ადოლფის ავი სიზმრები

ადოლფის ავი სიზმრები

(პოლიტიკური ნოველა)

ადოლფი შეშფოთებული ჩანდა, იდაყვებით ვეებერთელა შავ მაგიდას დაყრდნობოდა და მარცხენა ხელის ნეკა თითი ცხვირში შეეყო, რას ეძებდა, არავინ იცის.

კარზე ფრთხილად დააკაკუნეს.

- ვინ ოხერია? - წამოიჭალყვა ადოლფი.

- იოზეფი ვარ, ჩემო ფიურერო, - გაისმა ხრინწიანი კნავილი, გეგონება კატა შემოაწყვიტესო მაღალი ძაბვის ბოძზე.

- იოსებ, უკვე მოხვედი, შე შეჩვენებულო?! - შეძვრა მაგიდის ქვეშ ადოლფი.

- არა, ჩემო ფიურერო, იოსები კი არა, იოზეფი ვარ, გებელსი, სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხმინისტრი, - ისევ გაისმა ხრინწიანი ხმა კარის ჭუჭრუტანაში.

- ხოხ... შემოი, რას დაყუდებულხარ კართან, შე გათახსირებულო, მეგონა იოსებ ჯუღაშვილი მოვიდა! - გამოძვრა ხვნეშით მაგიდის ქვემოდან ადოლფი.

- ხოხ, რამდენჯერ უნდა შეგეშალო იოსებში, ჩემო ფიურერო? - თქვა მორიდებით იოზეფმა და მორყეულ სკამზე ჩამოჯდა.

- ყოველღამ მელანდება ჯუღაშვილი, ასე მგონია, ყველგან დაძრწის, ბუნკერშიც კი არ მასვენებს. ძალიან ცუდი წინათგრძნობები მაწუხებს, იოზეფ, ძალიან ცუდი! - დაარტყა მუშტი ადოლფმა მაგიდაზე, ისევ გაიღვიძა მასში დიქტატორმა.

- ეგ არ არის წინათგრძნობა, ეგ მხოლოდ აღქმაა, ნუ დარდობ, დამიჯერე, მე ჯერ ისევ პროპაგანდის რაიხმინისტრი ვარ.

- რომ დაგიჯერე, ამიტომ ვზივარ ბუნკერში, შე ჩათლახო! - შეხტა და შემოტრიალდა ჰაერშივე ფიურერი.

- ჩათლახი? ეს სიტყვა სადღაც მსმენია, ბუნდოვნად მახსოვს.

- მაგ სიტყვას ჯუღაშვილის სამშობლოში ხმარობენ ძალიან ეფექტურად!

- ხოხ, გამახსენდა, ლავრენტი პავლოვიჩმა მომწერა 1942-ში, შენც დიდი ჩათლახი ყოფილხარო.

- ხედავ? მაგას ჯერ კიდევ სამი წლის წინათ უგრძვნია, რა ჩათლახიც იყავი!

- ნუ ლაპარაკობ ეგრე, ჩემო ფიურერო, მაინც ვერ დამაკომპლექსებ, ჩვენ ამ ომს მოვიგებთ, ფაქტობრივად უკვე მოგებულია, კრემლსაც ავიღებთ და მორჩა, სტალინ კაპუტ!

- შენ მეუბნებოდი, მომეცი საინფორმაციო საშუალებები, რადიო, გაზეთები და მთელ სამყაროს ღორების კოლტად გადავაქცევო, სად არის ეს ღორების კოლტი, იოზეფ, სად?!

- დააკვირდი სამყაროს კარგად, ჩემო ფიურერო, განა ის არ არის ღორების კოლტი? - ჩაიცინა ცალყბად გებელსმა.

- ხან ისე სტყუი, კბილებით მინდა შენი დაგლეჯვა, მაგრამ მერე ისეთ ჭეშმარიტებას წამოიღაღადებ ხოლმე, გაოგნებული ვრჩები... მართლაც, ბოლო დროს ხშირად ვაკვირდები სამყაროს და იგი ძალიან ჰგავს საღორეს! - ამოიბღავლა ადოლფმა.

წუთით დუმილი ჩამოწვა. ფიურერმა ლეღვის ჩირივით შემჭკნარი თავი ჩაჰქინდრა, მისმა ტვინმა წარსულში დაიწყო ტივტივი. რა უნდოდა, აუტკივარი თავი რაზე აიტკივა? ევლო სამხატვრო სტუდიაში, ეწანწალა ქუჩა-ქუჩა და ეხატა პეიზაჟები. არა, ძალიან მაგარია განუზომელი ძალაუფლება, საკაიფოა, როცა მთელი მსოფლიო შენს ფერხთითაა გართხმული, მაგრამ ერთ დღესაც ჩამოგიჯდება სასთუმალთან უფრო ძლიერი ფიურერი, მიქელ-გაბრიელი და გეტყვის, დასრულდა, ძმაო, შენი უფლებამოსილება, წავედითო. არ უნდა ადოლფს დედამიწიდან წასვლა, ჯერ კიდევ უამრავი საქმე დარჩა გასაკეთებელი, ყველაფერს რომ თავი დაანებოს, კაცობრიობაა უმაღლეს რასად გარდასაქმნელი.

- კონკრეტულად რაზედ გამომიძახე, ჩემო ფიურერო? - შეჰკადრა ლოდინით შეღონებულმა იოზეფმა ადოლფს.

- ძალიან მაზალო სიზმარი ვნახე წუხელ, - ჩაიდუდღუნა ადოლფმა.

- მითხარი, თუ არ მოგწონს, წყალს გავატანოთ.

- 21-ე საუკუნე ვნახე... არც კი ვიცი, როგორ უნდა მოგიყვე, მე ყველა სიზმარი გაზვიადებული მგონია.

- კვამლი უცეცხლოდ მაინც არ ჩნდება, ჩემო ფიურერო.

- უძლეველი გერმანიის კანცლერად ქალი ვიხილე, იოზეფ, თან ყოფილი კომკავშირელი!

- ო, არა, ეს დაუჯერებელია! - ამოიღნავლა გებელსმა.

- მეც მაგას ვჩივი... ამიტომაც მიმაჩნია, რომ პრობლემა ჩემშია, - აქვითინდა ადოლფი და თავში მუშტები წაიშინა.

- არ გინდა, ასე ნუ განიცდი, საკითხს მედიკოსებთან ერთად შევისწავლით და შემდეგ ვიმსჯელოთ.

- გერმანია რომ ორად იყო გაყოფილი, ეგ ადრე გითხარი, ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ბოლო დროს სულ გაერთიანებულს ვხედავ. ერთი უცნაურობა დამჩემდა კიდევ, რუსები უკრაინელებს ეჩხუბებიან, ქალაქებს ბომბავენ, მოსახლეობა პოლონეთის მხარეს გარბის. ეს სიზმარი კი არა, ყ...ეობაა, იოზეფ, ყ...ეობა! - ატირდა ისევ ადოლფი.

- გეთანხმები, მართლად ძალიან დიდი ყ...ეობაა! - წამოსცდა იოზეფს და ეგრევე იკბინა ენაზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

- მაშინ მე ვინ გამოვდივარ?! - გაეყინა მწუხარება სახეზე ფიურერს.

- შენ ხარ... აი, როგორც ინგა გრიგოლია იტყვის 21-ეს საუკუნის გარიჟრაჟზე, უძალიანმაგრესი ადამიანი! - შეაპარა გებელსმა.

- არა, თუ ეს სიზმარი ყ..ეობაა, მე რანაირად გამოვდივარ უძალიან... უძძძ... როგორ წარმოთქვი წეღან?

- უუუუუძალიანმაგრესი!

- და ეს გრიგოლია ვინ არის?

- ეგა და ნოდარა მელაძე ჩემი მომავალი მოწაფეები არიან, ოცდამეერთე საუკუნის სიზმრებს მარტო შენ კი არა, მეც ვხედავ, ზოგჯერ ცოტა იქითაც გადავდივარ.

- სად იქით?

- ოცდამეორე საუკუნეში... არ გეწყინოს, ჩემო ფიურერო, მე მხოლოდ პროპაგანდა მაინტერესებს, - შეაპარა ისევ იოზეფმა.

- შენი საქმისა შენ იცი... იცი, კიდევ რა ვნახე სიზმარში? რუსეთი ბომბავდა უკრაინას!

- რა?! - შეხტა იოზეფი.

- რუსეთმა ლამის მიწასთან გაასწორა უკრაინა, წარმოგიდგენია? საბჭოთა კავშირი დაიშალა, მის ადგილზე თექვსმეტი სახელმწიფო გაჩნდა!

- ეგ მართლაც წარმოუდგენელია, ჩემი ღრმა რწმენით, აქ საქმე შეიძლება ილუზორულ კორელაციასთანაც გვქონდეს.

- ეგ რაღა დოზანაა?!

- ეს არის სამყაროს ზედმეტად მოჩვენებითი, ანუ გადამეტებითი აღქმა. ამ დროს ადამიანი ცდილობს, დაადგინოს ის, რაც საერთოდ არ არსებობს. მაპატიე, ჩემო ფიურერო, ცოტა უხეშად გამომივიდა.

- ატრაკებ, იოზეფ! - წამოხტა ადოლფი.

- შეიძლება ვატრაკებ, მაგრამ სიმართლეს ვლპარაკობ, დიდ ადამიანებს რატომღაც არ გიყვართ პირში სიმართლის თქმა, თქვენ მოგწონთ, როცა გაქებენ. მაპატიე ასეთი პირდაპირობა.

ადოლფი ჩაფიქრდა, იოზეფი თითქოს სიმართლეს ღაღადებდა, მაგრამ ამას ვერ აღიარებდა, მერე მთელ დუნიას მოსდებს, ფიურერმა ჩემი კრიტიკა დუმილით მიიღოვო. ეჰ, რამდენჯერ ურჩიეს, ეს ჩათლახი კაცი თავიდან მოიშორე, დახვრიტე, დაგღუპავსო, მაგრამ ვერ მოიშორა, ვერ შეძლო მისი შორსმჭვრეტელური აზრების გამო.

ტელეფონმა დაიწკარუნა. ადოლფმა ხელი ყურმილისკენ წაიღო, თან იოზეფს შეხედა, თავი აუქნია, რაც იმას ნიშნავდა - დამტოვეო. რაიხმინისტრმა წელი ძლივს აითრია, გასვლა ეზარებოდა, თან აინტერესებდა, ფიურერს ვინ ურეკავდა. ყურმილში მდივნის სასიამოვნო ხმა გაისმა:

- ჰაილ, ჰიტლერ!

- ჰაილ, - ჩაიხვიხვინა ჰიტლერმა.

- ჩემო ფიურერო, ფრაუ ევას უნდა თქვენთან გასაუბრება.

- გამესაუბროს, მეტი რა საქმე აქვს?! - გამოსცრა კბილებში ადოლფმა.

- ადოლფ, დეგვენძრა! - აკვნესდა ფრაუ ბრაუნი.

- რა იყო, ისევ დეგეწვა კარტოფილი?!

- არა, ჩემო სუყველაყავ, ომს ვაგებთ!

- გადიიიი!

- არ გჯერა, ხომ?!

- იოზეფ, გადი აქედან, შე გათახსირებულო! - დაუყვირა ადოლფმა რაიხმინისტრს და პანჩური ამოსცხო, - ჰო, ევა, რას ამბობდი?

- ომს ვაგებთ, არ გჯერა?!

- რაზე ეყრდნობი, როცა მაგას აცხადებ?!

- ამ წუთას ბერლინის თავზე საბჭოთა ბომბდამშენმა გადაიფრინა!

- შხამი იშოვე?

- დიახ, ვიშოვე.

- ცოტა ხანში შემომიარე, ერთად დავიძინებთ.

- კარგი, ჩემო ფიურერო, დიდი სიამოვნებით, შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც კი წამოვალ.

ადოლფმა თავი ჩაჰკიდა, ჯერ აქვითინდა, შემდეგ კი აღნავლდა.

გელა ზედელაშვილი