ანდრია გვიდიანი: რეგიონული კრიზისის ფონზე 14.4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავი შედეგია

ანდრია გვიდიანი: რეგიონული კრიზისის ფონზე 14.4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავი შედეგია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ მარტში 10.6%, ხოლო იანვარ-მარტში 14.4% შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს პოზიტიურად აფასებს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი.

"რეგიონში არსებული შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი მოვლენაა. მოგეხსენებათ, რუსეთი და ჩვენი მეგობარი უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. შესაბამისად, ცხადია, ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. საყურადღებოა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების თანახმად, ნავარაუდევია უკრაინის ეკონომიკის 44%-ით, ხოლო რუსეთის ეკონომიკის 13%-ით შემცირება. თუმცა, დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პოზიტიური მოლოდინების საფუძველს ქმნის. აქვე აუცილებლად ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ პოსტ-პანდემიურ პირობებში საქართველო სამეზობლოში ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ერთ-ერთი ლიდერია. ცხადია, ამას თავის დასაბუთება აქვს, რაც გონივრულ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკის უკავშირდება. კერძოდ, გამოვყოფდი რამოდენიმე ძირითად ფაქტორს. ესენია - ექსპორტის ხელშეწყობის ზრდა, ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი ხარჯები, ტურიზმის აღდგენის სწრაფი ტემპები და დაბალანსებული მონეტარული პოლიტიკა. აქვე მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოში გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არსებული კურსის შენარჩუნება", - განაცხადა გვიდიანმა.