თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით თბილისის ცენტრალურ გამზირზე ,,თბილისის თასი - 2024'' გაიმართა

13 ოქტომბერს, თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით თბილისის ცენტრალურ გამზირზე ,,თბილისის თასი - 2024'' გაიმართა. შეჯიბრი წელს პირველად ჩატარდა, თბილისის ველოსპორტის პრეზიდენტის, დავით ასკურავას თქმით, მას ყოველწლიური სახე მიეცემა და წლიდან-წლამდე მონაწილეების გაორმაგებას იმედოვნებს. წელს სტარტის ხაზი, კატეგორიების მიხედვით, 150-მა სპორტსმენმა გადაკვეთა.
შეჯიბრი ჩატარდა კრიტერიუმის პრინციპით, რაც გულისხმობდა წრიულ მარშრუტზე ფინიშების რაოდენობის მიხედვით გამარჯვებულის გამოვლენას. შეჯიბრი დაიწყო და დამთავრდა რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან, ხოლო მარშრუტი იყო გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნისკენ და მოედნიდან რესპუბლიკის მოედანთან ზეთისხილის ხის წრიულამდე.
შეჯიბრი დაიყო შემდეგ კატეგორიებად: 16 წლამდე ასაკი, პროფესიონალი კაცები, მოყვარული კაცები, პროფესიონალი ქალები და მოყვარული ქალები.
წრეების რაოდენობა განსხვავდებოდა კატეგორიების მიხედვით:
- 10-13 და 14-16 წლის მოზარდებმა სტარტი აიღეს ერთდროულად და გაიარეს 6 წრე 3 ფინიშით.
- პროფესიონალი და მოყვარული მამაკაცები ასპარეზობდნენ ერთდროულად და მათ გაიარეს 14 წრე 7 ფინიშით.
- პროფესიონალი და მოყვარული ქალების კატეგორიმ გაიარა 4 წრე 2 ფინიშით.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და სერტიფიკატებით, თუმცა ყველა კატეგორიის მედალოსანს შეჯიბრის სპონსორებისაგან ერგოთ უამრავი საჩუქარი.