ამხანაგ მიხას თეზისები

ამხანაგ მიხას თეზისები

ამას წინებზე ყოფილმა ზვიადისტმა და ამჟამად მიხუინმა ეკა ხერხეულიძემ გვაცნობა, მიშა სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობს, ჩუუუ, ხელი არავინ შეუშალოთ, ამ დღეებში მსოფლიო ეკონომიკის მამას, რომან კუპონოვიჩს გამოიძახებს, კონსულტაციას გამართავს და მოგვიანებით გეგმასაც გაგვაცნობსო. დარწმუნებულნი იყავით, მიშა ძაან მაგარ პროგრამას დაგვიწერს, წვეთი რო არ გაუვა, ისეთს, ამაღორძინებელსა და გამაბრწყინებელსო. ხერხეულიძე ძლიერ აღტყინებული გახლდათ, სააკაშვილმა უთუოდ სხვა სახეირო სახეირო კონცეფციები და აღმშენებლობითი დოკუმენტებიც გააცნო.

გავიდა დრო, მიშამ დაწერა, რომან კუპონოვიჩიც მიიწვია საკონსულტაციოდ, სხვა გამოჩენილ პოლიტიკოსებსაც შეხვდა რუსთავის რეზიდენციაში, იფიქრა, განსაჯა, განაზოგადა, გაანალიზა, თავდაუზოგავად იმიშავა, ეკონომიკური ლაბირინთები გამოთვალა და დაადგინა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქონლის წარმოებას, განაწილებას, გაცვლას, ფასსა და მოხმარებას.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ და თავი არ მოგაბეზროთ, ეგრევე მოგახსენებთ, რომ ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა თავისი ეკონომიკური ჭვრეტის ძირითადი თეზისები გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი: „სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, მითი ნამდვილად არ არის “. გაიგონეთ? თქვენ კიდე გადმოდგებით ხოლმე და ამტკიცებთ, ეგ ყველაფერი მითი და ზღაპარიაო. ეგე, სააკაშვილმა გამოთვალა, გაისიგრძესიგანა და დაასკვნა, რომ სიღარიბიდან სიმდიდრეში გადასვლა რეალობაა, განა თვითონ ეგრე არ გადავიდა გიულ დედულ მამულისთან ერთად?

სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის პროგრამაში 9 ძირითადი მიზანია გამოყოფილი: სასამართლო რეფორმა, ინგლისური სამართალი, არბიტრაჟი, ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების საჭიროება, ენერგეტიკული განვითარება, ბიუროკრატია ხალხისთვის და არამიზნობრივი ხარჯების გაუქმება, ერთი გადასახადის პრინციპის შემოღება, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის განვითარება, ლაზიკის მშენებლობა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ქართული სილიკონის ველი.

მოდით, ბოლოდან დავიწყოთ, რას ნიშნავს ,,ქართული სილიკონის ველი"? ეს გახლავთ თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ტიპი, ანუ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სანტა-კლარას ველზე.

ოდესღაც სასოფლო-სამეურნეო რაიონში ამჟამად გაშენებულია მრავალი ქალაქი, რომლებიც ჯაჭვივით არის გადაჭიმული სან-ფრანცისკოს ყურედან ქალაქ სან-ხოსემდე. მათ წარმოშობას სათავე დაუდო პალო-ალტოში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტმა, სადაც 1940-იანი წლებიდან ტარდებოდა კვლევები ელექტრონიკის სფეროში.

მოკლედ, უფრო მარტივად რომ მოგახსენოთ, ეს არის ქალაქები, სადაც მუშაობენ უახლეს ტექნოლოგიებზე, ანუ გამოგონებებზე. ამხანაგი მიხა გვთავაზობს ანალოგიური ქალაქების გაშენებას ან კოლხეთის დაბლობზე, ჩვენ მეცნიერულად გეზი უნდა ავიღოთ ლიმნისკენ. როგორ? ჰმ, როგორ და... ჩვენ შეგვიძლია, ლიმონმჟავასგან დავამზადოთ ნახევარგამტარები და გავაგზავნოთ იაპონიაში, იმათ იციან, რაც უნდა ქნან. თუ ალაზნის ველზე გავაშენებთ, მაშინ მოგვიწევს რქაწითელის წიპწების მოგროვება და გაგზავნა ჰავანაში, იქ იციან, რა უნდა ქნან. მთავარია, ეს ყოველივე ,,იქნას" მეცნიერულ დონეზე ,,გამოკვლევებული".

ბოლოს წინა თესიზი გახლავთ ლაზიკას მშენებლობა. ეს არ ავიწყდება ამხანაგ მიხას, ეს მისი ოცნებაა ჯერ კიდევ მამათაგან და პაპათაგან. უფრო სწორად, ოცნება კი არა, ანდერძია მამათაგან და პაპათაგან. დიახ, იმათ დაუტოვეს ქაღალდი, სადაც ყვითელზე ლურჯად ჯერ კიდევ იკითხება: ,,მიქაელ, შენ უნდა აღაშენო ქალაქი დასავლეთით და აღმართო კოშკი აღმოსავლეთით, ქალაქს უნდა ეწოდოს ლაზიკა, ხოლო კოშკს - გიულ დედული". ეს ანდერძი უკვე განხორციელებული იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა ოლიგარქი. აი, სწორედ ამიტომაც არის საჭირო ამ ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია. თუმცა აქ არის ერთი პრობლემა - იმდენი ფული წაიღეს ამხანაგმა მიხამ, მისმა ბიძამ, მისმა ამფსონებმა, კეზერაშვილებმა და სხვა ,,მავნებმა" თვითონ უფრო გამოდიან ოლიგარქები. ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აღარ ერევა პოლიტიკაში, კაცი წავიდა და თავის საქმეს აკეთებს, ამათ უნდათ უკან მობრუნება დიდი ფულების ხარჯვით, რათა მერე გაასმაგებულად ამოიღონ. არ გამოვა, არ გამოსდით, იმდენად გაიფუჭეს ცხოვრება, ჩავლილია უკვე მაი ამბავი.

სასამართლო რეფორმაო, ახლა იძახის ამხანაგი მიხა, როცა ხელისუფლებაში მისი მოთრევიდან 18 წელიწადია გასული. დიახ, 18 წლის თავზე გაახსენდა, როცა ,,კლეტკაში'' ჩასვეს კოხტად. თანაც ინგლისური სამართალიო... ნეტავ რას გულისხმობს? ინგლისური სამართალი არის სწრაფი და კომერციული. რასაკვირველია, ამხანაგ მიხას აწყობს სწრაფი და კომერციული, იქ ბევრი ფულებია შესატანი. სხვათა შორის, რასაც ყოფილი გრძელი გვეუბნება, ამას უწოდებენ ანგლო-ამერიკულ სამართალს და იმდენი კაზუსია წამოხვავებული, ჩვენში ამის გამგებ-განმსჯელი არავინ მოიპოვება. თქვენ გგონიათ, თეზისების ავტორს ესმის, რას ნიშნავს, რას წარმოადგენს, რა წერია ბრიტანელების კანონმდებლობაში? არა, ყური აქვს მოკრული და ბოდავს.  

ბიუროკრატია ხალხისთვის და არამიზნობრივი ხარჯების გაუქმებაო, წერს ისა, კვირაში ერთხელ საქალაქო სასამართლოს ,,სცენაზე'' რომ გამოდის ხოლმე სკეტჩებით. ამაზეა ნათქვამი, დათვს თავში ურტყამდნენ და იძახდა, ბანგი-ბუნგის ხმა საიდან მოდისო? ზუსტად ეგრეა ესეც, არამიზნობრივი ხარჯების გამო ასამართლებენ და იძახის, გამიშვით, არამიზნობრივი ხარჯები უნდა შევამციროო. მეტიც, ტიპი ცოტა ხნის წინ იძახდა, ნამახვანჰესი არ უნდა აშენდესო და ახლა წერს, ენერგეტიკა უნდა განვითარდესო. თუმცა სანამ პრეზიდენტი იყო, ამტკიცებდა, ნამახვანჰესი უნდა აშენდესო, საჭიროაო.

ამხანაგ მიხეილს გული სტკივა, როცა ,,ქართული ოცნება" იძახის, საქართველო ბედნიერად ცხოვრების ადგილი არ არის, წადით აქედანო. მე ასეთი რამ არ მომისმენია, როგორცა სჩანს, იმას გულისხმობს, ივანიშვილმა რომ თქვა წლების წინათ, უცხოეთში დაგასაქმებთო. სხვათა შორის, უცხოეთში დასაქმებაზე ლაპარაკობდა დავით ბაქრაძე წინასაარჩევნოდ, წაგიყვანთ, საქმეს გაგიმარტივებთ, დაგასაქმებთო. ბაქრაძის ინიციატივა ინოვაცია იყო, ივანიშვილისა - ბოროტება. არადა, კაცმა თქვა, უსაბუთოდ რომ დაბლაყუნობთ და პანჩურის რტყმით გარეპორტებენ, სახელმწიფოებთან მოვილაპარაკებთ, ხელშეკრულებებს გავაფორმებთ და მუშაობის უფლებას მოგცემენ, ადამიანურად მოგექცევიანო. ამათ ატეხეს ამბავი, ივანიშვილი სამშობლოდან გვყრის, საქართველო თავისთვის უნდაო. გაიგონეთ? მხოლოდ თავისთვისო, ყველას მოგვიცილებს, დაჯდება დენდროლოგიურ პარკში და იღიღინებსო. ხან დენდროლოგიურ პარკში, ხან კიდევ აბასთუმანში, ან შეკვეთილში, ან ჭორვილაში. ერთი რა მაგის პასუხია და წამდაუწუმ ის გამახსენდება ხოლმე, ნინო ძალომ (ბურჯანაძემ) რომ თქვა, ბიძინა ივანიშვილი ავადმყოფი რომ არ იყოს, ცოლ-შვილს ჭორვილაში აცხოვრებდაო? იმის მერე მეცინება, ვეღარ ვჩერდები, ეს ქალი ძაან წაუგოიმებს, დედამიწაზე რა ხდება, აზრზე არ არი, ყველაფერს ,,ქალაქურად" უყურებს. მაგას წარმოუდგენია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები ჭორვილაში ნახირს მწყემსავენ და ,,კალოშებით" დადიან. ვუყურებ ამათ და ახლა შემეშინდება ხოლმე, ესენი რანაირად იყვნენ ხელისუფლებაში, ამათ როგორ ებარათ ჩვენი ბედი და როცა ებარათ, ჩვენ რატომ გვეძინა ღამით?

ამხანაგ მიხას ეკონომიკური დასკვნა ასეთია: „ჩვენი მიზანია, შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც მოემსახურება როგორც ქართველი ხალხის კულტურის, ტრადიციის და იდენტობის დაცვას, ისე უზრუნველყოფს მის პროგრესულ მომავალს და კეთილდღეობას''.

როგორ გითხრათ... ეს არ გახლავთ დასკვნა, ეს არის სადღეგრძელო, რომლის შემდეგაც უნდა წამოიძახო: თან დაასხი, მერიქიფევ! უკაცრავად, დაასხი ამათთან არ მოსულა, უნდა წამოიძახო, თან გავიჩხიროთ, ოღრაშებო!

ამხანაგ მიხას იდეებსა და პროგრამებზე სერიოზულად საუბარი სისულელეა, ამაზე მხოლოდ ღადაობა თუ შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ, მას მაინც ჰყვანან ავადმყოფი მიმდევრები და ავტომატურად თავების დამქნევები. არა, თავები მაგათ საიდან? უბრალოდ, რაც მხრებზე აბიათ, იმის დამქნევები. როგორც ჩანს, ესეც ჩვენი სახადია, გავა ცოტაოდენი დროც და ეგენიც გადაშენდებიან. აუცილებლად გადაშენდებიან!

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი''