი სტენდების გაკეთებას აპირებდნენ, როგორი ტექსტებით „დამშვენებულს" - უწიგნურობის ნიმუში. 
სამინისტროს პრინციპული პოზიცია და კომპეტენტური ექსპერტის ჩართვა რომ არა(ძალიან რომ არ უნდოდათ და კინაღამ ისიც ოდეერად გამოაცხადეს), ვნახავდით, რა თავისმომჭრელ მუზეუმსაც გამოიყვანდნენ.
***
აქაოდა, ლომოური ვარო და გვარიშვილობით თავმომწონეობს.
ჯერ ერთი: 
„ნიჭს აძლევს მხოლოდ ზენა კაცს და არა გვარიშვილობა."
მეორე: მის ადგილას, ოდნავ ჭკვიანი, წინაპრებს არც ახსენებდა.
აი, რას წერს  მისი ყველაზე უახლოესი წინაპარი(მამა) თავის ერთ-ერთ ყველაზე შავრაზმულ და სამარცხვინო წიგნში, რომელიც კი დამოუკიდებელ საქართველოში გამოცემულა:
„გამსახურდიას დამხობის მომზადება- განხორციელებაში ედუარდ შევარდნაძეს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია!.. მას რომ მიეღო ამ აქტში მონაწილეობა, ეს მისი კიდევ ერთი დამსახურება იქნებოდა"(ნ. ლომოური, „საქართველო წარსული საუკუნის ბოლოს და ედუარდ შევარდნაძე", თბ., 2011, „უნივერსალი, გვ. 51).
***
და მაინც, ყველაზე მთავარი:
ღირსეულად წასვლა მაინც უნდა შეგეძლოს.
შეუცვლელი ვარ და დამტოვეო?!
სასაცილო და კომიკურია.
თანაც, ვის მიმართავ, შენთვის „პრინციპულად" მიუღებელ პერსონას?!
და სად არის მაშინ შენი პრინციპები?!
***
ვიცი, ახლა აწივლდებიან „იპოლიტეს ბალღები" - შემომიტევენ და „ოდეერობას" გამიხსენებენ.
იტყვიან, თვითონ უნდა დირექტორობაო.
ო, რა ცუდად მიცნობენ?!
***
ჩანს, სიბრმავეც მრავალგვარია.
რანაირად ბრმა უნდა იყო, რომ თეა წულუკიანის მართლაც საკვირველ დაუღლელობას, მის მრავალმხრივ საქმიანობას ვერ ხედავდე და ნატაშას საქმოსნობა შეუცვლელ „მოღვაწეობად" გეჩვენებოდეს?!
ასე როგორ უნდა დაგსაჯოს განგებამ?!
***
როგორ ვუთანაგრძნო ამ ბედისგან დაჩაგრულებს?!