თორნიკე ზედელაშვილი: არ შეიძლება, საქართველოს მოსახლეობა ყოველდღე ამდენ სისულელეს ისმენდეს

თორნიკე ზედელაშვილი: არ შეიძლება, საქართველოს მოსახლეობა ყოველდღე ამდენ სისულელეს ისმენდეს

სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქვეყანაა (ქალაქი-სახელმწიფო). საერთაშორისო პლატფორმებისა და ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადების შემდეგ ხელზე ასაღები თანხა 4300 დოლარს აჭარბებს. ვარაუდობენ, რომ ეს თანხა შემდეგი წლისთვის საგრძნობლად გაიზრდება.

შეიძლება ლოგიკური კითხვა გაგიჩნდეთ: ამ მაჩვენებლით სინგაპური რამდენ ქვეყანას უსწრებს? გლობალურ რეიტინგებში სინგაპური მე-5 ადგილზეა. თუ ავიღებთ გაეროს 195 ქვეყანას, სინგაპური მსოფლიოში უსწრებს 190 ქვეყანას. ასევე, იგი ყველაზე მაღალი ხელფასებით აზიაში არის ნომერი პირველი.

საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 500 დოლარია. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს 5-6 წელიწადში სინგაპურის დონის ქვეყნად გადააქცევს. შეიძლება ამაში იმას გულისხმობს, რომ ჩინელების ჩამოსახლებას აპირებს, რადგან სინგაპურის დაახლოებით 75 პროცენტი ჩინელია. არ ვიცი, სხვა რა უნდა ვიფიქროთ?!

არ შეიძლება, ყოველდღე ამდენ სისულელეს და ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს ისმენდეს საქართველოს მოსახლეობა, გააჩუმეთ, ნუ ალაპარაკებთ.

რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, ბევრი რამ უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. რამხელა შეცდომა გვაქვს დაშვებული, რომ ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტად ჩაიწერა. ყოველთვის ინტერესით ვაკვირდები იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს კონტექსტიდან ამოგლეჯილად განიხილავენ, მსჯელობის დროს არც რეგიონს ითვალისწინებენ, არც ისტორიას, არც ოკუპირებულ ტერიტორიებს და არც შესაძლებლობებს.

სინგაპურიზაცია არ ვიცი, მაგრამ დიდი შრომა და ფინანსური რესურსია გასაწევი, რათა საქართველოში განათლების დონე ამაღლდეს, სიდუხჭირის დაძლევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვალიფიციური კადრების მომზადებაა.