თორნიკე ზედელაშვილი: ვაჰ, დრონი, დრონი!

თორნიკე ზედელაშვილი: ვაჰ, დრონი, დრონი!

შოვის ტრაგედიამ ე.წ ოპოზიციას და ათასი ჯურის მავნებელსა თუ თაღლითს საშუალება მისცა, კიდევ ერთხელ ჩაეტარებინა ლუსტრაცია ქართველი ხალხის თანდასწრებით. ერთი მთავარი თემა, რომელიც მათ წინა პლანზე წამოსწიეს, ეს იყო ვითომ დაგვიანება მაშველების მხრიდან და დაზარალებულების მიტოვება მთელი ღამით. ალბათ გახსოვთ, თაღლითებმა მეორე დღესვე წამოჭრეს საკითხი, თითქოს მაშველები გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმ ღამეს აღარ დაეხმარნენ, თითქოს ვერტმფრენებს ღამის განათება არ ჰქონდათ და ასე შემდეგ.

როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, მაშველებს არავინ მიუტოვებიათ, ინტენსიურად მუშაობდნენ სითბური დრონები. ბევრმა ვერ გაიგო, რას ნიშნავს სითბური დრონები, რა შესაძლებლობები გააჩნია თანამედროვე ციფრულ ტექნიკას, ანუ მეცნიერების ბოლო მიღწევებს. ამ თემაზე ,,ასავალ-დასავალისთვის'' განმარტებას აკეთებს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს, ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თორნიკე ზედელაშვილი.  

სითბური კამერებით აღჭურვილი დრონები უკვე სასწაულებს ახდენენ. თუ მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ სადმე ცოცხალი არსება იქნებოდა, დრონი მყისიერად აღმოაჩენდა. ამიტომ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, დროზე რომ მიეხედათ, დროულად რომ ემუშავათ, ამდენი მსხვერპლი არ იქნებოდაო. ეს არის თითიდან გამოწოვილი სიცრუე. არადა, მაშველები პირველ ღამეს საკუთარ სიცოცხლესაც თუ გაწირავდნენ, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა. სამაშველო ოპერაციებისთვის დრონების გამოყენება მსოფლიოში უკვე ჩვეულებრივი ამბავია - ის, რომ ჩვენთან თანამედროვე ტექნოლოგიებში მხოლოდ პოლიტიკოსები კი არა, ე.წ. ექსპერტებიც ვერ ერკვევიან, ეს უკვე გაუნათლებლობასა და უვიცობაზე მიუთითებს. უკაცრავად, მე არ ვამბობ, პოლიტიკოსები თუ ექსპერტები ყველა ნიუანსში უნდა ერკვეოდნენ, ყველა რთული თემა უნდა იცოდნენ-მეთქი, მაგრამ როცა ტელევიზიით გამოდიხარ და მეორე კლასელის დონეზე მსჯელობ, ეს უკვე აუტანელია. იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. ჟურნალისტებზე, რომლებმაც ვახტანგ გომელაურს ისეთი შეკითხვები დაუსვეს, კაცი ლამის გააგიჟეს, ლამის ჭკუიდან გადაიყვანეს.  

დრონს უამრავი უპირატესობა გააჩნია ვერტმფრენთან შედარებით. თუ ვერტმფრენს გარკვეულ რელიეფურ და რეგიონულ ფართობებზე თავისუფლად ფრენა შეზღუდული აქვს, დრონი მცირე დროში ფარავს დიდ ტერიტორიას და სწრაფად აგზავნის საჭირო მონაცემებს მაშველებთან, მოქმედებს 100 კილომეტრის რადიუსში. ამ შემთხვევაში შეიძლება ინფორმაცია მივიღოთ ისეთი მიუდგომელი ტერიტორიიდან, სადაც ფეხის დადგმაც კი ჭირს რელიეფისა თუ ამინდის გამო.  

დღეს მსოფლიოში იწარმოება სითბური კამერით აღჭურვილი უამრავი სახის დრონი. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ერთ-ერთი მოდელი, რომელიც უფრო ხშირად და აქტიურად გამოიყენება სამაშველო თუ სამხედრო ოპერაციების დროს. 

არსებობს დრონი Skydio X2 , მას შეუძლია იფრინოს როგორც დიდ სიმაღლეზე, ასევე დაბალ სიმაღლეზე, თან ისეთ ადგილებში, რომელიც შეიძლება სრულიად მიუწვდომელი იყოს მაშველებისთვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დრონის უპირატესობა აშკარაა არა მხოლოდ ფინანსების დაზოგვის მხრივ, არამედ მსხვერპლის თავიდან არიდების მხრივაც. მოგეხსენებათ, ხშირია შემთხვევები, როცა მაშველები ზარალდებიან - ალბათ გახსოვთ, რა მოხდა გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს: სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ,,მი 8'' სამაშველო ოპერაციის დროს კლდეს შეეჯახა და ჰაერშივე აფეთქდა. 

დაკარგული ადამიანების მოსაძებნად საუკეთესოა თერმული კამერით აღჭურვილი დრონი, რომელსაც შეუძლია, თერმული გამოსახულების საშუალებით აღმოაჩინოს ტემპერატურის ოდნავი განსხვავებაც კი. ცნობილია, რომ ცოცხალი ადამიანის ორგანიზმი, კანი ნებისმიერ შემთხვევაში გამოყოფს სითბოს, რომელიც უხილავია, მაგრამ ამჩნევს დრონი. მაგალითად, ზემოთ ნახსენები მოდელი - Skydio X2 იყენებს კამერის ინფრაწითელ სენსორებს, რომელიც აღიქვამს ტემპერატურის ცვლილებას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რაც უხილავია ადამიანის თვალისთვის და ყნოსვისთვის, სენსორი წამებში ამუშავებს ინფრაწითელ გამოსახულებას, აქცევს სურათად და მაშველებს შეუძლიათ, ფერების მიხედვით აღმოაჩინონ ცოცხალი ადამიანები. 

არსებობს თერმული გამოსახულების განსხვავებული ვარიანტები - ასე ვთქვათ, ფერის პალიტრები. სამაშველო-საძიებო სამუშაოების დროს ყველაზე ეფექტურია შავ-თეთრი, ე.წ. ცხელი გამოსახულება. ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოჩნდება ნაცრისფრად, გარდა იმ ობიექტებისა, რომლებიც ნაკლებ ან მეტ სითბოს გამოსცემენ - მაგალითად, შავი იქნება ობიექტი, რომელიც ნაკლებ სითბოს გამოსცემს, ხოლო თეთრი იქნება ობიექტი, რომელიც ყველაზე მეტ სითბოს გამოსცემს.

ჩვენს მიერ ნახსენებ Skydio-ს მოდელს აქვს Skydio Cloud-ი, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოსახულება პირდაპირ ეთერში გადასცეს, რათა საქმეში ჩართულმა სხვა პირებმა, რომლებიც არ იმყოფებიან ადგილზე, შეძლონ დაკვირვება და მიიღონ გადაწყვეტილება. შოვში დატრიალებული ტრაგედიის პერიოდში აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საპატიო მიზეზის გამო საქართველოში არ იმყოფებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ კიდევ განუვითარებელმა ოპოზიციონერებმა ერთი ამბავი ატეხეს, გომელაური დაიმალაო, ალბათ მალე გადააყენებენო, აქაურობას გაეცალაო... უი, არა, ჰავაის კუნძულებზე ისვენებსო. ისიც კი აღარ გაახსენდათ, რომ ჰავაი ხანძარმა შთანთქა და მოსპო. ჯერ ერთი, ადამიანს მამა ჰყავდა ავად და თურქეთში იმყოფებოდა, მეორეც - დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში შესაძლებელია, ხელმძღვანელი დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა იმყოფებოდეს, ყოველთვის იქნება საქმის კურსში და გადაწყვეტილებებსაც მიიღებს. კი, გასაგებია, რომ ადგილზე ჩასვლა და სიტუაციის შესწავლა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, მაგრამ როცა სხვა გამოსავალი არ არის, არც თანამედროვე ტექნიკის გამოყენებაა ურიგო. მე დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური, დრონების წყალობით, თავიდანვე იყო სამაშველო პროსესში ჩართული და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც იღებდა. სხვათა შორის, ამ ე.წ. სკანდალმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ მოფახფახებულმა ოპოზიციამ ალღო უახლეს ტექნოლოგიებსაც ვეღარ აუღო და ჩარჩა იმ ჭაობში, სადაც აქამდე იმყოფებოდა. 

დავუბრუნდეთ დრონების ტექნიკურ შესაძლებლობებს: ის მოდელი, რომელიც სამაგალითოდ მოვიტანე, აღჭურვილია გლობალური ადგილმდებარეობის სისტემით (GPS) , როდესაც ის დაფრინავს, სამაშველო ჯგუფებს ეკრანზე მისი ადგილმდებარეობაც უფიქსირდებათ. თუ იქნება ადამიანი აღმოჩენილი, რომელსაც უჭირს, GPS-ის ტექნოლოგიის საშუალებით სამაშველო ჯგუფს შეუძლია ზუსტად იმ ადგილზე გასვლა და ადამიანის გადარჩენა. დრონის საშუალებით შეიძლება გზის გაკვლევა, თუ როგორ შეიძლება მივიდნენ უსაფრთხოდ დანიშნულების ადგილზე. თერმული კამერით აღჭურვილი დრონების გამოყენებისას შეგვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ ატმოსფერულ პირობებს, კვამლს, მტვერს. დრონის უპირატესობაა ისიც, რომ გვეძლევა სუფთა ხედვის არეალი, ხედვის ნებისმიერი კუთხე, არ აქვს მნიშვნელობა დღე-ღამის მონაკვეთს. 

მსოფლიოში არსებობს სხვა მოდელებიც - მაგალითად, Zenmuse H20T. ეს არის ორმაგი კამერა, რომელსაც აქვს 20 მეგაპიქსელიანი მასშტაბი, იღებს ინფრაწითელ გამოსხივებას 7,5-დან 13,5 მიკრომეტრამდე. Mavic 2 Enterprise Advanced - ეს დრონი აღჭურვილია ორმაგი ფიქსირებული კამერით.

ANAFI Thermal - აღჭურვილია ფიქსირებული FLIR Lepton 3.5 რადიომეტრიული სენსორით ზუსტი ტემპერატურის მაჩვენებლებისთვის. 

ასე, რომ ე.წ. ოპოზიციის მორიგი მცდელობა, ააგოროს დიდი სკანდალი ხელისუფლების წინააღმდეგ, კვლავაც განწირულია ჩაფლავებისთვის. ასეთი უნიჭო ყბედობას სჯობს, წიგნებში ჩაიხედონ და ცოტა გონს მოვიდნენ (არ მაქვს იმედი, რომ ამას გააკეთებენ, მაგრამ მაინც). მაღალი ხარისხის თერმული კამერით აღჭურვილი დრონები სრულად აკმაყოფილებს სამძებრო-სამაშველო პროცესების მართვის სტანდარტებს და იმის მტკიცება, თითქოს ტალახის ქვეშ ადამიანები გმინავდნენ, თითქოს მათ არავინ მიეხმარა, არის დიდი ტყუილი.