თამარ ჯუღელი: რა უნდა ვიცოდეთ საპენსიო შენატანთან დაკავშირებით? მხოლოდ დეკლარაციის წარდგენა საკმარისი არ არის
თამარ ჯუღელი (ადვოკატი):
საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის მხოლოდ დეკლარაციის წარდგენა საკმარისი არ არის. პრაქტიკაში არაერთი დამსაქმებელი ფინანსური სანქციის წინაშე სწორედ ტექნიკური ან საორგანიზაციო შეფერხების გამო აღმოჩენილა. ხშირად ეს არ არის გადასახადის გადახდისგან თავის არიდების მცდელობა, არამედ ეს ინფორმაციის ნაკლებობის, საბანკო ოპერაციების დაგვიანების ან სხვა პრაქტიკული გარემოების შედეგია.
როგორც ადვოკატს, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსა და გადამხდელს შორის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ კონტროლს, არამედ მკაფიო კომუნიკაციასა და პროგნოზირებად წესებს. როდესაც დამსაქმებელი კეთილსინდისიერად ასრულებს ვალდებულებებს, მაგრამ სანქციის მიზეზი ტექნიკური გარემოება ხდება, მნიშვნელოვანია, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდეს.
სწორედ ამიტომ, დამსაქმებლებს ვურჩევ:
* საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენამდე დარწმუნდნენ, რომ შესაბამის ანგარიშზე საკმარისი თანხაა;
* გადაამოწმონ, წარმატებით განხორციელდა თუ არა საპენსიო შენატანის ჩამოჭრა;
* ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში დროულად მოაგროვონ მტკიცებულებები, რომლებიც მათ კეთილსინდისიერ მოქმედებას დაადასტურებს;
* სანქციის დაკისრების შემთხვევაში შეაფასონ მისი კანონიერება
* საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების მექანიზმები.
გადასახადის გადამხდელის უფლებები მხოლოდ სასამართლოში დავის წარმოების დაწყებას არ გულისხმობს. ხშირად საუკეთესო დაცვა ინფორმირებულობაა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ტექნიკური დეტალის ცოდნამ შეიძლება დამსაქმებელს სრულიად აარიდოს ფინანსური სანქციები. ხოლო სახელმწიფოს ზედმეტი ბიუროკრატია და სასამართლო სისტემის გადატვირთვა.
კანონის მიზანი კეთილსინდისიერი გადამხდელის დასჯა არ უნდა იყოს. მისი დანიშნულებაა, ერთის მხრივ, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, ხოლო, მეორეს მხრივ, დაიცვას იმ გადამხდელის უფლებები, რომელიც კეთილსინდისიერად მოქმედებს და ცდილობს კანონის მოთხოვნების შესრულებას. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი სანქცია უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ფორმალურ საფუძველს, არამედ საქმის გარემოებების სრულყოფილ შეფასებას, კანონიერების, სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვას!




