ავთანდილ არაბული: დავიცვათ სახელმწიფო ენა სახელმწიფო ენის დეპარტამენტისაგან!

ავთანდილ არაბული: დავიცვათ სახელმწიფო ენა სახელმწიფო ენის დეპარტამენტისაგან!

გვესაუბრება ენათმეცნიერი, აკადემიკოსი 
ავთანდილ არაბული:

– ბატონო ავთანდილ, მოვიდა კიდევ ერთი 14 აპრილი და როგორც არნოლდ ჩიქობავას თავის დროზე უთქვამს, – 14 აპრილი არა ზეიმის, არამედ ანგარიშგების დღე უნდა იყოს. რა გვაქვს ახალი ამ დროისათვის ქართული ენის მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით?
– მოდით, აწინდელი სათქმელი, უპირველესად, დავუკავშიროთ იმ მასშტაბურ, სასტიკ საომარ ვითარებას, რომელსაც დღეს არის მიჯაჭვული კაცობრიობის თვალი და ყური. ჩვენი დღევანდელი თემის ასპექტით თუ შევაფასებთ, რუსეთ-უკრაინის ფრონტის ერთი მთავარი ხაზი სახელმწიფო ენის გადამწყვეტ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე გადის. უკრაინელი ეროვნული სიამაყით ამბობს, რომ მისი სამშობლოს სახელმწიფო ენა უკრაინულია, ოკუპანტი კი პრეტენზიას აყენებს, რომ რუსული ასევე სახელმწიფო ენაა და მზადაა, არა მხოლოდ ტერიტორიის, არამედ უკრაინული ენის ოკუპაციასაც მიმართოს. კონფლიქტის თავისებურებაა ისიც, რომ ეს ორი ენა უახლოესი ნათესავია, მათი ლექსიკის ლამის 60 პროცენტი საერთოა, გრამატიკის კავშირიც ადვილად შეიცნობა. რუსი ამასაც ექსპანსიის საბაბად იყენებს...
ღვთის მადლით, ჩვენ ქართული ენის უნიკალურობისა და დამოუკიდებლობის მტკიცება არ გვიწევს, მაგრამ განა იძლევა ეს იმის საფუძველს, რომ თავი დავიარხეინოთ და თვალი დავხუჭოთ იმ საფრთხეების მიმართ, რაც გლობალურმა საინფორმაციო და კულტურულმა რევოლუციამ ობიექტურად დააყენა მცირერიცხოვანი ერების წინაშე? ამ თვალსაზრისით ყოვლად უმაგალითო ჩვენი ისტორია და უზარმაზარი მწიგნობრული მემკვიდრეობა არ გვაძლევს უფლებას, მივიღოთ პირობები, რომელსაც, პირობითად, უხილავი „მტერი“ – გლობალური პროცესები და მისი შინაური „დესანტი“ გვთავაზობს... 
ნამდვილად აღარ ვაპირებდი ამ საკითხზე სიტყვის დაძვრას. თუ გახსოვთ, შარშან, ზუსტად 14 აპრილს, დავარღვიე სამწლიანი დუმილი და თქვენს გაზეთში გამოვაქვეყნე წერილი, რომელშიც ყველა ძირითადი პრეტენზია გამოვთქვი სახელმწიფო ენის კანონის აღსრულების მიზანმიმართული თუ შეუგნებელი შეფერხების გამო. ბრალდებები უმთავრესად კანონის საფუძველზე შექმნილი აღმასრულებელი ინსტიტუტის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მისამართით იყო მიმართული. სხვათა შორის, ამ წერილთან დაკავშირებით რეგიონებიდანაც მირეკავდნენ და მწერდნენ, – მეტი რაღა უნდა ხელისუფლებას, ყველა დეტალი ნათლად გაქვს წარმოჩენილიო...
საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ეროვნული ენის დაუღალავი და იმედდაუშრეტელი გულშემატკივარია და ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მისი რეიტინგის გადამწყვეტი წილი ამ სასწორზეც იწონება.
ერთი სიტყვით, ჩემი მხრივ, არც საკანონმდებლო სამუშაოს გავქცევივარ და არც სათქმელი დამიკლია ქართული ენის დასაცავად. ისიც ვიცი, ზომიერების გრძნობაც კარგი ქონებაა!..
– მინიშნებებით ლაპარაკობთ...
– კეთილი, ჩვენი დღევანდელი ენობრივი მდგომარეობის წარმოსადგენად, მცირედი ირონიით, ერთი ლოკალური დისპოზიცია ავიღოთ: პარლამენტის ზედა შესასვლელს ცოტათი რომ გაცდებით, 9 აპრილისა და ინგოროყვას ქუჩის კუთხეში დგას საქართველოს უსაფრთხობის ძველი შენობა, რომელსაც ჯერ ინგლისურად აწერია „ვინაობა“, შემდეგ კი ქართულ სახელმწიფო ენაზე. ე.ი. ქვეყნის უსაფრთხოება პარლამენტის ცხვირწინ არღვევს ორგანულ კანონს სახელმწიფო ენის შესახებ, რომელშიც სრულიად გარკვევით წერია წარწერების განთავსების ნორმა.
აქედან პირდაპირი ხაზით, ძველი უნივერმაღის, ანუ უნივერსალური მაღაზიის, ადგილას დგას თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომელსაც შესასვლელის თავზე მხოლოდ ინგლისურად აწერია Gალლერია. თუ რუსთაველის გამზირის მეორე მხარეს გადახვალთ და სავაჭრო ცენტრის სახურავისკენ გასახედად მოხერხებულ ადგილსაც მოძებნით, შეიძლება დაინახოთ, რომ ქართულადაც ჰქონია ამ დაწესებულებას წარწერა: გალერია.
აი, ამ ორი დაწესებულების შუა ხაზზე, მთავრობის შენობაში შეყუჟულა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელსაც არც დამოუკიდებელი მისამართი აქვს, არც ფირნიში, ამიტომაც ამ მხრივ თავად არაფერს არღვევს. მაგრამ განა მისი დარღვევები არ არის უკვე დასახელებული, მთელი რუსთაველის გამზირი, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირები, გოგებაშვილის ქუჩა, ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავას ქუჩები... ნამდვილად ერცხვინებათ ამ სათაყვანო სახელებს იმ ქუჩებზე ცხოვრება, რომლებიც მათი ნალოლიავები ქართულის აბუჩად აგდების ცოცხალი სცენაა... აღნიშნული საგანგებო სახელმწიფო დაწესებულება კი ყურსაც არ იბერტყავს, როგორც ერთ ცნობილ ხალხურ ლექსშია: „კამეჩი წევს და იცოხნის, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია“!
– თქვენს შარშანდელ წერილში ლაპარაკი იყო სახელმწიფო ენის პროგრამისა თუ პროგრამების შედგენის აუცილებლობაზე, რაც, თუ არ ვცდები, სახელმწიფო ენის დეპარტამენტს ევალებოდა.
– დიახ, წლების განმავლობაში უკიჟინებდნენ ამ საგანგებო სახელმწიფო უწყებას პირდაპირი მოვალეობისგან თავის არიდებას. ახლა ამ მხრივ საყურადღებო სიახლე გვაქვს: თავისი არსებობის ოთხი წლის თავზე დეპარტამენტმა (ვითომ სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად) შემოგვთავაზა „სახელმწიფო ენის სტრატეგია“, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასული წლის მიწურულს დაამტკიცა. 
იკითხავთ: რატომ არა „სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა“, რომელიც დეპარტამენტს სახელმწიფო ენის ორგანული კანონით ევალებოდა? იმიტომაო, რომაო მთავრობის დადგენილებაა ასეთიო, ე.ი. დეპარტამენტისათვის მთავრობის დადგენილება ორგანულ კანონზე მაღლა მდგომი ყოფილა.
თავი დავანებოთ ამასაც, რაკი რაღაც შედეგი მივიღეთ და თავიანთი „ოთხწლიანი შრომის“ ნაყოფს რაღაცნაირად სტრატეგიასაც უწოდებენ და პროგრამასაც. მთავარი სატირალი ის არის, რომ ეს დოკუმენტი სინამდვილეში არც სტრატეგიაა და არც პროგრამა, უფრო ამათი წარუმატებელი ჰიბრიდია, რადგან ამ ორი ამოცანის შეთავსება არსებითად შეუძლებელია.
უფრო პირდაპირ რომ გითხრათ, ამ „პროდუქტით“ ქართული ენის მოამაგე არც ერთი ინსტანცია არ დარჩენილა კმაყოფილი, თავად შემდგენლების გარდა. თვით ამ დოკუმენტს, როგორც პროექტს, არსებითი საზოგადოებრივი განხილვა არც გაუვლია, მისმა გამოჩენამ იმდენად დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, „დაჩქარებული წესით“ გააპარეს დასამტკიცებლად. რამდენიმე დეტალს მოგახსენებთ:
ქართული ენის საპროგრამო დოკუმენტს რომ სათანადო ლიტერატურა დაურთო, ათეული გვერდები დასჭირდება. აქ კი აზრს ვერ გაუგებთ, რა პრინციპით შეირჩა ეს მცირედი. მიზეზი თუ მიზანი უფრო ვიღაცების პატივმოყვარეობის ჭიის დაკმაყოფილება ჩანს. აქ შერჩეული სახელები და წყაროები სხვაგვარად არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება, თანაც – კურიოზული შეცდომებით. საკუთარი დასახელებით დავიწყებ. მითითებულია: არაბული -ვაშაკიძე, ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა (ლექსიკოგრაფიული ამოცანები), 2013. ამგვარი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს (მით უფრო – გამოცემული). 90-იან წლებში მართლაც არსებობდა ლექსიკოლოგიული პროგრამა (ერთადერთი პროგრამა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი, რომელმაც იმ სამიოდე წელს მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა), მაგრამ მის ავტორს არ ჰქონია იმის თავმოთნეობა, ის სადმე საკუთარი სახელით მოეხსენიებინა. მეორე: გ. გოგოლაშვილი, თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია, 2016. ისევ არასწორი მითითებაა. სამაგიეროდ, ეს ფაქტი ფონს ქმნის იმისათვის, რომ დაასახელონ: ქირია-ეზუგბაია-მემიშიში-ჩუხუა, ლაზურ-მეგრული გრამატიკა, 1, მორფოლოგია, 2015. კიდევ სამიოდე ასეთი ნაშრომი. გამოდის, რომ ამ სახელმწიფო ენისთვის უკვე უქმი ყოფილა ა. შანიძის, არნ. ჩიქობავას, ვ. თოფურიასა და მათი მოწაფეებისა და მოწაფეთა მოწაფეების ფუნდამენტური ნაშრომები. არა ჩანს თვით ახლახან გარდაცვლილი უნივერსიტეტის პროფესორის, ვ. იმნაიშვილის სულ ბოლო, თითქმის 500-გვერდიანი წიგნი, მთლიანად მიძღვნილი ნორმალიზაციის მწვავე პრობლემებს: „ქართული მართლწერის სადავო საკითხები“ (2016). და ეს ყოველივე უხერხულობას არ უქმნის ამ „ბიბლიოგაფიის“ შემდგენლებს. ბიბლიოგრაფიაში მითითებულია „ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა), მაგრამ „გამორჩენილია“ „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი~ და ცხადია, მისი ახალი რედაქციაც. ისიც „დავიწყებულია“, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტის საიტზე უკვე 15 წელია არსებობს ამ ლექსიკონის ელექტრონული ვერსია, რომელსაც თავისუფლად იყენებს ფართო სამეცნიერო საზოგადოება. შემდეგ: მითითებულია „ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის მესამე რეზოლუცია“ (2020), სამაგიეროდ, არ სცოდნიათ, რომ იუნესკომ 2016 წელს საკაცობრიო არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა ნომინაცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, რომელიც ჩვენი ეროვნული ენის დაცვის ყველაზე მასშტაბურ პროგრამას წარმოადგენს. მითითებულია: „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ბიულეტენი 11 (2019-2020)“, მაგრამ დავიწყებულია „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები“ (არნ. ჩიქობავას რედაქციით), არა ჩანს ენციკლოპედიური ტომი „ქართული ენა“ და სხვ. და სხვ.
მაგრამ თავი დავანებოთ „ბიბლიოგრაფიას“, უფრო გამაოგნებელს გეტყვით: სახელმწიფო ენის სტრატეგიაში არ აისახა თანამედროვე ქართველოლოგიის ისეთი ფუნდამენტური ამოცანა, როგორიცაა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“. პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა ვთქვა: სახელმწიფო ენის საპროგრამო დოკუმენტი, რომელშიც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონია „გამორჩენილი“, სახელმწიფო ენის სტრატეგია კი არა, რომელიმე რიგითი ამოცანის გეგმა-კონსპექტიც ვერ იქნება.
ბოლო ათი წელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „რუსთაველის კომისია“ აკად. თამაზ გამყრელიძის ხელმძღვანელობით წარმართავს სამუშაოებს „ქართული ენის თესაურუსის“, იგივე – ისტორიული ლექსიკონის, შესადგენად. ამ პროექტს კარგად იცნობენ და იყენებენ სამეცნიერო წრეები შესაბამისი ინტერნეტპროგრამის მეშვეობით. ფართო საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ რუსთაველის კომისიას შექმნილი აქვს ქართული ენის ლექსიკის ყველაზე მოცულობითი ფონდი, რომლის საყოველთაო ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ამოცანაა. გასაკვირია, მაგრამ „სტრატეგიის“ შემდგენლებისათვის უცნობი ყოფილა ასეთი მასშტაბური სამეცნიერო პროექტის არსებობა.
მეცნიერებათა აკადემია კვლავაც ახორცილებს მნიშვნელოვან სამუშაოებს, კერძოდ, „ქართული ენციკლოპედიის“ სამეცნიერო რედაქცია, რომელსაც ბატონი ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობს. მის მიერ გამოცემული განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეული, ენციკლოპედიური ტომი „ქართული ენა“, პირთა სახელებისა და გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონები. სავალალოა, მაგრამ „სტრატეგიაში“ არათუ ამ დასახელებულ სამუშაოებს, არამედ სიტყვა „აკადემიის“ ხსენებასაც ვერ წააწყდებით!
ასეთი ფაქტების დასახელება კიდევ მრავლად შეიძლება...
– არ შეიძლებოდა სახელმწიფო სტრატეგია თუ პროგრამა უფრო მეტად დაზუსტებული და რაციონალური ყოფილიყო?
– ეს ფაქტია და ამ ფაქტს, უკვე ოთხი წლის გამოცდილებით, სახელად ჰქვია „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სახელმწიფო ენის წინააღმდეგ“. ვეჭვობ, სწორედ ეს არის ვიღაცის ფარული სტრატეგია. ამიტომაც დეპარტამენტის შექმნის შემდეგ დამატებითი თავისტკივილი გაგვიჩნდა: დავიცვათ სახელმწიფო ენა სახელმწიფო ენის დეპარტამენტისაგან!..
თუ გნებავთ, მიზეზი უფრო ღრმად არის:
„ზაკვის“ (მზაკვრობის) საბასეული ახსნა გეხსომებათ მურმან ლებანიძის სხარტი სტროფით: „მე მივაშურე საბას ტალავარს,
სად მძრომთან ზაკვაც განიმარტების:
„არცა კირჩხიბი მართლად არა ვალს,
არც ძაღლის კუდი განიმართების“.
არ გეგონოთ, როგორც მათგან ვართ ჩვეული, ვინმეს პოლიტიკური აუტანლობა მაწუხებდეს. ერთგული „ნაცისტებიც“ მყავს კოლეგები, მაგრამ მათ დიდ პატივს ვცემ, როგორც დარგის შესანიშნავ სპეციალისტებს. მაგრამ ის თვისებები (მზაკვრობა, ჩასაფრება, ანგარიშსწორება), რაც ამ დოკუმენტმა კიდევ ერთხელ გამოავლინა, ყოვლად მიუღებელია. თუ შენ სახელმწიფო სამსახურში ხარ, მინიმუმ, ტყისკენ აღარ უნდა იყურებოდე...
იცით, რატომ არ გამოვიდა ამდენი ხნის ნაწვალები სტრატეგია-პროგრამა?
სტრატეგია რომ შექმნა, ამისათვის შესაბამისი სფეროს ზოგადი ხედვა უნდა გქონდეს.
დეპარტამენტის „კვირიკაშვილის გუნდს“ კი არათუ სახელმწიფო ენის სტრატეგიის ხედვა აქვს, არამედ ისინი, საერთოდ, ქართული ენის მომავალს ვერ ხედავენ. თავად ეს დოკუმენტია ამისი საბუთი.
სხვათა შორის, ეს დოკუმენტი ენობრივადაც საკმაოდ მოიკოჭლებს, მაგრამ ამას ვიღა ჩივის?! თავად დოკუმენტის სახელწოდება „სახელმწიფო ენის სტრატეგია“ არასწორი ქართულია. წესით „განვითარების სტრატეგია“ უნდა ერქვას, მაგრამ რაკი სინამდვილეში „განვითარების“ არ არის, „განუვითარებლობისას“ ხომ არ დაარქმევდნენ?!
– დოკუმენტში, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ბევრია ნათქვამი აფხაზური ენის დასაცავადაც.
– დიახ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა არის, აგრეთვე, აფხაზური. ამიტომაც საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ და სხვა ნორმატიული აქტები აუცილებლად ასახავს ამ მომენტს. ამავე დროს, ჩვენი სახელმწიფოს ისტორიული ქვაკუთხედია საერთოკავკასიური პოლიტიკა, ხოლო ჩვენი ეთნოფსიქიკის საფუძველი, მოგეხსენებათ, არის ტოლერანტობა და ზრუნვა სხვათა მიმართ.
დააკვირდით: არა მგონია, რომელიმე ქვეყნის ბავშვებს ასწავლიდნენ იმ ყაიდის იგავს, როგორიც იაკობ გოგებაშვილმა შესთავაზა „დედაენის“ აღსაზრდელებს.ასეთი თხზულება „კუდა ხარი და ბუზები“. პედაგოგიკის გენიოსმა ამით ეროვნული თვისების არსებითი მხარე აჩვენა: სხვის გასალამაზებლად ზრუნვა კეთილშობილი საქმეა, თუ თავად პირზე მური არ გცხია!
თუ შესაბამისი სიღრმით წავიკითხავთ, უზუსტესია ჩიქობავას დარიგება: „გიყვარდეთ საკუთარი ენა და პატივი ეცით სხვათა ენას, აკი ისიც ვიღაცისთვის მშობლიურია“ _ ბოდიშის მოხდით, მაინც დავაზუსტებ: ჩიქობავას არ უთქვამს, – გიყვარდეთ სხვათა ენა და პატივი ეცით საკუთარსო.
სრულიად განსაკუთრებული თემაა ქართველური ენების მოვლა-პატრონობის საკითხი და ამის შესახებ „სტრატეგია“ საგნობრივს არაფერს გვთავაზობს, მით უფრო, რომ უკანასკნელი წლების მიზანმიმართულმა პროვოკაციებმა ამ საკითხს დიდად ავნო. ენათმეცნიერების ინსტიტუტს არსებობის დროიდან აქვს „ქართველურ ენათა განყოფილება“. რატომ არა ჩანს „სტრატეგიაში“ ამ განყოფილების ხედვა ქართველური ენების განვითარებასთან დაკავშირებით?! გავიხსენოთ: გასულ 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ მკვეთრი ფორმულირება შესთავაზა საზოგადოებას: „ჩვენ ვჩაგრავთ მეგრულს და სვანურს“. მადლობა ეკუთვნის ბატონ ვახტანგ ხარჩილავას, რომ „საერთო გაზეთში“ გარკვეული კალაპოტი მისცა ამ თემას, თორემ დისკუსიის მუხტი შეიძლება ახალ ვნებათაღელვაში გადაზრდილიყო. ამით შეწყდა პრეზიდენტის აქტივობაც. არადა, მაშინვე შევნიშნეთ, რომ საკითხისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა გულისხმობს არა ცარიელ დეკლარაციებს, არამედ გარკვეული საგნობრივი გეგმების შემუშავებას. ამისი საფუძველია სახელმწიფო ენის კანონი. კიდევ გავიმეორებ: დიდი მონაპოვარია კანონის სპეციალური პუნქტი ქართველური ენების შესახებ, რომელიც ამბობს: „სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე“. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველური ენები სახელმწიფო ენის დაცვის პოლიტიკის საერთო ქუდის ქვეშ ექცევა. ვინც ამ დებულებას ებრძვის (დეპარტამენტში თუ მის ფარგლებს გარეთ), ისინი ფარული ან ღია „რეგიონალისტები“  _ რეგიონული ენების სტატუსის მოსურნენი _ არიან და, პრევენციისათვის კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ეს არ ემსახურება ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეს.
– როგორც თქვენი საუბრიდან ვრწმუნდები, ენობრივი პოლიტიკა მართლაც სერიოზულ პრობლემებს ხვდება და, როგორც ჩანს, უხილავ „ნაღმებსაც“ მრავლად შეიცავს.
– თუ გულისხმიერი ვიქნებით, ჩვენი საზოგადოერივი პროცესების ხელოვნური რადიკალიზაციის ფონზე ძნელი არ არის ამოვიცნოთ ცალკეული სტრუქტურებისა და სუბიექტების განაზრახი მათი პოზიციების „პოზიტიური“ თუ „ნეგატიური“ მახასიათებლების გათვალისწინებით. აბა, დააკვირდით: სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ისეთ სფეროს _ სახელმწიფო ენას ემსახურება, რაც მუდამ მიზანში ჰყავდა ამოღებული რადიკალურ ოპოზიციასა და მესამე სექტორის ორგანიზაციებს. შეგახსენებთ, რა ამბები იყო სახელმწიფო ენის კანონთან, დედაენასთან და სხვ. დაკავშირებით. თუ გახსოვთ თქვენ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში რომელიმე რადიკალი ან „ენჯეოს“ წარმომადგენელი თავს დასხმოდეს დეპარტამენტს მისი აქტიური „პროქართული“ საქმიანობის ან პოზიციის გამო. მეტიც, ზემოხსენებულ საარჩევნოდ `ნაცმოძრაობის~ ციცერონს, რომან გოცირიძესაც კი ტკბილად ეთათბირებოდნენ სოცქსელებში ქართული ენის სვე-ბედის შესახებ, ამ საქმის მსახურთ კი ახლოსაც არ იკარებდნენ. 
სამეცნიერო საქმეს აკეთებს ცოდნა და მაღალკვალიფიციური პერსონალი, ხოლო ფინანსური რესურსები მისი შენარჩუნებისა და განვითარების წყაროა. ცხადია, ყოვლად მიუღებელია, რომ კვალიფიციურ მეცნიერს შესაფერისი ანაზღაურება არა აქვს და სახელოვანი სამეცნიერო სკოლებიც დაკნინებულია ახალმოვლენილი სსიპების „ჩრდილქვეშ“, მაგრამ რეალურ საქმეს მაინც დღევანდელი მშიერი სპეციალისტები აკეთებენ და არა კარგად დაფინანსებული შემთხვევითი პირები.
– იმედია, ხელისუფლება სწორად შეაფასებს იმას, რომ სახელმწიფო ენის დაცვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური უზრუნველყოფა ბოლოს და ბოლოს აშკარად მეტ ყურადღებას მოითხოვს.
– პირდაპირ უნდა ითქვას: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არსებითად ერთადერთი პიროვნებაა, ვინაც შეიძლება ჩვენი, საზოგადოების, გულისტკივილი გაიგოს სახელმწიფო ენის არსებული მდგომარეობის გამო. ჯერ ერთი, სახელმწიფო ენის კანონის შემუშავება და მიღება სწორედ მისი პრემიერობის დროს და მისი პირადი აქტიური დაინტერესების წყალობით გახდა შესაძლებელი, მეორეც, მის უშუალო დაქვემდებარებაშია ის სახელმწიფო უწყება – სახელმწიფო ენის დეპარტამენტი – რომლის შექმნაც საკანონმდებლო განაზრახში კანონის მოთხოვნათა აღსასრულებლად იყო გამიზნული. ადრეც აღმინიშნავს, რომ სახელმწიფო ენის კანონპროექტს ძალიან გაუმართლა იმით, რომ მაშინ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, მაგრამ ამ კანონს ბედმა უმუხთლა სახელმწიფო გადაწყვეტილებათა შემდგომ ეტაპზე... ახლა კიდევ შეიძლება გაწყვეტილი პროცესის გაგრძელება. ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ჩანს, ერთგვარი „პოლიტიკური იღბლის“ მატარებელი პიროვნებაა. ამაში იგულისხმება არა პირადი პოლიტიკური სვე-ბედი, არამედ პიროვნების როლი ქვეყნის პოლიტიკური ბედის გადაწყვეტაში. ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც პოლიტიკოსის პირადი კარიერა ამა თუ იმ ქვეყნისათვის ფეხბედნიერი, ანდა, პირიქით, საბედისწერო აღმოჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობა გამორჩეული დინამიკით აღინიშნა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ მაშინ გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ათწლეულების მცდელობის შემდეგ, სწორედ მისი პრემიერობისას იქნა მიღებული სახელმწიფო ენის კანონი. კარგად ჩანდა, რომ იგი პირადად აქტიურად იყო ჩართული ამ კანონთან დაკავშირებულ რთულ პერიპეტიებში. სხვაგვარად ეს კანონპროექტი კვლავაც წარუმატებელ მცდელობად დარჩებოდა. ამ ეტაპზე უთუოდ მისგანვე მომდინარეობდა მოთხოვნა სახელმწიფო ენის სტრატეგიული დოკუმენტის შესაქმნელად, ისევე, როგორც სხვა არაერთი მიმართულებით). ისტორია უკეთ შეაფასებს, მაგრამ უკვე ყველა ხედავს, რომ მისმა ბედმა და ხასიათმა აშკარად იხსნა ქვეყანა მიმდინარე მძიმე განსაცდელისაგან. 
სახელმწიფო ენის კანონისა და შესაბამისი საზედამხედველო სტრუქტურის შემუშავებაში მართლაც სული და გული ჩააქსოვა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის იმჟამინდელი კომიტეტის არსებითად მთელმა შემადგენლობამ.
საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტში საკანონმდებლო წინადადება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სპეციალური კომისიის მიერ იყო ინიცირებული, ამ პროქტზე მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელოვანი მეცნიერები: თამაზ გამყრელიძე, მზექალა შანიძე, გუჩა კვარაცხელია, ჯონი ხეცურიანი... აქტიური განხილვები მიმდინარეობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასულიერო აკადემიაში... ნამდვილად არ იმსახურებს ეს ხალხი ამ სისხლხორცეული საქმის გაუფასურებას.
მთელი ამ დროის განმავლობაში და დღესაც განსაკუთრებული გულისტკივილის საგანია სახელმწიფო ენის ბედი ჩვენი ქვეყნის ფართო საზოგადოებისათვის, პროფესორ-მასწავლებლებისათვის, სკოლის პედაგოგებისათვის, სტუდენტებისათვის... თვით რიგითი ადამიანებიც კი სრულიად მართებულად უკავშირებენ თავიანთი ქვეყნის ბედს სახელმწიფო ენის ავ-კარგს... ნამდვილად არ იმსახურებს ამ ხალხის გულისთქმა უგულისყურო დამოკიდებულებას.
მე კი ამჯერად ილია მართლის ცნობილი გამაფრთხილებელი სიტყვებით დავამთავრებ თქვენთან საუბარს: „ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“.

ირანდა კალანდაძე

,,საერთო გაზეთი''