გიგლა ბარამიძე: საქართველო ევროპაში ,,ნაცების'' გარეშე!

გიგლა ბარამიძე: საქართველო ევროპაში ,,ნაცების'' გარეშე!

გვესაუბრება პოლიტიკოსი, დიპლომატი, აღმოსავლეთმცოდნე გიგლა ბარამიძე:

- ბატონო გიგლა, ევროპამ საშემოდგომო გამოგვაყოლა - თუ 12 პუნქტიან საშინაო დავალებას შევასრულებთ, ექვს თვეში კანდიდატის სტატუსს გვპირდებიან. რას ფიქრობთ, ამ ყველაფერზე? 

- პირველ რიგში, თითოეულმა ქართველმა კარგად უნდა გავითავისოთ შემდეგი: ხომ გახსოვთ, იგავი თაგუნაზე, რომელსაც ფრენა სურდა. საბოლოოდ, იგი დაისაჯა - აღარც თაგვი იყო და აღარც ჩიტი. ქართველები ღამურის პოზიციიდან უნდა გამოვიდეთ, რაშიც 35 წელია ვიმყოფებით. ვიცოდეთ ჩვენი ადგილი - რომელ ცივილიზაციას წარმოვადგენთ, რანი ვართ და ა.შ. ავად თუ კარგად დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ამიტომ სახვეწარი არავისთან არაფერი გვაქვს. ჩვენ, ზოგადსაკაცობრიო, დასავლური ცივილიზაციის დამფუძნებლები ვართ. ქართულ-იბერიულ-კავკასიური ცივილიზაცია, ევროპული ცივილიზაციის დამფუძნებელია. ჩვენ, ამ ცივილიზაციას ჯერ კიდევ პეტრე იბერიდან მოყოლებული ვქმნიდით. მაშინ, ზოგი ევროპული ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, ჩამოყალიბებულიც კი არ იყო. ასე, რომ ევროკავშირში მათ კი არ უნდა მიგვიღონ, არამედ იქ, თავად ვბრუნდებით. ჩვენი ადგილი სწორედ ევროპაშია. მართალია, რამდენიმე საუკუნოვანი წყვეტა მოხდა, ოღონდ, არა ცნობიერი ან ცივილიზაციური, არამედ ორგანიზაციულ-სტრუქტურული. მაშინ, როცა ჩვენ მტრებს, დამპყრობლებს, ველურებს ვაკავებდით და დასავლეთისკენ არ ვუშვებდით, ამ დროს ეს უკანასკნელი, როგორც მეტროპოლია, კოლონიებთან ურთიერთობაში მდიდრდებოდა. დიახ, დროა ევროპაში ღირსებით, წარმატებით, საკუთარი თავის დაფასებით დავბრუნდეთ. მეტიც, დღეს, დასავლეთს, იგივე, ევროატლანტიკურ სივრცეს, შეიძლება უფრო მეტადაც სჭირდება ჩვენი ქვეყანა, ტერიტორია, ვიდრე საქართველოს ევროკავშირში ყოფნა. ესეც უნდა გავითვალისწინოთ. იმიტომ, რომ თუ მათ საქართველოსთან კონტაქტი და კარგი ურთიერთობა არ ექნებათ, ჩათვალონ, რომ ამიერკავკასია დაკარგული აქვთ. ამიტომ, მონური, თავდადრეკილი ურთიერთობა უნდა დავივიწყოთ. ჩემი პატივისცემა დასავლელ კოლეგებს, მაგრამ მათი ნაწილი ირიბად, ნაცბანდის რეჟიმის თანამონაწილენი არიან და  ჩადენილ სისხლიან ქმედებებს ამართლებენ. ვგულისხმობ, ევროპის სახალხო პარტიის ნაცლობისტებს. რაც შეეხება, ზოგადად, დასავლელ პარტნიორებს, მათ ჩვენც ღირსეულად უნდა დავხვდეთ და ყველაფერზე თავი არ უნდა ვუქნიოთ, რასაც უკვე 30 წელია ვაკეთებთ. ისე გამოდის, თითქოს, ქართველები რომელიღაც ტრამალებიდა ვართ მოსული, მათ კი უნდა გაგვწვრთნან, დავალებები მოგვცენ, თაფლაკვერი დაგვანახონ. ზოგიერთმა ელჩმა, ლამის, ისე გაგვწვრთნას წკეპლაც მოგვცხოს, ჩვენ კი მდუმარედ უნდა ვიდგეთ! ეს უნდა დავივიწყოთ და დასავლელ პარტნიორებს ჩვენი ფასი ვაჩვენოთ. გავაცნობიეროთ, რომ ერთმანეთი ორივეს გვჭირდება. ვიმეორებ, სახვეწარი არაფერი გვაქვს, პირიქით, მათ ვჭირდებით და დავბრუნდებით კიდეც იქ, ოღონდ, ჩვენი კულტურით, ცივილიზაციით. ჩვენ იქ, საკუთარი შესატანით შევდივართ, მორჩა და გათავდა. რაც შეეხება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, ეს აბსურდის თეატრია. დავიწყოთ იმით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რომ არა, კანდიდატის საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა. უკრაინამ, პრაქტიკულად, წლების მანძილზე უამრავი ტაქტიკური, სტრატეგიულ-პოლიტიკური სახელმწიფოებრივი შეცდომა დაუშვა. მათ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან ვერაფერი ისწავლეს, პირიქით, უფრო კატასტროფული შეცდომები დაუშვეს. კი ბატონო, მას ეხმარებიან - იარაღსაც აძლევენ, მოხალისეებსაც უგზავნიან, მილიარდებსაც აყრიან, მაგრამ ჯერჯერობით, სახეზეა უკრაინის სახელმწიფოს, ეტაპობრივად, განადგურება. კი, რუსეთი შეიჭრა, აგრესორია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - უკრაინას არც ნატოს წევრობა უბოძეს, არც ევროკავშირში გააწევრიანეს. რაც მთავარია, ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები ნაცვლად იმისა, რომ მოლაპარაკებებზე საუბრობდნენ, ამბობენ: გამარჯვებული ბრძოლის ველზე უნდა გამოცხადდესო. ანუ, რა გამოდის - უკრაინა, შენ, იომე, გაწყდი, მეომრები დაგეღუპოს, ტერტორიები დაკარგე, სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, მე, გვერდიდან გიყურებ, დაგეხმარები, ნატოში და ევროკავშირში ვერ შეგიშვებ, სამაგიეროდ, შენს ნაცვლად, შვედეთს და ფინეთს მივიღებთო. როგორი უცნაური ლოგიკაა, არა. რაღაც ხომ უნდა მიეცათ და უცებ, გაახსენდათ კანდიდატის სტატუსი, რომელიც რეალურად, არაფერს ნიშნავს, უბრალოდ, სიმბოლური ეტაპია. აი, საიდან წამოიჭრა კანდიდატობის მინიჭების თემა. ჯერ ერთი, ვის გაუგია, ომში მყოფ ქვეყანას ევროკავშირმა კანდიდატობა მიანიჭოს. დასავლეთი უკრაინასთან ვალშია. თან, არ უნდა უკრაინამ ომი შეწყვიტოს იმიტომ, რომ იგი დასავლეთის, მთელი ანგლო-საქსური, ევროატლანტიკური სამყაროს ნომერ პირველი მტრის რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოყენებული პლაცდარმია. ამდენი სისხლი იღვრება და გადაწყვიტეს: მოდი, კანდიდატობა მაინც მივანიჭოთო. აქვე, ამოტივტივდა მოლდოვა და საქართველო. დავალებების შესრულებით, რასაც ევროპა გვაძლევდა, უკრაინაზეც და მოლდოვაზეც ბევრად წინ ვიყავით. თუკი ვინმეს კანდიდატობა ეკუთვნოდა, პირველ რიგში, ეს საქართველო იყო. თუმცა, მოწინავენი უკანა პლანზე გადაგვწიეს და უკრაინა, მოლდოვა წინ წამოსწიეს. მათ უნდა განემარტათ, რომ უკრაინას კანდიდატობა არა დამსახურების, არამედ ომი გამო მისცეს. საქართველოს ხელისუფლებას, 2024 წლამდე, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ნაბიჯები გაწერილი ჰქონდა. მაგრამ ნახეთ, რა მოხდა? _ ამუშავდა ხაფანგი. ჯერ უნდოდათ სააკაშვილის შემოსვლით მეორე ფრონტი გაეხსნათ, რაც ვერ მოახერხეს. მიშა, აქ, ხომ უკრაინელებმა, ქართველმა ნაცებმა და მათმა დასავლელმა ლობისტებმა შემოგზავნეს. დაუკვირდით, რა მოხდა: საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლამდე გაწერილი ჰქონდა გეგმა კანდიდატობის სტატუსის მისაღებად. ამ ფონზე, რა საჭირო იყო, ახლა, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე განცხადების შეტანა?! უცებ, ატყდა აჟიოტაჟი - აა, თქვენ, ევროპა არ გინდათ? მე, ვიცოდი, რომ განაცხადს შეგვატანიებდნენ და მერე, უარს გვეტყოდნენ. ასე, რატომ მოხდა? - იმიტომ, რომ ევროპის სახალხო პარტიის გარკვეული ჯგუფები, რომელთაც საქართველოს თავს მოახვიეს კოაბიტაცია, 2013 წლიდან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის უკან დაბრუნებას ლამობენ. სააკაშვილის ჩამოყვანის მიზანი ჩაეფუშათ, შარლ მიშელის დოკუმენტითაც ვერაფერს მიაღწიეს, ამიტომ, ამ რეზოლუციით, საქართველო ხაფანგში მოაქციეს. სხვათა შორის, ეს რეზოლუცია შეადგინა არა ევროპარლამენტმა, არამედ საქართველოში `ნაცმოძრაობის~ დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ამ ენ-ჯე-ოების მიერ დადებული დასკვნები და ევროპარლამენტის რეზოლუცია ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. ასე, რომ კანდიდატობის სტატუსის მონიჭებაზე განაცხადი შეგვატანინეს. თან ვინ მოგვიწოდებდა ამ ყველაფრისკენ - „ნაცმოძრაობის“ ლობისტი ევროპელი დეპუტატები: ფოტიგა, კუბილიუსი, კრამერი და ა.შ., რომელთაც მერე, თავად გვითხრეს სტატუსის მონიჭებაზე უარი და მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მოგვცეს. არ დაგვავიწყდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის სექტა, ბანდა. ეს პარაზიტები ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს სისხლს სწოვენ. ხომ, გახსოვთ, როგორ დაძვრებოდნენ დერეფნიდან დერეფნებში და საქართველოს შესახებ რეზოლუციაში ათას სიბინძურეს წერდნენ. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ეტაპობრივად, მიაღწია: თავისუფალ ვაჭრობას, ასოცირების წევრობას, უვიზო მიმოსვლას. რა საჭირო იყო ასე სასწრაფოდ კანდიდატობის სტატუსის მონიჭებაზე განაცხადის შეტანა?! წლებია საქართველოს მოსახლეობას გვეუბნებიან, რომ დედაზე, მამაზე, მამაო ჩვენოზე უფრო მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა და უცებ, 30 წლის თავზე ევროპულ პერსპექტივას გვანიჭებს ევროპა, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენ ვართ! ეს სასაცილოა. 
ვინ გვთავაზობს ევროპაში შესვლას? - ვინმე მაქარაშვილი და ვინმე ყაბალახიანი დედაკაცი. ეს მარტივი, პრიმიტიული სქემაა. 2012 წლის მერე, ხელისუფლებას, პირადად, ვაფრთხილებდი: სისხლიან რეჟიმთან კოაბიტაცია არ შეიძლება, დასასჯელი უნდა დაისაჯოს, თორემ ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ-მეთქი. შედეგად, 10 წლის თავზე, ისევ, ბოკერიებზე და საერთაშორისო მაწანწალა, მრავალხმარებადი გამოყენების აგენტ-პროვოკატორ, დამნაშავე სააკაშვილზე ვსაუბრობთ. მისასალმებელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას ბევრ საკითხს პოლიტიკური მახვილი დაესო. მაგალითად, მან თქვა: ჩემი უფროსია ქართველი ხალხი და არა სხვა ქვეყანაო. კარგია, რომ სააკაშვილი, ქარდავა ციხეშია, მაგრამ ამ რეჟიმის მხილება უნდა გაგრძელდეს და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს.

- თქვენ, ახსენეთ: დასავლური ცივილიზაციის დამფუძნებლები ვართ და თავად უნდა დავბრუნდეთ ევროპაშიო. დღეს, ევროპას ლიბერალი ფუნდამენტალისტები ამოეფარნენ...

- დიახ, არის ამის მცდელობა. მეოცე საუკუნის დასაწყისში უდიდესმა გერმანელმა ფილოსოფოსმა ოსვალდ შპენგლერმა თქვა: როცა ევროპა უარს იტყვის თავის ფასეულობებზე, მაშინ დაიწყება მისი დაისიო. ევროპარლამენტარიზმს ამოფარებულ ფოტიგებს, კუბილიუსებს და სხვებს ევროპული ფასეულობები არ ადარდებთ. ვინც უღირსად იქცევა, ყველა უნდა ვამხილოთ. ნეოლიბერალურმა ფსიქოზმა დასავლური ფასეულობები არ უნდა წაშალოს. რა ფასეულობები ჰქონდა „ნაცმოძრაობას“? - იგი საუბრობდა ადამიანის უფლებებზე და ამ დროს, მათ კლავდა, აწამებდა, იტაცებდა, მდინარეში ახრჩობდა, სახურავებზე აგდებდა; ასევე, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას ქადაგებდნენ და მერე, ნოტარიუსებს იბარებდნენ შუაღამეზედა ასე იფორმებდნენ სხვის ქონებებს; სამშობლო გვიყვარსო და მართლმადიდებლობას, ეკლესიებს ებრძოდნენ; ტერიტორიები ქვის გროვად მონათლეს და თუკი რაიმე მდიდარი კომპანია არსებობდა, ყველაფერი ხელთ რუსებს ჩაუგდეს. ახლა, გვეუბნებიან: თქვენ, რუსეთისკენ იხედებით, ჩვენ კი - ევროპისკენ მივდივართო. ევროპა მათთვის არის: დაგვაბრუნეთ ხელისუფლებაში, რომ ისევ უნდა მოგახრჩოთ, გაწამოთ, გაგაუპატიუროთ, მერე, კასეტები გადავიღოთ და დაგაშანტაჟოთ. აი, ეს არის მათი ევროპა. ფოტიგა რომ ჩამობრძანდა, „პოლიტ.პატიმარი“ სააკაშვილის სანახავად და არ შეუშვეს, თურმე, საქართველო დემოკრატიას აცდა. ბუჩას ტრაგედიაზე გვესაუბრებიან. მაგრამ განა მანამდე ადეიშვილმა, ლორთქიფანიძემ და სხვებმა, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან, ბუჩა საქართველოში არ მოაწყვეს ადამიანების მოკვლით, წამებით, სახურავებზე შემოგდებით?! თუ უკრაინაში ბუჩა ომის დროს მოხდა, მათ ბუჩა საკუთარ - ქართველ ერს მოგვიწყვეს. აი, ვის მფარველობენ ეს ევროპარლამენტარები. განა, შეიძლება მათი შედგენილი რეზოლუცია ობიექტური იყოს?!

- „ქართულ ოცნებას“ სამი დეპუტატი გამოეყო. როგორ ფიქრობთ, მათი პირით ხომ არ აეხდება ფარდა სიმართლეს, რასაც ღარიბაშვილი დაგვპირდა? 

- სავსებით შესაძლებელია. ძალიან კარგია რომ „ქართული ოცნებიდან“ წამოსული სამი დეპუტატი შექმნილ ვითარებაზე ღიად ალაპარაკდა, უფრო მეტიც უნდა თქვან. რიგ საკითხებს რასაც პრემიერი ახმოვანებს, საზოგადოებაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ერს ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს: ხელისუფლება სახელმწიფოს მოსპობის მსურველთა მიმართ უფრო მკაცრი იყოს. არ ვითხოვთ 1937 წელი მოაწყვეთ-თქო, მაგრამ გავიაზროთ, რომ დემოკრატია დამნაშავის დასჯა, ქვეყნის მოღალატეებისთვის პასუხის მოთხოვნაა. „ნაცმოძრაობის“ არაერთი წევრი რუსეთიდან მილიარდებს იღებს და ამ დროს, ჩვენ გვამუნათებს. ისინიც პასუხობენ: რუსეთში რა მინდა, რა თქმა უნდა, ევროპაშიო. მაშინ, მიტინგზე მოდიო - ასე, პატიჟებენ ახალგაზრდებს ეს სახედაკარგული ნაცბანდის სალახანები. ქუჩაში ფეხით ხშირად დავდივარ. დღეს სპორტის სასახლესთან ჩამოვიარე, ვიღაც უტვინო იდგა უზარმაზარი დავთრით, სადაც ეწერა - სიმართლე ევროპაა, უსამართლობა რუსეთიო. მკითხა: რომელზე მოაწერთ ხელსო? ვუპასუხე, ხელს მოვაწერ შემდეგზე - არა ნაცებს-მეთქი. სახე წაეშალა. ნაცბანდის გამოგზავნილი იყო და არ ესიამოვნა რაც ვუთხარი. 

- აქციის მონაწილეების, ძირითადი, მოთხოვნა დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესრულებაა. როგორ გესმით ეს ტერმინები?

- ხალხმა ამ შეთითხნილ ტერმინებზე თავის სიტყვა უნდა თქვას. დეპოლარიზაციაზე ჩვენი არასამთავრობოებიჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომამდე წერდნენ და ამას ევროპას უგზავნიდნენ. რას გულისხმობდნენ, გაუგებარია. თუ ვინმე ქართულ პოლიტიკას პოლარიზებულს ხდის, ეს გახლავთ ნაცბანდა. შეხედეთ, პარლამენტის სხდომებს, ნაცებს მუშტი-კრივი აქვთ გამართული, სკამებზე დახტიან, იგინებიან, სიტუაციას ძაბავენ, მოლაპარაკებებზე არ მოდიან. ამაზე მეტი პოლარიზაცია რა გინდათ?! ნაცებისთვის, მათი დასავლელი ლობისტებისთვის იცით რას ნიშნავს დეპოლარიზაცია? - ხელისუფლებას ხელი მოაწერიონ, რათა ყოფილი პროკურორი გვარამია და ნაცბანდის გაცი და გაიმი, არმაზის კერპი, მრავალჯერადი ხმარება-გამოყენების აგენტი-პროვოკატორი, გაპონი სააკაშვილი გარეთ გამოათრიონ. ახლა, დავსვათ კითხვა: რა არის დეოლიგარქიზაცია? ნაცები არჩევნების გზით მიზანს ვერ აღწევენ და გადაწყვიტეს, იქნებ, ივანიშვილს პირობა შეუქმნან საქართველოდან წავიდეს და შედეგად,  დაამარცხონ გუნდი, რომელიც მან ჩამოაყალიბა. ნაცბანდა უნდა ამხილონ, ხელისუფლებას აქვს ამის ბერკეტი. მე რომ მქონდეს ბერკეტი, ვიცი ნაცსექტას რასაც ვუზამდი, რა თქმა უნდა, კანონიერ ფარგლებში. ისეთმა პატრიოტმა ხალხმა როგორიც თქვენი რედაქტორია, ქვეყნის მტარვალებისგან გასათავისუფლებლად უნდა ვიბრძოლოთ. დიახ, ეს ნაძირლები უნდა ვამხილოთ. ხელისუფლებამ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. უნდა ჩამოყალიბდეს მოძრაობა - საქართველო ევროპაში ნაცების გარეშე. 

- ვინ დგას რეალურად, ამ აქციებზე და სად არის ქართველი ხალხი?

- ქართველი ხალხი თავის სიტყვას, აუცილებლად, იტყვის. ჯერ ვუყურებთ როგორ განვიტარდება მოვლენები. ესენი დიდხანს ვერ გაქაჩავენ. მერე, ჩვენ ჩავატარებთ აქციას. მე, მეცხრე თაობის თბილისელი ვარ და ვიცი, რა განწყობაა თბილისში, ასევე, რეგიონებში. მათ ხომ გამოიყვანეს ხალხი, ათჯერ მეტს ჩვენ გამოვიყვანთ. საინიციატივო ჯგუფები ყველგან შექმნილია. ველოდებით, რა მოხდება. ხელისუფლება იმოქმედებს თუ არა, ამაზე აღარ ვსაუბრობ. ხელისუფლებამ თავის საქმე გააკეთოს, ჩვენ - ჩვენსას გავაკეთებთ. ქართველი ერის მოქმედების დროა იმიტომ, რომ  მიშუტკას - ქვეყნის ღალატის და კორუფციის ამ კლასიკურ მაგალითს, ასევე, მეგის ქარდავებს, ადეიშვილებს ქვეყანას ხელში არ ჩავუგდებთ, ეს გამორიცხულია. აი, ასეთი განწყობაა ნაცბანდის მიერ გამწარებულ ადამიანებში. ასე, რომ ფრთხილად იყვნენ, ქართველა ერმა თუ გაიღვიძა, ყველას თავის ადგილს მიუჩენს!

თამარ შველიძე
,,საერთო გაზეთი''