აჰმად ისმაილოვი: აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად გლობალური საინფორმაციო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს
აზერბაიჯანსა და საქართველოს შეუძლიათ გლობალური საინფორმაციო საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი პროექტების განხორციელება, - განაცხადა აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა აჰმად ისმაილოვმა ბაქოში აზერბაიჯან-საქართველოს მედიაფორუმის გახსნის ცერემონიაზე.
მან გაიხსენა, რომ მედიის განვითარების სააგენტო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ასამაღლებლად უკვე ტრადიციად ქცეულ სისტემურ ღონისძიებებს ახორციელებს. ყოველ წელს აზერბაიჯანში მედიაწიგნიერების კვირეულის დაწყება კიდევ უფრო აძლიერებს ამ სფეროში ცნობიერების ამაღლების ძალისხმევას.
„ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ ქართველ კოლეგებთან და გავცვალოთ გამოცდილება. აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში თანამშრომლობის სამაგალითო მოდელია. ჩვენი პირველი ფორუმი ჩვენს ურთიერთობებს მედიასფეროში ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას მისცემს“, - დასძინა მან.
აზერბაიჯან-საქართველოს მედიაფორუმი ბაქოში გაიმართა თემაზე - „მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში“. ფორუმის პირველი პანელური სესია ორიენტირებული იყო თემაზე - „მედიის ეკოსისტემის გაძლიერება ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად“. მეორე პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - „თანამშრომლობითი ძალისხმევა ჟურნალისტური პროფესიონალიზმისა და საზოგადოებრივი მედიაწიგნიერების გასაუმჯობესებლად“.




