გიორგი ცუცქირიძე: ფადი ასლს რუსთაველზე შიშველი გავლა მოუწევს

გიორგი  ცუცქირიძე: ფადი ასლს რუსთაველზე შიშველი გავლა მოუწევს

“ჩვენთან არაერთხელ გამხდარა პოლემიკის და სპეკულირების საგანი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე  გაანგარიშებით აშშ დოლართან მიმართებაში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის შეფასების აღნიშნული მიდგომა, სხვა  ქვეყნების ან სხვა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან ეკონომიკურად არასწორია. ელემენტარულად აშშ დოლარის რეალური ღირებულება სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს განსხვავებულია და შესაბამისად ადგილობრივი ვალუტის აშშ დოლართან კურსზეა დამოკიდებული. გარდა ამისა,  ქვეყნებს შორის არსებობს ფასების მუდმივი განსხვავება, რაც იწვევს განსხვავებას ცხოვრების დონეებს შორის,” - ასე გამოეხმაურა თავის ფეისბუქ-გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზს 2021 – 2027 წლებისათვის.    
„თუ მეხსიერება არ მღალატობს ფადი ასლი ამ თემით სპეკულირებისას, მთავრობის პროგნოზის შეფასებისას,  იმასაც კი ამბობდა, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე  თუ 5,500 დოლარს მიაღწევს,  რუსთაველზე შიშველი გავივლიო! როგორც ჩანს, მას ახლა მართლა მოუწევს ამის გაკეთება, რადგან სსფ-ის პროგნოზის მიხედვით  2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე  5,618 დოლარს მიაღწევს!.  ბატონ ფადის თავი, რომ დავანებოთ ახლა ამ თემით გატაცება და სხვა ქვეყნებთან შედარება, ოპოზიციის მხარდამჭერი მედიასაშუალებების მხრიდან რბილად რომ ვთქვათ ცოტა უხერხულია! რეალურად კი საკითხის არცოდნა და მეტიც, უვიცობაა მშპ-ის გაანგარიშების ამ მეთოდოლოგიით ცალსახა დასკვნების გამოტანა.   ამ შემთხვევაში ვახო სანაიას პოსტზეა  საუბარი, სადაც ის საქართველოს სხვა ქვეყნებთან ადარებს და სარკაზმულად შენიშნავს, თუ როგორ ჩავიძირებით ქოცების იმედადო?!. თვალსაჩინოებისათვის, ეს თემა უპრიანია გასულ წლებთან ერთად, მომავლის პროგნოზებსაც შევადაროთ და ცოტა სხვა სურათის მოწმენი გავხდებით. 2012 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წლის ბოლოს 1,200 დოლარამდეა გაზრდილი,“ - წერს გიორგი ცუცქირიძე. 
მისი ინფორმაციით, თუ სხვა ქვეყნებთან მშპ-ის შედარებაზეა საუბარი, გაცილებით ობიექტურ და ზუსტ სურათს იძლევა მშპ დაანგარიშებული არა ნომინალური დოლარით, არამედ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც  ითვალისწინებს როგორც გაცვლითი კურსის, ასევე ცხოვრების დონეებს შორის განსხვავების ეფექტებს. 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით,  მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით,  ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს 2022 წლის პროგნოზით, საქართველო 18,594 საერთაშორისო დოლარით, 82-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში და უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას -ალბანეთს და 2 პოტენციურ კანდიდატ ქვეყანას - კოსოვოს და ბოსნია-ჰერცოგოვინას. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებიდან საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც. 
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ეკონომიკის ექსპერტის შეაფსებით, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის  საქართველო  $GDP per capita   ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა (!!!), ევრაზიის კონტინენტზე კი სულაც პირველ ადგილზე, საქართველოს $GDP per capita 2021- 2027 წლებში ორმაგდება, 2020 წელთან შედარებით იზრდება 115%-ით და 2027 წელს მიაღწევს $9 194 -ს. 
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო წლებშიც ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, რაც საკმაოდ რეალურია საქართველოს მშპ ერთ სულზე 2025 წლიდან გადააჭარბებს 7 621 დოლარს და კავკასიის რეგიონში გადის პირველ ადგილზე, ხოლო 2030 წელს გადააჭარბებს რა 12 500 აშშ დოლარს (12 780) და მაღალი ალბათობით უკვე გახდება მაღალშემოსავლიანი  სტატუსის მქონე ქვეყანა. რაც შეეხება მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით 2021-2027 წლებში  მსოფლიოში  საქართველო მეშვიდე ადგილზეა.  2022 წელს GDP per capita (PPP) ხდება 18 593 დოლარზე მეტი, 2027 წლისთვის კი გადაჭარბებს  27 459 დოლარს. შესაბამისად, რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის მიხედვით საქართველო 2021-2027 წლებში ევროპაში პირველ ადგილზეა. პირველ ადგილზეა აგრეთვე კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონშიც,“ - მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტს.